Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ბრძოლების მიუხედავად, ამერიკა და დიდი ბრიტანეთი განაგრძობენ საქართველოს დახმარებას


ერაყში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის გამო, ნატოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილი რამდენიმე სამხედრო ღონისძიება გადაიდო. იმავდროულად, ზოგიერთ საინფორმაციო

საშუალებაში გაჩნდა ცნობა, რომ საომარი მოქმედებებით გამოწვეული დანახარჯები აიძულებდა მოკავშირეებს, პირველ ხანებში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებშიც შეემცირებინათ პირდაპირი სამხედრო დახმარება. მაგრამ ხმები თანამშრომლობაში მოსალოდნელი ვაკუუმის შესახებ უსაფუძვლო აღმოჩნდა. მეტიც, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით, საქართველოში სამხედრო ხაზით რამდენიმე მიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა.

სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი 10 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარების ათვისებას დაიწყებს. საქართველოს სასაზღვრო უწყების ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკის მხარესთან ერთად უკვე განსაზღვრულია პრიორიტეტები, რომელთა მიხედვითაც ამ თანხის ათვისება მოხდება.

როგორც ირკვევა, პირველი რიგის ამოცანას ქართველ მესაზღვრეთა დამატებითი კონტინგენტის აღჭურვა, სხვადასხვა საგუშაგოების გაძლიერება და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის გაფართოება წარმოადგენს. ამასთან, აღნიშნული თანხის ათვისება მოხდება პროგრამულად და მის განკარგვას მთლიანად ამერიკული მხარე გააკონტროლებს.

სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკული მხარის დახმარების ფარგლებში იგეგმება დამატებითი სასაზღვრო კომენდატურის მოწყობა ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვრის მონაკვეთზე, დღის წესრიგში დგას რამდენიმე საველე აეროდრომის მშენებლობა.

ქართველი მესაზღვრეების გარდა, ამერიკის მხარე საქართველოს შეიარაღებულ ძალებსაც აქტიურად ეხმარება. წელს პენტაგონის დახმარება, ძირითადად, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით ქართული ბატალიონების მომზადებაზე იქნება კონცენტრირებული. არ გამართლდა იმ სკეპტიკოსთა ვარაუდი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ერაყში მიმდინარე ოპერაციების გამო, ამერიკა უარს იტყოდა პროგრამის გაგრძელებაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, ცვლილებები არც გეგმით გათვალისწინებულ სხვა ქართულ-ამერიკულ ერთობლივ ღოსნისძიებას ემუქრება. ერთადერთი სწავლება, რაც ერაყში მიმდინარე ომის გამო გადაიდო, "მედქერის" სახელით ცნობილი საველე-სამედიცინი წვრთნაა, რომელიც მაისის შუა რიცხვებში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე უნდა ჩატარებულიყო.

ვადების შეცვლა არც ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში დიდი ბრიტანეთთან დაგეგმილ ღონისძიებას ელოდება. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი, ძირითადად, საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს საქართველოში - ინგლისელი ინსტრუქტორები, მესამე წელია, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საკუთარი მეთოდოლოგიით ამზადებენ ოცმეთაურთა პილოტურ კურსებს, რომელსაც ბრიტანეთის სამხედრო-სამეფო აკადემიის პირველი ქართველი კურსდამთავრებული, მაიორი ლაშა გრიგოლია ხელმძღვანელობს. რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში ლაშა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ინგლისელმა ინსტრუქტორებმა, რომლებიც წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიან საქართველოში, მორიგი საკვალიფიკაციო სამკვირიანი კურსები სამი უწყების - თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საზღვრის დაცის დეპარტამენტის - 43 ოფიცრისთვის 2 აპრილს დაამთავრეს.

[ლაშა გრიგოლიას ხმა] "ამ სამი წლის განმავლობაში ხუთჯერ იყვნენ ჩამოსული უშუალოდ ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებმაც რამდენჯერმე ჩაატარეს კურსის მსმენელებთან გარკვეული მომზადებები - ბრძოლა ქალაქში, ბრძოლა დასახლებულ პუნქტებში, პატრულირება, ჩასაფრება, უშუალოდ შეტევისა და თავდაცვის ოპერაციები."

ეს სწორედ ტაქტიკის ის ელემენტებია, რომელთა გამოყენებაც ერაყში მიმდინარე ბრძოლების დროს ხშირად უხდება მოკავშირეთა სპეცდანიშნულების ძალებს და რომელიც სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადებაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG