Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში საქართველოს პრესამ არაერთი პრობლემური საკითხი გააშუქა. მათ შორის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასულ კვირაში საქართველოს პრესამ არაერთი პრობლემური საკითხი გააშუქა. მათ შორის, ერთ-ერთი დაუკავშირდა კითხვას, თუ რამდენად რეალურია სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის თანამდებობიდან წასვლა.

2 აპრილის გაზეთი "ახალი თაობა" წერს:

"რადგან ჯორბენაძე ჩვენი საცოდავი ბიუჯეტის ყველაზე დიდი ჭირისუფალია, ის ყველაზე შავ დღეში იქნება. დასრულდა პირველი კვარტალი და გავიგეთ, რომ ბიუჯეტში გარღვევამ კარგა ხანია ას მილიონ ლარს გადააჭარბა. უკვე ღიად ლაპარაკობენ სეკვესტრის შესახებ, რომელიც, როგორც ამბობენ, ლეგენდარული უნდა იყოს. თავის დროზე ვახტანგ რჩეულიშვილი ავთანდილ ჯორბენაძის ეკონომიკურ ალღოს საქვეყნოდ აქებდა. ერთი კვირის წინ კი სერიოზულად შეიცვალა აზრი. მან მთავრობის სხდომაზე ღიად უთხრა ჯორბენაძეს: ავთო, ძმაო, ან ცოტათი გააქტიურდი, ანდა აპრილში პარლამენტი დიდ ამბებს გეგმავს და, შესაძლოა, გადაგაყენონო".


3 აპრილის "ახალ თაობაში" კი ვკითხულობთ:


"მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრს საუბრობენ სახელმწიფო მინისტრის იმპიჩმენტზე და ამბობენ, რომ ჯორბენაძეს ბუჯეტის ჩავარდნას გადააყოლებენ, გუშინდელ მთავრობის სხდომაზე არც ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე უსაუბრიათ და არც ჯორბენაძის გვარი უხსენებია ვინმეს. კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ ჯორბენაძის სავარძელი საგრძნობლად შეირყა. ამას სახელმწიფო მინისტრიც კარგად ხვდება და იგი თავისი ნებით აპირებს გადადგომასო. იმასაც ამბობენ, ამ ადგილს ვახტანგ რჩეულიშვილი უმიზნებსო. გუშინდელ მთავრობის სხდომაზე კი რჩეულიშვილს თავი სახელმწიფო მინისტრი ეგონა და მანამდე არ გაჩუმდა, სანამ შევარდნაძემ შენიშვნა არ მისცა, ყველამ თავისი ადგილი იცოდესო".


3 აპრილის "მთავარი გაზეთის" თქმით, "მომავალ კვირაში პარლამენტმა უნდა განიხილოს ანგარიში 2002 წლის ბიუჯეტის შესახებ, რომელიც 117 ლარითაა გარღვეული."
გაზეთი წერს:


"ასევე გაურკვეველია ამა წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების საკითხიც. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, კვარტლის ბიუჯეტს მხოლოდ 4,7 მილიონი ლარის პრობლემა აქვს, თუმცა სხვა მონაცემები აქვს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს, - გარღვევა ორმოცი მილიონია. ასეთი წლიური ანგარიშითა და კვარტლის ბიუჯეტით შეიარაღებულ პარლამენტში, ცხადია, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სახელმწიფო მინისტრს საშინელი "განკითხვის დღე" ელით".


გასული კვირის პრესა ვრცლად გამოეხმაურა პრობლემას, რომლის შესახებაც 3 აპრილის გაზეთი "რეზონანსი" წერს, რომ "იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ გუშინდელ მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში მოქმედი იმუნიტეტის სისტემის ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე კანონპროექტის პაკეტი წარმოადგინა. პროექტის თანახმად, იმუნიტეტი ეხსნება პროკურორებსა და გამომძიებლებს. დეპუტატებს კი იმუნიტეტი ეზღუდება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში".
გაზეთში ნათქვამია:


"ედუარდ შევარდნაძე მზადაა, როგორც პრეზიდენტმა, მოიხსნას იმუნიტეტი. იგი სამწუხაროს უწოდებს იმას, რომ მსგავსი მოძრაობა პარლამენტში გარკვეულმა ძალებმა ჩაშალეს, ვინაიდან დეპუტატები შიშობენ, რომ იმუნიტეტის მოხსნის შემთხვევაში დეპუტატებზე ნადირობა დაიწყება".
პრეზიდენტმა თქვა: "ასე ამბობენ, შევარდნაძე რომ წავა, მერე სასამართლოში არბენინებენო. მე მინდა, რომ ეს საკითხი დღესვე დადგეს დღის წესრიგში. პატიოსან ადამიანს იმუნიტეტი არ სჭირდება".
ედუარდ შევარდნაძემ იქვე დასძინა, რომ თავისი ფეხით ციხეში ვერ წავა, თუმცა მზადაა, იმუნიტეტის მოხსნა სწორედ მისგან დაიწყოს.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რუსუდან ბერიძე მხარს უჭერს დეპუტატებისთვის იმუნიტეტის შეზღუდვას და აცხადებს, რომ იმუნიტეტით მხოლოდ ხუთმა ინსტიტუტმა უნდა ისარგებლოს, კერძოდ, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა.
რუსუდან ბერიძე მხარს არ უჭერს ომბუდსმენისთვის იმუნიტეტის მოხსნას, რასაც იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. მისი თქმით, ომბუდსმენისთვის იმიუნიტეტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან იგი არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს იცავს".


4 აპრილის "მთავარი გაზეთი" გვამცნობს, რომ ოპოზიცია "ხარაკირის" გაკეთებას არ აპირებს, ანუ "ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხი იმუნიტეტის შეზღუდვის თაობაზე პარლამენტის უკმაყოფილების მიზეზი გახდა".
გაზეთი წერს:


"როგორც მოსალოდნელი იყო, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს საპარლამენტო ოპოზიცია დაუპირისპირდა. ოპოზიციური ფრაქციები პრეზიდენტისა და მთავრობის მონდომებას იმუნიტეტი შეიზღუდოს წინასაარჩევნოდ საშიშ მინიშნებად მიიჩნევენ. ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ არჩევნების მოახლოების გამო ხელისუფლებას მისთვის არასასურველი პოლიტიკური ფიგურებისა და ძალების დისკრედიტაცია სჭირდება. ამასთან, ოპოზიცია იმედოვნებს, რომ მთავრობიდან შემოსული კანონპროექტი კანონი ვერასოდეს გახდება, რადგან მის მისაღებად 157 ხმაა საჭირო. სახელისუფლებო ფრაქციების [ასე ვთქვათ] ""მობილიზების" სულ ცოტა ხნის წინანდელ მაგალითებს თუ გავითვალისწინებთ, იმუნიტეტის შეზღუდვის მომხრეთა რაოდენობა აშკარა უმცირესობა იქნება".


ამავე პრობლემასთან დაკავშირებით, 4 აპრილის გაზეთი "ახალი თაობა" შენიშნავს:


"ქართველი დეპუტატები დღეში სამჯერ თუ არა, ორჯერ მაინც აცხადებდნენ, მოგვაშორეთ ეს იმუნიტეტი, მაინც არაფერში გვჭირდებაო. მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა და ამ თემაზე უკვე მთავრობის სხდომაზე ალაპარაკდნენ, კანონმდებლებმა ენის ქვეშ ვალიდოლი ამოიდეს, რაც სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. იმუნიტეტის მოხსნის შემთხვევაში ბევრი ჩვენებური კანონმდებელი ორთაჭალის ციხეში აღმოჩნდება".


ახლა კი იმ წერილების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის დაძაბულ ურთიერთობებს ეძღვნება. 4-10 აპრილის გაზეთი "ახალი ეპოქა" აღნიშნავს, რომ ერაყში შეერთებული შტატებისთვის მხარდაჭერის გამო საქართველოს დასასჯელად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებას მოითხოვენ. შესაბამისი მიმართვა უკვე მომზადებულია რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სახელზე."
გაზეთი წერს:


"საქართველოს წინააღმდეგ შურისძიება კი უკვე დიდი ხანია დაწყებულია - ორჯერ "კავკასიონის" გადამცემი ხაზის აფეთქებას და გაზმომარაგების მესამედით შემცირებას სხვას ვერაფერს დაარქმევ.
2 აპრილს, გვიან საღამოს, "თბილგაზში" გაზის საერთაშორისო კორპორაციიდან "იტერას" წერილის საფუძველზე შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, თბილისისათვის მიწოდებულ ბუნებრივ აირზე 500 ათასი კუბმეტრის ოდენობის ლიმიტი წესდება. იმის გამო, რომ დღეს თბილისში საჭიროზე სამჯერ ნაკლები მოცულობის ბუნებრივი აირი მოდის, გაჩიანის გაზგამანაწილებელი სადგური აღარ მუშაობს".
"გაზის მოცულობის შემცირებამ შესაბამისად გააუარესა ისედაც გართულებული ელექტრომომარაგება. გუშინ საღამოს თბილისს, საკმარისი 850 მეგავატის ნაცვლად, 300 მეგავატი ჰქონდა. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მესვეურთა განცხადებით, ბუნებრივი აირის შემცირების გამო "თბილსრესის" მესამე ენერგობლოკმა ენერგიის გამომუშავება 120 მეგავატიდან 70-მდე შეამცირა.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები "იტერასთან", რომელსაც, თითქოს, თავად გასჩენია პრობლემები "გაზპრომთან". არადა, "იტერა" "გაზპრომის" შვილობილი კომპანიაა, რომელსაც საქართველოში მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები დაუსახეს - "საკონტროლო პაკეტი" ქართულ ენერგეტიკაზე! რატომ უნდა ჰქონდეს "იტერას" პრობლემები "გაზპრომთან", როდესაც ის პირნათლად ასრულებს დაკისრებულ ამოცანას?!"


4 აპრილის გაზეთ "რეზონანსის" აზრით, ეკონომიკურ ბლოკადასთან ერთად, "მოსალოდნელია, რომ ქართულ-ამერიკული მეგობრობით გაღიზიანებული მოსკოვი საქართველოს "ცხელ წერტილებშიც" დაძაბავს ვითარებას.
გაზეთი წერს, რომ "ქართული პოლიტელიტის წარმომადგენლებს რუსეთის პარლამენტის ნაბიჯები არ აკვირვებთ, თუმცა აცხადებენ, რომ დუმის მიერ თბილისის საწინააღმდეგო საკითხის დაყენება ერთია, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე გადაწყვეტილების მიღება კი - მეორე".
XS
SM
MD
LG