Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრადიციულად, აპრილის დასაწყისში ქართული


ტრადიციულად, აპრილის დასაწყისში ქართული

კულტურა წარსულით იწყებს ცხოვრებას. 9 აპრილი და 14 აპრილი სწორედ ის თარიღებია, რომელიც არა მარტო პოლიტიკოსებს, არამედ ქართული კულტურის მუშაკებსაც (პირველ რიგში, იმათ, ვინც, ეგრეთ წოდებული, "ეროვნული მოძრაობის ეპოქაში" გამოიჩინა თავი), საშუალებას აძლევს ისევ "გამოჩნდეს ხალხში" - თავი გაგვახსენოს გაზეთებში, ტელეეკრანებზე. დღეს ეს ადამიანები, როგორც წესი, მხოლოდ ეროვნულ დღესასწაულებზე ახსენდებათ. ფასეულობები, რომელსაც ეს ხალხი 80-იანი წლების მიწურულს ამკვიდრებდა მაინცდამაინც პოპულარული აღარაა, მათი იდეები ქართულ შოუ-ბიზნესში აღარ იყიდება. არა და კულტურისთვის ის დრო, რაც 1989 წლის 9 აპრილიდან გავიდა, ბევრი არ არის. ასეთ ხანმოკლე დროში კულტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორც წესი, არ ხდება ხოლმე. საქართველოში მოხდა, თუმცა ხმამაღლა ამ ცვლილებების მიზეზის შესახებ არავინ ლაპარაკობს. კვირის დასაწყისში ქართველი კულტუროლოგები, ფსიქოლოგები, ისტორიკოსები, სოციოლოგები "კავკასიურ სახლში" შეიკრიბნენ, რათა "უცხოს" ფენომენზე ემსჯელათ დღევანდელ მსოფლიო კულტურაში. მაგრამ სრულიად შემთხვევით საუბარი წარსულის, უფრო სწორად, უახლესი წარსულის მოგონებაში გადაიზარდა. ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძის თქმით:

[გაგა ნიჟარაძის ხმა] "80-იანი წლების ბოლოს მოხდა კონცენტრაცია ერთ იდეაზე, რომ ქართული არის ერთადერთი და ყოვლისმომცველი და შორს არ ვიყავით იქამდე, რომ იესო ქრისტე ქართველად გამოეცხადებინათ."

შორს არ ვიყავით, მაგრამ ვერ მოვასწარით. 90-იანი წლებიდან ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა - ეროვნული ცნობიერება და, შესაბამისად, ქართული კულტურაც, თვითგვემამ მოიცვა. თუმცა წარსულის გადაფასებას კულტურული პროგრესი არ მოჰყოლია, როგორც, მაგალითად, 60-იანი წლების გერმანიაში. ქართველი ინტელექტუალების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ ხნის განმავლობაში შეიცვალა მხოლოდ კულტურული ფასადი - ცნობიერება კი არ შეცვლილა... "ტომობრივის ტრადიციას" საყრდენი გაუმაგრა საბჭოთა კოლექტივიზმმა, რომელიც ინდივიდუალურს - მათ შორის, ინდივიდუალურს ხელოვნებაში -ყოველთვის ეჭვის თვალით ან, უბრალოდ, მტრულად უყურებდა. გაგა ნიჟარაძის თქმით:

[გაგა ნიჟარაძის ხმა] "საქართველოს საზოგადოება არის ძალიან ერთგვაროვანი, ანუ ძალიან არ გვიყვარს სხვები - "უცხო" - "შერეკილი", რაც უფრო კლინიკური განსაზღვრებაა, "არანორმალური"... "პირველად სერგი დანელიამ შენიშნა, რომ ქართველი მთავრდება იქ, სადაც მთავრდება "ჩემიანი" - ე.ი. ჩემი გვარი, ტომი, ნაცნობობა და ა.შ."

უცნაურია, მაგრამ ეს აზრი დაიბადა სწორედ იმ კულტურის შიგნით, რომლის წარმომადგენლები წლების განმავლობაში ამაყობდნენ მეჩეთის, სინაგოგისა და ქრისტიანული ტაძრის ერთ ვიწრო სივრცეში თავმოყრით. რა არის ეს? ქართველი ლიბერალების რეაქცია დღევანდელი ეროვნული კულტურის კრიზისზე თუ კულტუროლოგების უმრავლესობისთვის დამახასიათებელი განზოგადების ვნება, რომელიც, როგორც წესი, უფრო ვიწროა, ვიდრე რეალობა და თავადაა გაჟღენთილი ცრურწმენით? კულტუროლოგისა და თეოლოგის ნოდარ ლადარიას აზრით, ჩვენი კულტურის ისტორია ადამიანთა გარკვეული ჯგუფების მიერ შექმნილ მითებზეა აგებული. ამიტომ ეროვნული კულტურის პროცესების მეცნიერული, ობიექტური კვლევა - უბრალო ილუზიაა:

[ნოდარ ლადარიას ხმა] "როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მე-5 თუ მე-7 საუკუნის ქართულ კულტურაზე, ჩვენ გვაქვს ის ნაწილი, რომელიც მოხვდა ინფორმაციის ისეთ მატარებელზე, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს რამდენიმე ადამიანთან, რომელთათვისაც იყვნენ რელევანტურნი ის ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს - აბო ან რაჟდენი და, შესაბამისად, ეს რელევანტურობა გამოისახა ისე, რომ შეიქმნა წმინდანის ცხოვრება... ამიტომ საკითხის დაყენება იმაზე, ღია იყო თუ არა ქართული კულტურა, უაზრობაა."

მაგრამ იმაზე მაინც შეიძლება მსჯელობა, რაც რეალურად გადავიტანეთ, რაც კარგად ახსოვს საზოგადოებას, რაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფირზეა აღეჭდილი? სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას აზრით, 14 აპრილი, განსაკუთრებით კი, 1989 წლის 9 აპრილი, გარკვეული სტრესი იყო მთელი ქართული საზოგადოებისთვის - სტრესი, რომელმაც დაანგრია ყველაზე ძლევამოსილი მითი - "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ". ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ უძველესი ქართული კულტურა ხელახლა დაადგა თვითიდენტიფიკაციის რთულ, მტკივნეულ გზას. ემზარ ჯგერენაიას თქმით, ეს პროცესი მხოლოდ ახლახან დაიწყო:

[ემზარ ჯგერენაიას ხმა] "ახლა ქართველები ვიხსენებთ საკუთარ თავს, ეს ათი წელი არის თვითგახსენების და მოგონების პერიოდი...3000 წლოვანი ერი ახლა ათი წლის ბავშვივით იხსენებს, რა იყო და ვინ იყო."

ქართველი კულტუროლოგების ერთი ნაწილი მაინც დარწმუნებულია, რომ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. კულტურა მხოლოდ ხელოვნებას ან განათლებას ხომ არ გულისხმობს. პროფესორ ზურაბ კიკნაძის აზრით, სისტემის შეცვლამ მნიშვნელოვნად იმოქმედა საზოგადოების ცნობიერებაზე - ქვეყანა გაიხსნა, ადამიანებს თავისუფალი გადაადგილების საშუალება მისცეს, საინფორმაციო ვაკუუმი თითქმის სრულიად დაძლეულია - ყველაფერი ეს კი დიდი ნაბიჯია პროგრესისკენ, ნაბიჯი ეროვნული კულტურის "ღიაობის" მისაღწევად. ზურაბ კიკნაძის თქმით:

[ზურაბ კიკნაძე] "ეროვნული მოძრაობის დროს საერთოდ წარმოუდგენელი იყო რამის მიღება - იქ "მასონობის" იდეა წამოვიდა წინ, რომ იყვნენ "მუსულმანი მესხები" - ისინი გახდნენ "თურქი მესხები"... თუმცა მაშინ ღიაობა და გახსნილობა მეტი უნდა ყოფილიყო. დღეს ჩვენს საზოგადოებას აქვს მიდრეკილება ღიაობისკენ, ეს "უცხო" აღარაა გაკიცხული... "საუცხოო უკვე კარგს ნიშნავს".

8 აპრილს "კავკასიურ სახლში" გამართულ "მრგვალ მაგიდას" დაემთხვა ამ დღეებში თბილისში განხორციელებული უაღრესად საინტერესო "კულტურული პროექტი", რომელიც ქართველ ლიბერალთა დისკუსიის თავისებურ ილუსტრაციად შეიძლება მივიჩნიოთ: საქართველოს ეროვნულ გალერეაში მოეწყო მხატვრის, სცენოგრაფის - მამია მალაზონიას დიდი პერსონალური გამოფენა, რომელსაც ავტორმა "კლასიკური ლიტერატურის დიდი ალბომი" დაარქვა. და დაარქვა არა დღეს, გამოფენის მოწყობის წინ. "კლასიკური ლიტერატურის ალბომზე", რომელშიც ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებია დასურათებული, ნოდარ მალაზონიამ 1975 წელს დაიწყო მუშაობა. მანამდე გალერეა "ტმს"-ში "იესოს ცხოვრების ალბომი წარმოადგინა", ახლა კი დიდი ლიტერატურა და ისევ, "დიდი ალბომის"სახით... ანუ აირჩია ჟანრი, რომელიც მაყურებელს აქტიურად ჩართავს შემოქმედების პროცესში: ალბომის "დათვალიერება" ხომ მაყურებლის თანაარსებობაა მხატვართან, ლიტერატურული ნაწარმოების ილუსტრაცია კი -მხატვრის შემოქმედებითი თანაარსებობა მწერალთან, ამ შემთხვევაში - იაკობ ხუცესთან, რუსთაველთან, გალაკტიონთან, ბოკაჩოსთან, ნაბოკოვთან. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, მალაზონიას თეატრალური ესკიზები - მარჯანიშვილის, ოპერის თეატრში დადგმული სპექტაკლების ესკიზები, ე.ი. სახვითი ხელოვნების ის ჟანრი, რომელსაც "დეკორატიული" ჰქვია და "გაფორმებას", "ინტერპრეტაციას" გულისხმობს. ამ მშვენიერი გამოფენის დათვალიერებისას პირადად მე "კავკასიურ სახლში" წარმოთქმული, კულტუროლოგ ნოდარ ლადარიას სიტყვა გამახსენდა: დიახ, ქართველებს უყვართ ინტერპრეტაცია, უყვართ გარკვეული მითების დამკვიდრება, რაც, შესაძლებელია, აფერხებს ლიტერატურისა და ხელოვნების შემსწავლელი მეცნიერებების განვითარებას. სამაგიეროდ, გამოჰყავს ხელოვნება "კულტურული ჭაობისგან", რადგანაც თავისუფალი ინტერპრეტატორი - თუ გნებავთ, "მითის დამამკვიდრებელი", შემქმნელი - "დახავსებულ მითებსაც" მოუღებს ხოლმე ბოლოს და შემოქმედებითი აზრის გავრცელებას უწყობს ხელს. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია მამია მალაზონიას ილუსტრაციები "ვეფხისტყაოსნისთვის", ახლებურად დანახული რუსთაველის სამყარო, რომელიც იმის მანიშნებელია, რომ დღევანდელი ქართული კულტურა სიახლესაც ადვილად ითვისებს.

სხვათა შორის, "ვეფხისტყაოსანს" ხშირად იხსენებდნენ "კავკასიურ სახლში" გამართულ "მრგვალ მაგიდაზეც". 1989 წელს, როცა ეროვნული მოძრაობის ზოგიერთმა ლიდერმა წმინდა ნინოსაც კი შეუცვალა ნაციონალობა და "ქართველი" გახადა, ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებაში" გამოქვეყნდა იოსებ ზეთეიშვილის წერილი "აბოს წამება და იოანე საბანისძის ღვაწლი". ქართველი კრიტიკოსი თითქოს ეროვნული მოძრაობის ზოგიერთ ლიდერს მიმართავდა, როცა წერდა: "ვეფხისტყაოსანი ხომ, მარტივი სახით, არის სასოწარკვეთილი და დაღუპვის პირამდე მისული ტარიელის ამბავი, რომლის საშველად მოდის იდეალური, ღვთაებრივი უცხოელი - ავთანდილიო". იქ, "კავკასიურ სახლში", ზურაბ კიკნაძემ გაგვახსენა, რომ "უცხო" ქართველისთვის "საუცხოოსაც" ნიშნავს, იმ ქართველისთვის, რომელიც დღეს 9 აპრილის ღამეს იხსენებს, ქართული ენის დღეს აღნიშნავს და, ამავე დროს, "საუცხოო უცხოელის" იმედით ცხოვრობს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG