Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიტანს თუ არა კორექტივებს ერაყის ომის დასრულება კასპიის ენერგორესურსების ათვისებაში


ჰუსეინის რეჟიმისაგან ერაყის გათავისუფლების შემდეგ სავარაუდოა, რომ შეზღუდვებისგან გათავისუფლდება ერაყის ნავთობის ექსპორტიც. ეს კი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირებას გამოიწვევს.

შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იმ პროექტების განხორციელების მიზანშეწონილობა, რომელთა ეკონომიკა ნავთობის ძველ ტარიფზე იყო გაანგარიშებული. მათ შორისაა საქართველოზე გამავალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და, განსაკუთრებით კი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტები.

ერაყის ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე „ბრიტიშ პეტროლიუმის" ვიცე- პრეზიდენტმა და „ბი-ტი-სის" მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ თაუნსენდმა განაცხადა, რომ საქართველოში ენერგეტიკული დერეფნის მშენებლობას ვერაფერი შეაფერხებს. თაუნსენდის ოპტიმიზმი არ გამართლდა და, მიუხედავად უკვე დახარჯული კაპიტალისა თუ დასახარჯი ინვესტიციების მოცულობისა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისთვის საძირკვლის ჩაყრა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამ საპატიო მისიის შესასრულებლად მარტის ბოლოს აზერბაიჯანს უნდა სწვეოდნენ საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტები. სავარაუდოა, რომ ეს საზეიმო ცერემონია უახლოეს ხანებში მაინც შედგება, თუმცა, პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის აზრით:

[კლიმიაშვილის ხმა] „მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება რაღაც პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ ძალიან დიდ ინვესტიციებს მოითხოვდა და ერაყიდან გამოვა ძალიან დიდი ნავთობი. ასე რომ, სულ უარს არ იტყვიან, მაგრამ შეიძლება გადაიწიოს კარგა ხნით."

თუ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს, რადგან ჯერჯერობით ერაყის ნავთობის სრულმასშტაბიან ათვისებაზე ლაპარაკი ნაადრევია, სერიოზულ ეჭვს ბადებს ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტის ბედი. ამ ეჭვს კიდევ უფრო აღრმავებს ის ფაქტი, რომ 14 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში მოულოდნელად შეეხო გაზსადენის პროექტის თემას.

[შევარდნაძის ხმა] „და რაც შეეხება ბუნებრივ აირს, დიდი გაზსადენის პროექტი რეალობაა და, ჩვენი გაანგარიშებით, - მათ შორის, კომპანიების გაანგარიშებით, -2-3 წლის შემდეგ საქართველოს ექნება საწვავის მიღების სერიოზული, ძალიან სერიოზული წყარო."

საქმე ისაა, რომ ბუნებრივი აირის საბოლოო მიმღები თურქეთი აცხადებს, რომ მას ჯერჯერობით არ შეუძლია აითვისოს იმ მოცულობის ბუნებრივი აირი, რასაც ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენიდან მიიღებს. ჯერ კიდევ ერაყის ომამდე ამ პროექტის განხორციელებაში კითხვის ნიშნები რუსეთ-თურქეთის დამაკავშირებელი გაზსადენის ამოქმედებამ გააჩინა. ერაყის ომმა კი პოლიტიკური რეალობებიც შეცვალა. სწორედ პოლიტიკაზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული როგორც ნავთობსადენის, ასევე გაზსადენის პროექტების ხორცშესხმა.

საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის ურთიერთობები ცვალებადობას განიცდის. ბაქო სერიოზულადაა გაღიზიანებული იმ ფაქტით, რომ თურქეთმა რობერტ ქოჩარიანს სომხეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ერაყის ომისას შეიცვალა შეერთებული შტატებისა და თურქეთის ურთიერთობაც. ადრე ვაშინგტონი, თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიურ როლს თამაშობდა როგორც ინვესტორების, ასევე კასპიის ენერგორესურსების ამთვისებელი ქვეყნების დარწმუნებაში. ერაყის ომმა ეს ძველი რეალობები სერიოზული კითხვის ქვეშ დააყენა, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი მაინც ვარაუდობს, რომ ერაყის პროცესებში საქართველოს პოზიცია მის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერას გაზრდის და რეგიონში თბილისის როლს მნიშვნელოვნად აამაღლებს.
XS
SM
MD
LG