Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საით მიდის ოპოზიციის გაერთიანების პროცესი


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი პარლამენტარები ყველაფერს აკეთებენ პარლამენტის დისკრედიტაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები პარლამენტის სხდომებზე არ დადიან და არ მუშაობენ,

მაშინ როცა საქართველოს პარლამენტში შექმნილი აბსურდული ვითარება მოსახლეობას უკვე აღარ აოცებს, ამ ვითარების შემქმნელები მომავალ პარლამენტში მოხვედრის მიზნით სხვადასხვა მხარეს ერთიანდებიან. პარასკევს "გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერი ზურაბ ჟვანია მსხვილი ოპოზიციური კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

თუ რა ნიშნით მიმდინარეობს პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო გაერთიანების პროცესი, იოლი შესამჩნევია. ამ პროცესში ძალზედ ძნელია ხელისუფლებისთვის მებრძოლთა საერთო პოლიტიკური პრინციპებისა და იდეოლოგიის გარშემო გაერთიანების შემჩნევა. საპირისპირო ბანაკებში სხვადასხვა იდეოლოგიის და სხვადასხვა მიმართულების ძალები იყრიან თავს და ეჭვი არავის ეპარება, რომ მათ ერთადერთ სასიცოცხლო მიზანს ხელისუფლებაში მოსვლა ან ხელისუფლების შენარჩუნება წარმოადგენს. ერთ მხარეს ბლოკი "ახალი საქართველოა", რომელსაც სათავეში თვით პრეზიდენტი უდგას და რომლის ფორმირების პროცესიც ჯერ არ დასრულებულა, მეორე მხარეს - ჭრელი ოპოზიცია, რომლის ნაწილიც გაერთიანების პროცესს ადგას. სხვებს მაგალითს აძლევენ "გაერთიანებული დემოკრატები" და ნაციონალები, "მოქალაქეთა კავშირის" წიაღში აღმოცენებული ძალები, რომლებსაც გაერთიანებამდე თითქმის აღარაფერი აკლიათ, ამის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთების გარდა. მაგრამ ასეთი განცხადების გაკეთებამდე "გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერი ზურაბ ჟვანია სხვა შინაარსის განცხადებას აკეთებს:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] " ეს არის მომენტი, როცა ჩვენ ყველამ მკაფიოდ უნდა გავაკეთოთ იმის დემონსტრირება, რომ მზად ვართ უარი ვთქვათ საკუთარ ამბიციებზე. თუკი შეიქმნება დიდი ოპოზიციური გაერთიანება, მზად ვარ ამ გაერთიანებაში დავუთმო პირველობა ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ლიდერებს. თუ გაერთიანებაში 5 პარტია იქნება, მზად ვარ ჩავეწერო 5 სხვა ლიდერის შემდეგ. "

დიდი ოპოზიციური კოალიციისთვის პირადი ამბიციების გვერდზე გადადების ინიციატივით ზურაბ ჟვანია პარასკევს გამოვიდა. მისი განცხადებით, "მნიშვნელოვანია ამ კოალიციაში მათთან ერთად იყოს "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტი", "ახალი მემარჯვენეები", "ტრადიციონალისტები" და სხვა ძალები, რომლებთანაც კონსულტაციები მიმდინარეობს.". ამ სხვა ძალებში ჯუმბერ პატიაშვილი და მის უკან მდგომი ძალაც უნდა ვიგულისხმოთ და, მიუხედავად იმისა, რომ პატიაშვილთან კონსულტაციები ტრადიციონალისტებს არ ხიბლავს, ისინი, ალბათ, კომპრომისზე წავლენ. მაია ნადირაძის აზრით, მისი ორგანიზაცია ოპოზიციის გაერთიანებას გაჰყვება.

[მაია ნადირაძის ხმა] " ვფიქრობ, ჩვენც შევუერთდებით. ერთადერთი სურვილი ჩვენი იყო გავერთიანდეთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ იდეოლოგიის, პრინციპების და იდეის გარშემო. პრობლემა იყო ის, რომ მემარცხენე-პროკომუნისტური ძალები არ ყოფილიყვნენ ამ გაერთიანებაში. "

რაც შეეხება "ახალ მემარჯვენეებს", მათ აქვთ სურვილი მაქსიმალურად შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა, მაგრამ არც ოპოზიციურ ბლოკში გაერთიანებას გამორიცხავენ. მიზანი - პარლამენტში კიდევ ერთხელ მოსვლა, როგორც ჩანს, სერიოზულ სიურპრიზებს შემოგვთავაზებს.
XS
SM
MD
LG