Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოაწესრიგებს თუ არა ერთმორწმუნეობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას


კარგად ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის უამრავი კავშირი არსებობს, როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური ხასიათისა. ერთ-ერთი მთავარი კი, რაც საქართველოსა და რუსეთს

შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობას უნდა განაპირობებდეს, ორივე ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის ქრისტიანული მართლმადიდებლური რწმენაა. თუმცა ეს ფაქტორი ჯერჯერობით ამგვარ როლს ვერ ასრულებს. სულიერ ძმებთან დასაახლოებლად პირველი ნაბიჯების გადადგმა ქართველმა მორწმუნეებმა გადაწყვიტეს.

იმ დროს, როდესაც რუსეთის დუმამ საქართველო ლამის მტრულ სახელმწიფოდ გამოაცხადა, ორმა მორწმუნემ, ცოლ-ქმარმა სერგო ბოგდანოვმა და ქეთევან მინაძემ, თბილისიდან მოსკოვში ფეხით ჩასვლა და სერგო ბოგდანოვის მიერ შესრულებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის გადასვენება გადაწყვიტა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევის მიღების შემდეგ, 16 თებერვალს, სერგო ბოგდანოვი და ქეთევან მინაძე რუსეთისკენ მსვლელობას შეუდგნენ. 2000 კილომეტრზე მეტი მანძილის ფეხით გავლის შემდეგ ისინი ახლა მოსკოვის მისადგომებთან იმყოფებიან და მოსკოვში ხატით შესვლას 20 აპრილისთვის გეგმავენ. მე ტელეფონით დავუკავშირდი ქეთევან მინაძეს და იმის ახსნა ვთხოვე, თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი.

[ქეთევან მინაძის ხმა] „თითქმის ყველაფერი, ღმერთმა მიმიტევოს თუ რამეში ვცდები, მაგრამ სერგო როცა ჩაუღრმავდება და ამის შესახებ ლაპარაკობს, რომ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ღმერთმა მომცეს ნება, რომ საქართველოს მშენებარე სამების ტაძარს შევწირო ხატიო. ჩვენი გეგმა ასეთია, რომ ჩვენ შევხვდეთ ალექსეი მეორეს, ვთხოვოთ ლოცვა-კურთხევა, რომ სერგომ დაამზადოს, როგორც თვითონ ჩანაფიქრი აქვს, დიდი ჯვარცმის ხატი. ეს იქნება 5 მეტრის მოცულობის, დაახლოებით, და ჯვარცმის ხატი შემოიწიროს რუსული ეკლესიის, რუსი ხალხის სახელით საქართველოში. დაახლოებით იგივე მოხდეს, რაც ახლა გავაკეთეთ საქართველოდან. მხოლოდ ამის აღმსრულებელი იყოს ისევ სერგო."[სტილი დაცულია]

ორი მორწმუნის ამ მცდელობას, დამაკავშირებელი ხიდის როლი ითამაშოს ერთმორწმუნე ორ ხალხს შორის, ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ისინი პოლიტიკურად გაუმართლებლად მიიჩნევდნენ მოსკოვში ხატის ჩატანას და აცხადებდნენ, ეს რუსეთის წინაშე ქედის მოხრააო.
ჯერჯერობით უცნობია რუსი პოლიტიკოსების აზრი ორი ქართველი მორწმუნის ამ ნაბიჯის შესახებ; ის კი ცნობილია, რომ ხალხი, რომელიც სერგოს და ქეთევანს გზად ხვდებოდა, დიდ სიყვარულსა და სითბოს გამოთქვამდა ქართველი ხალხის მიმართ.

[ქეთევან მინაძის ხმა] „საქართველო პატარაა, რუსეთი დიდია, და ჩვენ არ გვეგონა, რომ რუსეთში ამხელა ტკივილი თუ იქნებოდა საქართველოს მიმართ. ისევე სტკივა საქართველო რუსეთს, როგორც ჩვენ გვტკივა. ჩვენ ამაში დავრწმუნდით ამ 40 დღის განმავლობაში. ყველა ეკლესია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, - და ეს არის 7 ეკლესია საქართველოს ტერიტორიაზე და 40 ეკლესია რუსეთის ტერიტორიაზე, - 40 ეკლესიაში აღესრულება ლოცვა პატრიარქის შესახებ და ქართველი ერისთვის."[სტილი დაცულია]

თუმცა რუსული ეკლესიის ლოცვები მნიშვნელოვნად განაპირობებს მისი მრევლის კეთილგანწყობას ქართველი ხალხის მიმართ, მაინც დიდია იმავე მრევლზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დაპროგრამებული საინფორმაციო მანქანის გავლენა. ქეთევან მინაძეც აღიარებს, რომ რუსული საინფორმაციო მანქანა საქართველოსა და ქართველებისგან მტრის ხატს ქმნის.

[ქეთევან მინაძის ხმა] „დეზინფორმაცია ძალიან დიდი არის აქ, რუსეთში, საქართველოს შესახებ. თუ რამე ფუჭდება, ყველაფერს საქართველოს აბრალებენ. ახლა გამახსენდა, ნევინამინსკში როდესაც მივდიოდით, გზად პატარა სოფელია, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ წყალს წაუღია. როდესაც ვიკითხეთ, რა მოხდა, გვითხრეს, რომ ქართველებმა გამოუშვეს საგუბარიდან სპეციალურად რუსების საწინააღმდეგოდ. აი, ასეთი ტენდენციაა. როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე, ბევრ რაღაცას გადააბრალებენ."

გადაწონის თუ არა ამას, ანუ ხელისუფალთა პოლიტიკურ ინტერესებს, ეკლესიათა ძალისხმევა, უფრო ნათელი მომავალში გახდება. ქეთევან მინაძესა და სერგო ბოგდანოვს კი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის მოსკოვის ქართულ ეკლესიაში დასვენება 20 აპრილს აქვთ გადაწყვეტილი. 1 კვირის შემდეგ კი ხატი რუსეთის ეკლესიას გადაეცემა.
XS
SM
MD
LG