Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზიიდან მომდინარე ახალი ვირუსი ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ შეიძლება იქცეს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ახალი დაავადების, მწვავე რესპირატორული სინდრომის ფართოდ გავრცელების შემთხვევაში ეს ავადმყოფობა ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთ

ყველაზე დიდ საფრთხედ შეიძლება იქცეს მალარიისა და ტუბერკულოზის გვერდით.

დაავადების გავრცელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობ აქვს იმას, თუ რას მოიმოქმედებს ჩინეთი, სადაც გაჩნდა სახიფათო ვირუსი. ჩინეთის ხელისუფლება კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოყვა იმის გამო, რომ იგი არასაკმარის ზომებს იღებს დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ მიმდინარე კვირაში ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა უენ ჟიაბაომ აღიარა, რომ სინდრომთან დაკავშირებით "ჩინეთში მძიმე ვითარებაა".

უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მწვავე რესპირატორული სინდრომით ინფიცირებულთა რიცხვმა 1432-ს მიაღწია. 66 ადამიანი დაიღუპა. მსოფლიოში ამ მაჩვენებლებმა შესაბამისად 3300-ს და 170-ს გადააჭარბა. საჰაერო მგზავრებმა დაავადება 20-მდე ქვეყანაში გაავრცელეს უკანასკნელი 6 კვირის განმავლობაში. ვირუსი აღმოჩნდა დასავლეთ ევროპაშიც.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საკომუნიკაციო განყოფილების თანამშრომელმა დიკ თომპსონმა უთხრა ჩვენს რადიოს, ახალი ვირუსით დაავადებულთა 90 პროცენტი კვლავ რჩება. დარჩენილი 10 პროცენტი საავადმყოფოში ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს. მათგან 6 პროცენტის განკურნება ხერხდება, 4 კი კვდება. დავაადება ჯერჯერობით ძალზე ცუდად არის შესწავლილი.

[თომპსონის ხმა] "ეს ახალი დაავადებაა. ასე რომ, არ ვიცით, როგორ განვითარდება იგი, სად გავრცელდება, აქვს თუ არა სეზონური კომპონენტი. მაგრამ მას აქვს რამდენიმე შემაშფოთებელი ასპექტი. გავრცელების ადგილებში იგი შეიძლება დაემართოს საავადმყოფოების პერსონალს, რაც ძალზე სახიფათო ვითარებას ქმნის. ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ წამალი, რომელიც ეფექტიანად შეასუსტებდა დაავადების სიმწვავეს. ზუსტად არ ვიცით, როგორ გადავარჩინოთ მომაკვდავი ხალხი. ასე რომ, სახეზეა რიგი დამაფიქრებელი კომპონენტი."

დაავადების სიმპტომები გრიპისას ჩამოჰგავს. ესაა მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი და ხველება. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება პნევმონიის მსგავსი ინფექციები, რაც სუნთქვას ართულებს და ხშირად აუცილებელი ხდება ხელოვნური სუნთქვის გამოყენება.

თუ როგორ ხდება ავადმყოფობის გადაცემა, ჯერჯერობით გაურკვეველია. მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, ეს ჰაერის გზით ხდება. გამოკვლევები მოწმობს, რომ საინკუბაციო პერიოდი დაახლოებით 10 დღე გრძელდება.

უცნობია, რატომ არის სიკვდილიანობა მაღალი ჩინეთში და ჰონ კონგში. ჩინეთის ხელისუფლებამ დაავადების პირველი შემთხვევების აღრიცხვიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ, თებერვალში განაცხადა ამის შესახებ. სპეციალისტების აზრით, ჩინეთის ხელისუფლების ქცევა ძალიან ჰგავს საბჭოთა ლიდერთა ქცევას ჩერნობილის კატასტროფის დროს. ლონდონელი მიმომხილველის, სტივენ გრინის თქმით, მიჩუმათების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ მაშინ, ნოემბერში, ჩინეთი კომპარტიის ყრილობით იყო დაკავებული. მისივე აზრით, ერთ-ერთი მიზეზია ჩინეთის ბიუროკრატიული სისტემაც, რომელიც ზემდგომი ორგანოების ჩაურევლად, დაბალ დონეზე გადაწყვეტილების მიღებას ერთობ აფერხებს.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, რამდენად სერიოზულად მოეკიდება ჩინეთის ხელისუფლება ახალი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას. ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე კვირაში ხელისუფლების მხრიდან სერიოზულ წინააღმდეგობებს აწყდებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლები, რომლებიც ჩინეთის საავადმყოფოებში შეღწევას ცდილობდნენ.
XS
SM
MD
LG