Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის დაიპყრობენ ომში გამარჯვებულები ერაყელი ხალხის გულსა და გონებას?


უდავოა, რომ ერაყის ომში გამარჯვებულად აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის არმიები უნდა ჩაითვალონ. მაგრამ, როგორც ჩანს, ერაყელთა დარწმუნება იმაში, რომ ომი მათს გასათავისუფლებლად იყო წარმოებული,

დიდ დროს მოითხოვს. იორდანიიდან ერაყის დედაქალაქში ჩავიდა ჩვენი კორესპონდენტი ზამირა ეშანოვა, რომელმაც ბაღდადიდან თავისი პირველი რეპორტაჟი გამოგვიგზავნა.

39 წლის ბაღდადელმა ვაჭარმა სამიმ ბაღდადი ომის დაწყებისთანავე მიატოვა და იორდანიაში გაიქცა. მან თავისი ოჯახი, ორი შვილი და ცოლი გაარიდა ომს, რომელსაც იორდანიაში ტელევიზიით ადევნებდა თავალყურს. სამის დიდი ოჯახის არაერთი წევრი ბაღდადში დარჩა. როცა ბრძოლა შეწყდა, მან შინ დაბრუნება გადაწყვიტა და ჟურნალისტებთან ერთად, იორდანიის დედაქალაქ ამანიდან ბაღდადში გაეშურა. ის მოუთმენლად ელოდა მომენტს, როცა იხილავდა ახალ, თავისუფალ ერაყს. მაგრამ იმედგაცრუება დაიწყო უკვე საზღვრის გადაკვეთისთანავე, პირველ ჯარისკაცებთან შეხვედრისას, როცა ახალგაზრდა, ავტომატებით შეიარაღებული ამერიკელი სამხედროები ასამდე ერაყელ მამაკაცს მბრძანებლობდნენ. ხმამაღალი ლანძღვა-გინების შემდგომ სამიმ თავისი გრძნობები ასე გამოხატა:

[სამის ხმა] "შეურაცხყოფა - აი, რას ვგრძნობ! ერაყელები ავტობუსიდან ჩამოიყვანეს და გაჩხრიკეს, თითქოს სხვა ქვეყანაში შედიოდნენ."

თავის გრძნობებს სამი მთელი 550-კილომეტრიანი მგზავრობის მანძილზე ვერ მალავდა, როცა მათი კოლონა განადგურებულ ხიდებს, დამწვარ ტანკებს და ავტობუსებს, აფეთქებების შედეგად ამოთხრილ ორმოებს ჩაუვლიდა ხოლმე. რაც უფრო უახლოვდებოდა კოლონა ბაღდადს, მით უფრო იზრდებოდა სამის შოკი და ბრაზი. ბაღდადის აეროპორტთან მიახლოებამ (იქაურობა მძაფრი ბრძოლების მოწმეა) და შემდეგ ქალაქმა, სადაც შენობები ჯერ ბომბებმა დაანგრიეს, ხოლო მოგვიანებით გაიძარცვა, ეს სიტყვები ათქმევინა სამის, რომელმაც ქალაქი ვეღარ იცნო: [სამის ხმა] "ეს არ არის ბაღდადი, ეს მართლაც არ არის ბაღდადი, ის ლოს-ანჯელესს ჰგავს 2040 წელს, ფილმში ზუსტად იგივეა."

ოჯახთან შეხვედრის სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. სამის დედამ, რომელიც ბაღდადში იყო დარჩენილი, თქვა, რომ ხალხი, გაძარცვის შიშით, დღედაღამ ყარაულობს თავის სახლებსა და ქონებას. უკვე რამდენიმე დღეა, მოსახლეობას არ აქვს დენი და წყალი, რაშიც ერაყელი ქალი ამერიკელებს ადანაშაულებს:

[სამის დედის ხმა] "ამერიკელებს არ აწუხებთ, რომ არ არის მთავრობა, არ არის დენი, არ მუშაობს ტელეფონი, არაფერი რომ არ არის. ისინი ჩვენი ნავთობისთვის მოვიდნენ."

სამის მეზობლები, ისევე, როგორც მთელი ბაღდადის მოსახლეობა, ნორმალური ცხოვრების აღდგენას ცდილობენ. უფრო შეძლებულებმა დენის გენერატორები შეიძინეს, სხვებმა მაღაზია გახსნეს. მაგრამ არავინ მოელის, რომ ცხოვრება მალე ჩადგება ჩვეულ კალაპოტში. თვით ყველაზე ოპტიმისტი ერაყელები, როგორიცაა სამის მეგობარი ბასინი, არ მოელიან, რომ ახლო მომავალში არსებითი ცვლილებაა მოსალოდნელი:

[ბასინის ხმა] "უკეთესი ცხოვრება, მეტი თავისუფლება, ყველაფერის კალაპოტში ჩადგომა ექვს თვეში, ან შეიძლება ერთ წელიწადში მოხდეს, ნელ-ნელა, ერაყელებმა უნდა მოითმინონ."

სამი და მისი მშობლები ამ ოპტიმიზმს არ იზიარებენ. მათი თქმით, მხოლოდ ერაყის სამართლიან მთავრობას, რომელსაც პატივს სცემს და აღიარებს ხალხი, შეუძლია აღადგინოს ნორმალური ცხოვრება. და მათთვის არ ჩანს ნიშანი იმისა, რომ ასეთი მთავრობა მალე ეყოლებათ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG