Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო საზოგადოებრიობა რუსეთს ჩეჩნეთის გამო პასუხს ჯერჯერობით არ სთხოვს


შეიძლება ჩეჩნები მართლაც ოცნებობენ "დიდი თამაშის" დასრულებაზე, მაგრამ ისე მოჩანს, რომ "დიდი თამაში" ახალ ფაზაში შევიდა: მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნებში ადამიანები სულ უფრო

ინტერესდებიან ჩეჩნების ბედით, მათ წიგნებსა და კონცერტებს უძღვნიან, ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის ქვეყნების მთავრობების დამოკიდებულება სულ უფრო უპრინციპო და დამაბნეველი ხდება. სწორედ ამ თემას ეძღვნება "ახალი ევროპის" დღევანდელი გამოშვებაც, რომელსაც ნინო გელაშვილი გაუძღვება.

ევროპის უპრინციპობის მაგალითად ჩეჩნეთის 23 მარტის საკონსტიტუციო რეფერენდუმიც გამოდგება, რომლის ჩატარებამდეც ბევრი ითქვა ამომრჩეველთა რეგისტრაციის დროს დაშვებულ თუ სხვა სახის უხეშ დარღვევებზე და რომლის ჩატარების შემდეგაც ევროპის პოზიცია ლამის რუსეთის პრეზიდენტისას დაემსგავსა. ახლახან კი გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრთა უდიდესმა ნაწილმა არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების გამო მოსკოვს პასუხისმგებლობას დააკისრებდა. კომისიის 53 წევრიდან 15-მა მხარი დაუჭირდა რეზოლუციას, 21 - წინააღმდეგი იყო, 17-მა კი თავი შეიკავა.

კომისიის ამ გადაწყვეტილებამ ვაშინგტონის უკმაყოფილება გამოიწვია. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა კიდეც განაცხადა:

[ბაუჩერის ხმა]
"ჩვენ კმაყოფილი ვიყავით, რომ რეზოლუცია რუსეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან ერთად ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსაც ასახავდა. სამწუხაროა, რომ კომისიის ამდენმა წევრმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა".

ახლა მოკლედ, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხვა ქვეყნების მიმართ დამოკიდებულების შესახებ: აპრილის სხდომაზე მიღებული იყო თურქმენეთის, ჩრდილოეთი კორეისა და ბელორუსიის ხელისუფლებების ქმედებათა დამგმობი რეზოლუციები. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები გამოთქვამენ პროტესტს იმის გამო, რომ გაეროს უწყებას არც კი განუხილავს რეზოლუციები ისეთი ქვეყნების შესახებ, როგორიც არის ირანი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, სერბია და მონტენეგრო.

ისევ ჩეჩნეთის საკითხს დავუბრუნდები: გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია უკვე მეორე წელია ვერ ღებულობს რეზოლუციას, რომელიც პასუხს მოსთხოვდა მოსკოვს ჩეჩნეთში არსებული უხეში დარღვევების გამო. ბუნებრივია, კომისიის ამგვარმა დამოკიდებულებამ შეერთებული შტატების ხელისუფლებაზე მეტად რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცველები და ოპოზიციური პოლიტიკური ძალები გააღიზიანა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი კოვალიოვი აცხადებს, რომ დასავლეთის დემოკრატიას "ჩაეძინა" მაშინ, როცა პასუხი უნდა გაეცა მოსკოვის თავნებობისთვის ჩეჩნეთში:

[კოვალიოვის ხმა]
"დასავლეთის დემოკრატია დანაყრებულია საკუთარი კეთილდღეობით. ის კომფორტშია. ის ზარმაცია და ახლომხედველი".

მიუხედავად ასეთი კრიტიკულობისა რუსეთის დუმის დეპუტატი შენიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა ხანდახან იღვიძებს კიდეც და ამის მაგალითად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის სხდომაზე მიღებული რეზოლუცია მოყავს, რომელიც ჩეჩნეთში მდგომარეობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სამხედრო დანაშაულთა ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდებს.

"ჰიუმან რაითს უოთჩი" აცხადებს, რომ ჩეჩნეთში გრძელდება ადამიანების გაუჩინარება, მკვლელობა და წამება. ამ ორგანიზაციის თანახმად, გასულ წელს ჩეჩნეთში 1100-ზე მეტი სამოქალაქო პირი მოკლეს.

ძალაუნებურად ისევ და ისევ რეფერენდუმის საკითხს ვუბრუბნდები, რადგან ბევრი თვლის, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის მიერ რუსეთის დანდობა სწორედ ჩეჩნეთში რეფერენდუმის მიმართ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ლოიალური დამოკიდებულების გაგრძელებაა. ლევ პონომარიოვის ჯგუფმა - "ადამიანის უფლებებისთვის" სასამართლოში საჩივარი შეიტანა იმის გამო, რომ რეფერენდუმის ჩატარებით რუსეთის ხელისუფლება რეგიონული კანონმდებლობის შეცვლას შეეცადა, რაც რუსეთისავე კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. პონომარიოვი განმარტავს:

[პონომარიოვის ხმა]
"პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩეჩნეთში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, იქ კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს; რომ არ არის საჭირო საგანგებო ვითარების შემოღება და რომ ომი დასრულდა. თუკი ეს ასეა, ე.ი. ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის ჩვეულებრივი სუბიექტია. რუსეთის კანონმდებლობით კი ასეთ შემთხვევაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუცია ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტს უნდა შეემუშავებინა".
ჯერჯერობით უცნობია მოსკოვის ზუსტი გეგმა ჩეჩნეთთან დაკავშირებით. ამ წლის დასასრულს, ან 2004 წლის დასაწყისში, ალბათ იქ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ამ ეტაპზე რუსეთის პრეზიდენტი უპირველეს ამოცანად ცენტრსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკას შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ შეთანხმების მიღწევას სახავს. ჯერჯერობით ოფიციალური ევროპა პუტინის გეგმებს ჩეჩნეთში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებად იღებს. ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ამგვარი პოლიტიკა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG