Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის ხელისუფლების სათავეში ქალების ტანდემი დგას


ფინეთში - მსოფლიოს ერთ-ერთ პირველ ქვეყანაში,

რომელშიც ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიენიჭა (ეს გადაწყვეტილება 1906 წლით თარიღდება) - გასულ კვირაში მოხდა მორიგი სიახლე, რომელიც პოლიტიკის სფეროში სქესთა თანასწორუფლებიანობის თვალსაზრისით ფინეთის გამორჩეულ პოზიციას ადასტურებს.

ვიდრე ამ სიახლეზე გიამბობდეთ, ერთ ციტატას გთავაზობთ: "მეოცე საუკუნის 90-ანი წლები ქალთა დეკადად შეიძლება ჩაითვალოს, განსაკუთრებით პოლიტიკაში. ფინეთში, ისევე როგორც არაერთ სხვა ქვეყანაში, ქალები 90-ან წლებში შეუდგნენ წამყვან თანამდებობებზე მუშაობას, ადრე მხოლოდ მამაკაცებს რომ ეკავათ. ფინეთში 1990 წელს ქალი პირველად დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. 1994 წელს ქალი გახდა პარლამენტის თავმჯდომარე. ქალი გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი 1995-ში და პრეზიდენტი - 2000 წელს. 2002 წელს ქალი პირველად აირჩიეს მსხვილი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ (...) ფინეთში თითქმის არ დარჩენილა სამინისტრო, ხელმძღვანელად ქალი რომ არ ჰყოლოდა, ან არ ჰყავდეს. მაგრამ ქალი არასოდეს ყოფილა პრემიერ-მინისტრი, ან ფინანსთა მინისტრი. ასე, რომ კიდევ დარჩა გადასალახი ხიდები". არ იფიქროთ ეს ციტატა რომელიმე ისტორიკოსის, ან ქალთა მოძრაობის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტის კალამს ეკუთვნოდეს. ის აღებულია წიგნიდან "ხიდების მშენებელი", რომლის ავტორი გახლავთ ფინელი პოლიტიკოსი, ცენტრისტული პარტიის თავმჯდომარე ანელი იატენმიაკი - ქალი, რომელმაც გასულ კვირაში გადალახა თავისსავე წიგნში დასახელებული ერთ-ერთი ხიდი: ის ფინეთის პრემიერ-მინისტრი გახდა!

იატენმიაკიმ გასულ კვირაში, ხუთშაბათს შეცვალა მთავრობის მეთაურის პოსტზე სოციალ-დემოკრატი პაავო ლიპონენი და მოსახლეობას მმართველობის "ახალ სტილს" დაჰპირდა. იმის დასადგენად, თუ რა იგულისხმება ამ "ახალი სტილით", ტელეფონით დავუკავშირდით ფინეთის წამყვანი ყოველდღიური გაზეთის, "ჰელსინგინ სანომატის" პოლიტიკურ მიმომხილველს, ატტე იასკელაინენს: [იასკელაინენის ხმა] "ვფიქრობ, მან მიუთითა სტილზე, რომელიც ახასიათებდა წინა პრემიერ-მინისტრის მთავრობის მუშაობას. ეს იყო მთავრობა, რომელშიც შედიოდნენ როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე ძალები. თითოეული მინისტრი თავის სფეროზე ზრუნავდა და მთელი მთავრობა არ განიხილავდა პოლიტიკის ყველა დეტალსა თუ ასპექტს. ახლა კი, ახალი პრემიერ-მინისტრი იატენმიაკი იძლევა სიგნალს, რომ ახალი მთავრობა სხვანაირად იმუშავებს. მის მთავრობაში სულ სამი პარტია შედის, წინა მთავრობაში ხუთი შედიოდა. იატენმიაკიმ მიანიშნა, რომ მთავრობა, ასე ვთქვათ, "გუნდურად" იმუშავებს. თუმცა, ჩემი აზრით, მთავრობამ ყველა საკითხზე "გუნდურად" რომ იმუშავოს, შეიძლება ქაოსამდე მიხვიდე. დიახ, გუნდური მუშაობა კარგია მთავარ პოლიტიკურ საკითხებში. ვნახავთ, სინამვდილეში როგორ იმუშავებს ახალი მთავრობა".

ფინელი ჟურნალისტის თქმის არ იყოს, მომავალი აჩვენებს, როგორი, რამდენად ახალი იქნება იატენმიაკის მმართველობის "ახალი სტილი". ახლა კი რაც შეეხება სიახლეს, რომელიც უკვე სახეზეა.

ფინეთი, მართალია, არ არის ევროპის პირველი ქვეყანა, რომლის მთავრობასაც ქალი ხელმძღვანელობს (შეიძლება ბრიტანეთის, საფრანგეთის, ნორვეგიის მაგალითების გახსენება), მაგრამ პირველი სახელმწიფოა, რომელსაც სათავეში უდგას ქალების ტანდემი: პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. გარდა ამისა, ფინეთის ახალ მთავრობაში თანამდებობები ზუსტად განაწილდა ქალებსა და მამაკაცებს შორის - ცხადია, არა სქესობრივი ნიშნის მიხედვით, არამედ მათი კომპეტენტურობის გათვალისწინებით. კომპეტენტური ადამიანები კი პოლიტიკოსი ქალებშიც რომ შეიძლება მოიძებნოს, ამას საკმაოდ დამაჯერებლად ადასტურებს სკანდინავიის ქვეყნების (ხელისუფლებაში მყოფ ქალთა რაოდენობით მსოფლიოს მოწინავე რეგიონის) ეკონომიკური, პოლიტიკური, თუ სოციალური წარმატებები.

"ჰელსინგინ სანომატის" პოლიტიკურ მიმომხილველს, ატტე იასკელაინენს ვთხოვე, დაეხასიათებინა ახალი პრემიერ-მინისტრი, მისი პოლიტიკური სტილი: [იასკელაინენის ხმა] "ის ძალიან დაინტერესებულია რიგითი ადამიანების აზრით. არასოდეს უსარგებლია ფინეთის პოლიტიკური ელიტის, ან რომელიმე სხვა სფეროს ელიტის მხარდაჭერით. ამის ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ანელი იატენმიაკი ოპოზიციის ლიდერი იყო. ამ პოზიციიდან კი უფრო ადვილია პოპულარული პოლიტიკის გატარება, ვიდრე ხელისუფლების სათავეში ყოფნისას. იატენმიაკის ახასიათებს უფრო ზოგად თემებზე საუბარი, ის არ გამოირჩევა საკითხების დეტალური ცოდნით. ამჟამინდელი ცვლილება, კერძოდ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა და მთელი ადმინისტრაციის მხარში ამოყენება - მას საშუალებს აძლევს, "გაიზარდოს", როგორც პოლიტიკური ლიდერი".

1986 წელს, როცა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა გრო ჰარლემ ბრუნტლანდმა მსოფლიოში პირველმა ჩამოაყალიბა მთავრობა, რომლის წევრ მინისტრებს შორის ქალების რაოდენობა თითქმის უტოლდებოდა მამაკაცებისას, ნორვეგიელი პოლიტიკოსი ქალების, მათ შორის თავად პრემიერ-მინისტრის სურათებმა ევროპის, ამერიკისა, თუ იაპონიის ჟურნალ-გაზეთები ააჭრელა. მას შემდეგ ამერიკაში, იაპონიასა და ევროპის უდიდეს ნაწილში, შესაძლოა ბევრი არაფერი იყოს შეცვლილი - თუნდაც მმართველ წრეებში ქალების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ. აი, სკანდინავიაში კი მიეჩვიენ პოლიტიკოსი ქალების სიმრავლეს. მინისტრების პოსტების თანაბრად განაწილება არც იქ არის ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სენსაციად აღარ ითვლება. აღარც ის არის სენსაცია, რომ, როგორც ამჟამად შვეციასა და ნორვეგიაში, ქალები ხელმძღვანელობენ თავდაცვის სამინისტროებს. ასევეა ფინეთში: [იასკელაინენის ხმა] "ფინეთში არავის უკვირს პოლიტიკაში, თუ, ზოგადად, წამყვან თანამდებობებზე ქალების მოღვაწეობა. ზოგიერთ პარტიას მთავრობის ნახევარი ქალებით ჰყავდა დაკომპლექტებული. ყველაზე ნათლად თანასწორუფლებიანობაზე, შესაძლოა, ის გარემოება მეტყველებდეს, რომ მნიშვნელობა არა აქვს, კაცი ხარ, თუ ქალი. მთავარია, როგორ უძღვები ქვეყანას, რა პოლიტიკას ატარებ", ამბობს "ჰელსინგინ სანომატის" მიმომხილველი.

შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის არჩევა პოლიტიკური საკითხია, მაშინ როცა ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მეტ ყურადღებას იპყრობდა ის გარემოება, რომ კანდიდატმა ქალმა გაიმარჯვა. მიზეზი ის არის, რომ [იასკელაინენის ხმა] "პრეზიდენტი უფრო საზოგადო მოღვაწეა, ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი. მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა სქესი, არამედ პარტიული კუთვნილება: ვინ ხარ - სოციალ-დემოკრატი, ცენტრისტი, თუ რომელიმე სხვა პარტიის წარმომადგენელი. ხალხის თვალში ის უფრო მნიშვნელოვანია, რომელი პარტია დგას ხელისულების სათავეში, ვიდრე ის, პრემიერ-მინისტრი ქალია, თუ მამაკაცი".

"ჩვენი, 21-ე საუკუნის ქალების არჩევანია, ვიყოთ დაუღალავი მებრძოლები. კი, ტოლერანტული და კეთილგანწყობილი - მაგრამ იმავდროულად ბრძოლისათვის მზადმყოფი და შეუპოვარი". ამ შეუპოვრობამ, რომელზეც ანელი იატენმიაკი თავის წიგნში, "ხიდების მშენებელი" წერს, მას უკვე მოუტანა დიდი პოლიტიკური წარმატება: ფინეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი. თუმცა პრემიერ-მინისტრობა ჯილდო არ არის. ის, ყოველ შემთხვევაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, დიდ შრომასა და პასუხისმგებლობას უკავშირდება. ფინეთი ასეთი სახელმწიფოა და, როგორც ქვეყნის წამყვანი გაზეთის, "ჰელსინგინ სანომატის" ჟურნალისტის კომენტარებიდან ჩანს, ახალი პრემიერ-მინისტრისაგან, ისევე როგორც პრეზიდენტისაგან, საქმის ერთგულებას და კომპეტენტურობას მოელიან. მათ სქესს არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს და არცა აქვს.
XS
SM
MD
LG