Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყველა თანამედროვე ბურჟუაზიულ სახელმწიფოში


"ყველა თანამედროვე ბურჟუაზიულ სახელმწიფოში

არსებობს დასჯითი ცენზურა... სოციალისტურ ქვეყნებში ცენზურა, როგორც ასეთი, არ არსებობს" - ესაა ციტატა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის იმ ტომიდან, რომელიც 1987 წელს გამოიცა... "როგორც ასეთი", "ცენზურა" - სოციალისტურ ქვეყნებში, მართლაც, იმიტომ არ არსებობდა, რომ სხვა სახელი ერქვა, "მთავლიტი"... დღეს მინდა გაგაცნოთ 70 წლის წინ შედგენილი ერთი დოკუმენტი, რომელშიც პირველადაა განსაზღვრული საბჭოთა ცენზორის, ანუ მთავლიტის, ფუნქცია. ესაა მთავლიტის საანგარიშო მოხსენება, რომელიც 1933 წლის 9 აპრილს საკავშირო ცეკას პოლიტბიუროს გაეგზავნა. ეს დოკუმენტი ორი წლის წინ აღმოაჩინეს კაგებეს არქივებში.

მთავლიტის შესახებ მსჯელობა ოფიციალურ საბჭოთა დოკუმენტებში ჯერ კიდევ 1931 წელს დაიწყო ცეკას პოლიტბიუროს დადგენილებაში, სახელწოდებით "პოლიტკონტროლის გაძლიერება პერიოდულ და არაპერიოდულ გამოცემებზე". იმხანად საბჭოთა იდეოლოგები ბევრად უფრო გულწრფელად მსჯელობდნენ, ვიდრე ხრუშჩოვის, ბრეჟნევის, ანდროპოვის ეპოქაში, როცა საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ ცენზურა მხოლოდ ბურჟუაზიულ სახელმწიფოებში მოქმედებს. 1933 წლის 9 აპრილს შედგენილ დოკუმენტში, უფრო სწორად, წერილში, რომელიც საბჭოთა კავშირის მთავლიტმა, ვინმე ვოლინმა, პოლიტბიუროს ცეკას გაუგზავნა, პირდაპირაა ნათქვამი: "მთავლიტი - ჩვენი საბჭოთა ცენზურააო"... თუმცა ეს დოკუმენტი მაინც არ გამოაქვეყნეს. პოლიტბიურომ, როგორც ჩანს, არ ჩათვალა საჭიროდ მთავლიტის ამ მონოლოგზე საჯარო მსჯელობა. მით უმეტეს, რომ 1933 წელს, როცა ვოლინმა პოლიტბიუროს ცეკას მიმართა, "დანოსის" ასეთი სტილი ჯერ მხოლოდ და მხოლოდ მკვიდრდებოდა.

"ჩვენი გამომცემლობების რედაქტორთა შემადგენლობა იმდენად დაუხვეწავია, ზოგჯერ კი, უბრალოდ, სუსტი, რომ ჩვენს ცენზორებს მოეთხოვებათ მაქსიმალურად გამოავლინონ ბოლშევიკური შემართება, სიფხიზლე ისეთ საპასუხისმგებლო ფრონტზე, როგორიც ბეჭდვითი სიტყვაა."

საინტერესოა, რომ მთავლიტი კოლეგებისგან მოითხოვს არა მარტო პოლიტიკურად "სახიფათო" ავტორების მხილებას, არამედ, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, "ზერელე", "გაუნათლებელი ნაწარმოებების" აკრძალვასაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა ცენზურის გააქტიურების ამ ეტაპზე მთავლიტი თავის თავზე იღებს მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკურ ღირებულებებზე მსჯელობის უფლებასაც... უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, "სთხოვს" პოლიტბიუროს, მიანიჭოს მას ეს უფლებები. ამ თვალსაზრისით, იგი თავს იზღვევს კიდეც, როცა წერს:

"ჩვენს გამოცემებში - რომანი იქნება ეს, ლექსი, სტატია, წიგნი, კარიკატურა, ილუსტრაცია, ეტიკეტი - გაპარულ ნებისმიერ იდეოლოგიურ თუ მხატვრულ უზუსტობაზე პასუხს მთავლიტი აგებს. ნებართვის აღმნიშვნელი მისი პირადი ნომერი ხომ ყველაფერს ადევს."

დოკუმენტის ავტორი არც კი ცდილობს ახსნას, თუ რას ნიშნავს, მაგალითად, "მხატვრული უზუსტობა" - რა არის ეს? არასწორად აგებული კომპოზიცია ფერწერულ ტილოზე? ლექსის "არასწორი რიტმი" თუ "სიზუსტეს" მოკლებული მელოდია? თითქოს თავისთავადაა ნაგულისხმევი, რომ მხატვრული უზუსტობა იგივეა, რაც გადახვევა ახლად დამკვიდრებული სოციალისტური რეალიზმის მეთოდიდან და, რაც მთავარია, ნაგულისხმევია შინაარსისა და ფორმის ერთიანობის "დიალექტიკური პრინციპი", რომელიც, მოგეხსენებათ, კულტურის ისტორიაში არც მარქსს დაუმკვიდრებია, არც ლენინს და, მით უმეტეს, არც სტალინს. 30-იანი წლების ეპოქის მთავლიტმა, უბრალოდ, კარგად იცის, რომ ნიჭიერი ადამიანი, ე.ი. ის, ვინც ყოველთვის ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს ესთეტიკურ შტამპებს, უარი თქვას "სწორ" რიტმსა და "ზუსტ" მელოდიაზე, არც დაშტამპულ იდეოლოგიას დაემორჩილება, ე.ი. ვერ აიტანს, რომ მის ნაწარმოებს პარტიულმა ჩინოვნიკმა, ვინმე "მთავლიტმა" დაუსვას "შტამპი". ამიტომაც დღეს უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ 70 წლის წინ შექმნილი ამ დოკუმენტით საბჭოთა კავშირში დაიწყო არა მარტო იდეოლოგიურად "საეჭვო" ავტორების, არამედ, უბრალოდ, "აპოლიტიკური", თუმცა ნიჭიერი მხატვრების დევნაც. საინტერესოა, რომ დოკუმენტის ავტორი არც მალავს, რომ მთავლიტს, მხატვრული პროდუქციის "იდეოლოგიური ანალიზის" გარდა, ავტორების ფსიქოლოგიური შემოწმებაც ევალება.

"ჩვენი ხალხის "ხარისხი" ჯერ კიდევ არაა დახვეწილი, თუმცა მობილიზება და სიფხიზლე არ აკლია... ამიტომაც არ გვაკლია შეცდომები, ცენზურის თვალსაზრისით."

მთავლიტი არა მარტო "უხარისხო" ხალხს, არამედ "უხარისხო ნაწარმოებებსაც" ასახელებს. გაგახსენებთ, რომ ეს დოკუმენტი 1933 წელსაა შექმნილი. მთავლიტმა ჯერ არ იცის, რა ბედი ელით სულ რამდენიმე წლის შემდეგ იმ ავტორებს, რომელთაც იგი ასახელებს. დოკუმენტით ჩანს, რომ სტალინის ხელისუფლებას ჯერ არ დაუწყია კუდიანებზე ნადირობა და რომ გარკვეული გამომცემლობები ჯერ კიდევ ახერხებენ იდეოლოგიური და მხატვრული თვალსაზრისით "სახიფათო" ნაწარმოებების ბეჭდვას.

"ვაღიარებ, რომ დღესაც კი, როცა მთავლიტის მუშაობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ზოგიერთი მწერალი მაინც ახერხებს ჩვენი ყურადღებისგან თავის დაღწევას. გამომცემლობა "ფედერაციამ", მაგალითად, გამოუშვა ასეევის ტროცკისტული პოემა "ლირიკული წიაღსვლა", ლენინგრადის "ამხანაგობამ" გამოსცა შაგინიანის, პოლიტიკური თვალსაზრისით, ოდიოზური დღიურები, დაკავებულია და განადგურებული პარფიონოვის გამოსაცემად გამზადებული რომანი "პირადი და საზოგადოებრივი."

70 წლის წინ შექმნილი დოკუმენტით ჩანს, თუ როგორ იზრდებოდა აგენტურის ქსელი საბჭოთა კავშირში და როგორ იწყებდა ხელისუფლება მშენებლობას სქელი კედლებისა, რომელიც ქვეყნის სრულ იზოლაციას განაპირობებდა. სქელი კედლები, რომელსაც "ყველა ქვეყნის პროლეტარიატის" გაერთიანების ლოზუნგი ახლდა, შენდებოდა არა მარტო გარე სამყაროსთვის, არამედ. პირველ რიგში, საბჭოთა მოქალაქეებისთვის - სწორედ იმ დროს, როცა კრემლი მთავლიტის ინსტიტუტს აძლიერებდა, გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტები გამარჯვებას ზეიმობდნენ. ცენზორებმა იქაც დაიწყეს სპეციალური დოკუმენტების შექმნა. საბჭოთა კავშირში არ უნდა სცოდნოდათ, რა ხდებოდა მსოფლიოში, არ უნდა სცოდნოდათ, რომ ფაშისტები იმ ადამიანებს სდევნიდნენ, რომელთა ნაწარმოებები ნელ-ნელა აქაც იკრძალებოდა.

"მთავლიტი ახორციელებს ცენზურას მთელ უცხოურ პროდუქციაზე. ჩვენ გვყავს საკმარისი რაოდენობა თანამშრომლებისა, რომლებიც რამდენიმე უცხო ენას ფლობენ და მუშაობენ, როგორც საფოსტო განყოფილებებში, ასევე მთავლიტის აპარატში. მთავლიტი იძლევა, აგრეთვე, ბეჭდვითი პროდუქციის გატანის უფლებას საბჭოთა კავშირიდან."

სულ რამდენიმე წლის წინ კაგებეს საიდუმლო არქივში აღმოჩენილი დოკუმენტის კომენტატორები დღეს ამ წერილის ავტორის, ვინმე ვოლინის, სახელსაც კი ვერ ადგენენ... და არც არავინ იცის, როგორ განვითარდა შემდეგ ქვეყნის მთავლიტის ბედი - შეეწირა იგი პოლიტიკურად "არასაიმედო" ხალხთან ბრძოლას, თუ გადარჩა. ფაქტია, რომ ვოლინი ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართავს და ყველაზე ღიად, დაუფარავად გამომცემლობებს აბეზღებს. იგი თითქოს სთავაზობს ხელისუფლებას გააუქმოს ცალკეული გამომცემლობები და დაფუძნდეს კრემლის ერთგული ორგანიზაცია... ისე როგორც ერთი წლის წინ, როცა საბჭოთა კავშირში დაიხურა შემოქმედებითი ორგანიზაციები და ერთიანი მწერალთა კავშირი შეიქმნა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვოლინი ხელისუფლებას სთავაზობს მთელ ქვეყანაში იბეჭდებოდეს ერთადერთი გაზეთი, "პრავდა", არ ითარგმნებოდეს უცხოელ ავტორთა ნაწარმოებები და წიგნების გამოცემა მაქსიმალურად შეიზღუდოს. ამ თვალსაზრისით, ძალზე საინტერესოა ვოლინის ეს მოსაზრება:

"საუკეთესო მწერლები არასდროს გამოხატავენ უკმაყოფილებას ჩვენი ცენზურის გამო. მთავლიტის შენიშვნებს, რომელიც პოლიტიკურად აუმჯობესებს ტექსტს, ჩვენი ავტორები, როგორც წესი, ითვალისწინებენ ხოლმე. შედარებით უფრო გვეწინააღმდეგებიან გამომცემლები... ავტორები და რედაქტორები, რომელთაც მთავლიტის შენიშვნების გათვალისწინება უხდებათ, ხშირად მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური შეცდომები, რომელიც დაუშვეს, არა იმდენად მათი, რამდენადაც მთავლიტის ბრალია. "მთავლიტი ვალდებული იყო აღმოეჩინა ეს შეცდომებიო," - ამტკიცებენ ისინი."

ვოლინის წერილი, როგორც ჩანს, მთავლიტის ყველა კოლეგას გააცნეს. და არამარტო მოსკოვში. ერთი წლის შემდეგ თბილისში მთავლიტის ინსტიტუტი შეიქმნა. ეს ინსტიტუტი საბჭოთა კავშირის დანგრევამდე იარსებებს. თუმცა ეს უჩინარი პიროვნება, მთავლიტი, თავის კვალს კიდევ დიდხანს დატოვებს. დღეს უკვე ნათელია, რომ მთავლიტის ინსტიტუტი, პირველ რიგში, საზოგადოების ცნობიერების "მოთოკვას" ცდილობდა... იმ იმედით, რომ ცენზურა ჩვენში ოდესმე მაინც გაუქმდებოდა (ცენზურა, "როგორც ასეთი"), მის ადგილს კი ეგრეთ წოდებული "ავტოცენზურა" დაიკავებდა და "მთავლიტი" ყოველი მოქალაქის გულში დამკვიდრდებოდა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG