Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შედგება თუ არა კომპრომისი საპარლამენტო პარტიებს შორის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 3 მაისს დილიდან პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსის პროექტზე მსჯელობდნენ. თუ თავდაპირველად პარლამენტის ე.წ.

თემატური უმრავლესობის შეხვედრას კანცელარიის შენობა მასპინძლობდა, დღის მეორე ნახევარში პარტიების ლიდერებმა, გაფართოებული შემადგენლობით, უკვე მრეწველების ოფისში მოიყარეს თავი. შეძლებენ თუ არა საპარლამენტო პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევას?

3 მაისს, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული კონსულტაციების წინ, პოლიტიკურ პარტიათა ლიდერების უმრავლესობა კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად შეუჯერებელ მოსაზრებათა შეჯერების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდნენ პარტიები, ძნელი წარმოსადგენია, ეს კომპრომისი შედგეს.
გამართლდა არაერთგზის გამოთქმული პროგნოზი, რომ ყველაზე გადაულახავ პრობლემად ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკოლმპექტების წესის განსაზღვრა იქცეოდა. თუ ხელისუფლების მხარდამჭერი პარტიებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია შარშან პარლამენტის მიერ პირველი წაკითხვით მიღებული განსაზღვრება, რომლის თანახმადაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა კომპლექტდება იმ პარტიების ორ-ორი წარმომადგენლით, რომელთაც ბოლო საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 4 პროცენტიანი ბარიერი გადალახეს, პლუს პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოსა და ავტონომიების წარმომადგენლები, ოპოზიციისთვის ასეთივე მიუღებელია ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების კანდიდატურებს პარლამენტს პრეზიდენტი წარუდგენს, პარლამენტი კი ამ შემადგენლობას 118 ხმით დაამტკიცებს.
ცნობისთვის: დღეს მოქმედი ცენტრალური საარჩევნო კომისია 23 წევრითაა დაკომპლექტებული. მათგან 5 პრეზიდენტის დანიშნულია, 5 - პარლამენტის, 2 - ავტონომიური რესპუბლიკების, 11 - პარტიების წარმომადგენლები არიან. საერთაშორისო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წევრის ნუგზარ კუპრეიშვილის აზრით, არსებულმა საარჩევნო კომისიამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა, რადგან უმრავლეს შემთხვევაში კომისიის წევრების გადაწყვეტილებები არამოტივირებული იყო, რადგან ისინი მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური გემოვნებით ხელმძღვანელობდნენ და არა კანონით. მას აეჭვებს, რომ ახალი პარტიული წესით დაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა ეფექტური იქნება, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წესით, ამ კომისიის წევრთა რაოდენობა 25-მდე ადის. ნუგზარ კუპრეიშვილის აზრით, ასეთ ვითარებაში, შესაძლოა, კარგი გამოსავალი ყოფილიყო ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული პირობები, რომლითაც პრეზიდენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა დასახელებისას იხელმძღვანელებდა. მაგალითად, ამ პროექტით, კანდიდატი არ შეიძლება იყოს მოქმედი პარტიის წევრი ან ბოლო 10 წლის მანძილზე საარჩევნო კომისიის წევრი. ეს შეთავაზება უარყოფილ იქნა, რადგან, ხელისუფლების აზრით, ასეთი ნიშნით ადამიანების შერჩევა შეუძლებელია.
ასეა თუ ისე, რაღაც გადაწყვეტილებამდე საპარლამენტო პარტიები უნდა მივიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პატივი დღევანდელ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ერგება.
XS
SM
MD
LG