Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ განვითარდება საქართველოსა და ევრობანკის შემდგომი თანამშრომლობა


3 მაისს საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ შევარდნაძის მეთაურობით, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტს ესტუმრა. შევარდნაძე 4 მაისს მონაწილეობას მიიღებს „ევროპის რეკონსტრუქციისა და

განვითარების ბანკის" ყოველწლიურ სამიტში. ამ ვიზიტის დროს საქართველოს დელეგაცია, უზბეკეთთან თანამშრომლობის გარდა, ევრობანკთან ურთიერთობის გარკვევასაც შეეცდება. საქართველოს მთავრობას ამ საფინანსო ინსტიტუტთან რამდენიმე ვალდებულება ჯერაც არ აქვს შესრულებული, რაც ხელს უშლის უკვე დაწყებული პროექტების დასრულებას და ახალი პროგრამების წამოწყებას.

საქართველოს პრეზიდენტი კავკასიის ქვეყნებიდან ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ სამიტზე დაპატიჟეს. თუ უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის სიტყვების მიხედვით ვიმსჯელებთ, სამიტის მასპინძელ ქალაქ ტაშკენტში საქართველოს პრეზიდენტის მიწვევას ქართული დელეგაცია უზბეკეთის პრეზიდენტს ისლამ კარიმოვს უნდა უმადლოდეს.

[ჯაფარიძის ხმა] „პრეზიდენტი მიბრძანდება ტაშკენტში, ექნება შეხვედრა თავის კოლეგასთან პრეზიდენტ კარიმოვთან. მისი მიწვევით და დაჟინებული თხოვნით პრეზიდენტმა მიიღო ეს საბოლოო გადაწყვეტილება გამგზავრების თაობაზე. იგი მიიღებს მონაწილეობას მეტად მნიშვნელოვან კონფერენციაში, რომელშიც, უზბეკეთის გარდა, მონაწილეობას მიიღებს ი-ბი-არ-დი."

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის - „ი-ბი-არ-დის" კონფერენციაში მონაწილეობა, რადგან ამ ორგანიზაციის შეღავათიანი კრედიტები და გრანტები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლების საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას შევარდნაძის უზბეკეთში მოულოდნელი გამგზავრება, რაც თავად ბანკის მხრიდან საქართველოსა და, საერთოდ, კავკასიის რეგიონის მიმართ ინტერესითაცაა განპირობებული. როგორც წესი, ევრობანკის მმართველი საბჭოს სხდომებზე სახელმწიფოს პირველი პირები არ მონაწილეობენ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოსთან 24 საინვესტიციო პროექტი აკავშირებს. იგი ასევე მეწილეა 5 ძლიერი ქართული ბანკისა და კრედიტები აქვს გაცემული ცნობილ ქართულ კომპანიებზე, მათ შორის, ღვინისა და ბორჯომის წარმოებაზე, „AES თელასზე" და სხვა.

საქართველოს ევრობანკიდან 100 მილიონ დოლარამდე სხვადასხვა სახის კრედიტი აქვს მიღებული და აქედან მხოლოდ 60%-ია ათვისებული. ეს კი არახელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე მეტყველებს და ხელს უშლის ევრობანკიდან ახალი კრედიტების მიღებას. არის სხვა პრობლემები, რომელთა შორის უმთავრესი ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტში გაჩენილი კითხვის ნიშნებია.

ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტში ევრობანკი 40 მილიონ დოლარამდე თანხის დაბანდებას აპირებს. თუცა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ დენის ტარიფში გენერაციის ობიექტების ისედაც მცირე წილის კიდევ 20%-ით შემცირებამ პროექტის განხორციელება სათუო გახადა. ეკონომიკის ექსპერტის რომან გოცირიძის განცხადებით:

[გოცირიძის ხმა] „როდესაც ტარიფი მცირდება, საიდან უნდა გამოიძებნოს ის თანხები, რომელიც სესხის დასაფარად უნდა იქნეს გამოყენებული შემდეგ, როდესაც ტარიფი ძლივს ყოფნის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. ასე რომ, ეს საკითხი სამომავლოდ დადგება, მაგრამ მე არ მგონია ეს არსებითი საკითხი, რომელმაც შეიძლება შეფერხება გამოიწვიოს."[სტილი დაცულია]

სავარაუდოა, რომ შევარდნაძის უზბეკეთის დედაქალაქში გამგზავრება სხვა, უფრო მნიშვნელოვანი, პროექტის ბედითაა განპირობებული. არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოსა და ევრობანკის პრეზიდენტების შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაფინანსებას დაეთმობა.

როგორც ცნობილია, ამ მილსადენის მშენებლობის დაწყება ერაყის ომმა შეაფერხა და ჯერაც არაა გარკვეული, თუ როდის ჩაეყრება ფუნდამენტი ნავთობსადენის პირველ მონაკვეთს. მილსადენის ძირითადი ინვესტორი კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმი" ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან ნავთობსადენის პროექტში 300- დან 400 მილიონ დოლარამდე კრედიტის დაბანდებას ითხოვს. თბილისში ვარაუდობენ, რომ ამ საკითხში მნიშვნელოვან სიცხადეს საქართველოს პრეზიდენტის შევარდნაძისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ლეიმენის მოლაპარაკება შეიტანს.
XS
SM
MD
LG