Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დიდმა ნავთობსადენმა" საქართველოს იმპორტის სტრუქტურა შეცვალა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსი კვლავ დეფიციტურია. ამასთან, უარყოფით სავაჭრო სალდოს წლიდან წლამდე ზრდის ტენდენცია ახასიათებს, რაც ქართული ეკონომიკის წარმატებაზე ნამდვილად არ მეტყველებს.


სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე, 252, 5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდს 13 პროცენტით აღემატება. მატება, ძირითადად, იმპორტის ზრდით არის განპირობებული, რაც, თავის მხრივ, მსხვილი საერთაშორისო პროექტის დაწყებით და ენერგოშემცველების იმპორტით აიხსნება.

2003 წლის იანვარ-მარტში ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის დეფიციტმა 134,5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში ქვეყანას უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა 71 სახელმწიფოსთან, რომლებთანაც დეფიციტი 141 მლნ. დოლარი იყო. გასულ წლებში ეს მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურებოდა : 77 ქვეყანა და 116,5 მილიონიანი დეფიციტი. დეფიციტი, შარშანდელთან შედარებით, 17,6 პროცენტით არის გაზრდილი.

ქვეყნის ძირითადი სავაჭრო პარტნიორის სტატუსს ბოლო წლების განმავლობაში მყარად ინარჩუნებს რუსეთი, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ, მართალია, 10,4 პროცენტით იკლო, მაგრამ ამით ჩრდილოელ მეზობელს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი არ დაუკარგავს. რუსეთზე საქართველოს ძირითადი ექსპორტის 18,4 და იმპორტის 18,7 პროცენტი მოდის, თუმცა ეს მონაცემები სრულად არ ასახავს ამ ქვეყანასთან ტვირთბრუნვის მთლიან მოცულობას, რადგან სავაჭრო ურთიერთობისას, ტრადიციულად, დიდია კონტრაბანდის წილი.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობა 77 მლნ. აშშ დოლარის ფარგლებშია დაფიქსირებული. აქედან ექსპორტი 10, ხოლო იმპორტი 66,7 მლნ. დოლარს შეადგენს.

უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა დსთ-ს 4 ქვეყანა: რუსეთის გარდა, საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა აზერბაიჯანთან, უკრაინასა და სომხეთთან. აღნიშნულ ქვეყნებზე სავაჭრო ბრუნვის 40 პროცენტამდე მოდის.

საინტერესოა, რომ 2003 წლის პირველი კვარტალიდან იმპორტში გაჩნდა ახალი საქონელი - მილები. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ამას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაწყებას უკავშირებენ.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში 27 მილიონი აშშ დოლარის მილებია იმპორტირებული, რამაც აღნიშნული პროდუქციის წილი იმპორტის სტრუქტურაში 14,2 პროცენტამდე გაზარდა. სასაქონლო ჯგუფში მეორე ადგილი უკავია ტრადიციულ ენერგოშემცველებს - ნავთობის აირებსა და აირისებრ ნახშირწყალბადებს, რომლის იმპორტი დამახასიათებელია წლის ამ პერიოდში.
XS
SM
MD
LG