Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან დევნილები საარჩევნო უფლებების რეალიზებას ცდილობენ


აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა არამარტო საკუთარ საცხოვრებელსაა მოკლებული, არამედ ადამიანის უფლებათა სხვა ფასეულობებსაც, მათ შორის, კონსტიტუციით მინიჭებულ არჩევანის გაკეთების უფლებას.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 127-ე მუხლით, აფხაზეთიდან 1992 წელს არჩეულ დეპუტატებს უფლებამოსილება აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე უგრძელდებათ.

16 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო კოდექსის 127-ე მუხლის გაუქმების შესახებ შესული სარჩელის განმწესრიგებელი სხდომა უნდა გაიმართოს. კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მყოფი საარჩევნო კანონმდებლობის ამ მუხლის გაუქმებას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა ევროპულ-კავკასიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი კობა ჩოფლიანი მოითხოვს. მისი განცხადებით, ეს სულაც არაა აფხაზეთის ამჟამინდელი დეპუტაციის წინააღმდეგ მიმართული აქცია:
[კობა ჩოფლიანის ხმა] „ბევრი მათგანის მიმართ დიდი პატივისცემითა ვართ გამსჭვალულები, მაგრამ აქ, უბრალოდ, არის თვითონ პრინციპი, რომ არ შეიძლება ელემენტარულად შეიქმნას ის სიტუაცია, რომ, ერთი მხრივ, მოსახლეობას წაართვა საარჩევნო უფლება აფხაზეთიდან ასარჩევ დეპუტაციასთან მიმართებაში, ხოლო, მეორე მხრივ, ადამიანები უცვლელად იყვნენ პარლამენტში ყოველგვარი ცვალებადობის გარეშე."[სტილი დაცულია]

11 წლის წინ აფხაზეთში 12 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მსვლელობისას განხორციელდა და ქართულ მხარეს უკვე დაკარგული ჰქონდა ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. ხოლო იმ ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 220 ათასი კაცი, აფხაზეთის ამომრჩეველთა 70 პროცენტი, რომელმაც 1992 წელს ხმა მისცა 12 დეპუტატის არჩევას, ამჟამად აფხაზეთიდან დევნილია და კვლავ შესწევს უნარი აირჩიოს 12 მაჟორიტარი პარლამენტარი.

აფხაზეთის დეპუტაციის უფლებამოსილების შეწყვეტას და ახალი არჩევნების ჩატარებას დაუშვებლად მიიჩნევს ფრაქცია აფხაზეთის თავმჯდომარის მოადგილე აკაკი გასვიანი და, თუ რატომ, მისი კომენტარიდან შევიტყობთ:

[აკაკი გასვიანის ხმა] „ეს არის ყოვლად დაუშვებელი, მათი უფლებამოსილების შეწყვეტა არის ყოვლად დაუშვებელი და - რატომ? ამ შემთხვევაში ჩვენ ვართმევთ ლეგიტიმურ მემკვიდრეობას, რომლითაც მოდის ეს დეპუტაცია დღემდე და რომლითაც დამყარებულია სამართლებრივი, ასე ვთქვათ, ჯაჭვი, კავშირი აფხაზეთთან. ეს, ფაქტობრივად, არის მოთხოვნა იმისა, რასაც ითხოვს სეპარატისტული ხელისუფლება."

კობა ჩოფლიანი კი საფრთხეს სულ სხვაგან ხედავს. კერძოდ, ბოლო არჩევნებზე აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფლება მიეცა დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ხმა მისცეს როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შემადგენლობას.

[კობა ჩოფლიანის ხმა] „თუკი ისინი ღებულობენ მონაწილეობას იქ, სადაც დროებით ცხოვრობენ, ისინი სამართლებრივ-პოლიტიკურად ინტეგრირებულნი არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან და ამით ძალიან ცუდ პრეცედენტს და ცუდ შედეგებს ვღებულობთ. აქედან გამომდინარე, არის სწორედ ეს საშიშროება, რომ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს აფხაზეთის ოკუპაციის ერთგვარ დაკანონებას."

აფხაზეთიდან დევნილებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გაურკვეველია, რატომ არ უნდა ჰქონდეს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის უფლება აფხაზეთის ტერიტორიაზე თბილისის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კოდორის ხეობის მოსახლეობას. და რატომ უნდა შეეძლოს მას, მაგალითად, მხოლოდ ვაკის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატს მისცეს ხმა. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს.
XS
SM
MD
LG