Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იქმნება საჯარისო ქვედანაყოფები მთიან რაიონებში?


ჩრდილოეთი საზღვრიდან მომდინარე სამხედრო ხასიათის საფრთხეთა აღსაკვეთად, მეორე წელია, ხელისუფლება მეტად თამამ ექსპერიმენტს ატარებს და განსაკუთრებით მგრძნობიარე მთიან რეგიონებში

ადგილობრივი მცხოვრებლებისგან სპეციალურ ქვედანაყოფებს აყალიბებს. გასულ კვირაში თბილისში, ორხევის ბაზაზე, დაიწყო ფორმირება ე.წ. სვანური ბატალიონისა, რომლის მებრძოლები სამხედრო ამოცანას მესტიის რაიონში შეასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის სახალხო ლაშქარი გასამხედროებული სტრუქტურაა და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დაქვემდებარებაში იმყოფება, ცალკეული პოლიტიკოსები საქართველოში ფიქრობენ, რომ სვანური ბატალიონი ხელისუფლებას დესტაბილიზაციის მოსაწყობად სჭირდება.

საქართველოს ეროვნული გვარდიის ახალი, როგორც სამხედრო უწყებაში უყვართ თქმა, ამერიკული მოდელის კვალობაზე შექმნილი, წესდება საერთო საჯარისო კონტექსტიდან ამოვარდნილ ამ სამხედრო უწყებას პასუხისმგებლობის ორ ძირითად მიმართულებას განუსაზღვრავს: ეროვნულ გვარდიას მობილიზაციის უზრუნველყოფა და ბუნებრივი კატასტროფების დროს სამაშველო საქმიანობის ჩატარება ეკისრება. მაგრამ ვინაიდან სამაშველო საქმიანობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის ფუნქციონალური მოვალეობაცაა, ამიტომ ეროვნულ გვარდიას, ფაქტობრივად, მხოლოდ მობილიზაციის ჩატარების უფლება რჩება და ისიც მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან ხელისუფლებას უსახსრობის გამო არ შეუძლია და, კაცმა რომ თქვას, არც აუცილებელია, რომ მას შეიარაღებული ძალებისთვის მრავალრიცხოვანი სამოქალაქო სპეციალისტის მობილიზება შეუკვეთოს.

აქედან გამომდინარე, ახალი წესდების მიხედვით, ეროვნული გვარდია კარგა ხანი იქნებოდა თამაშგარე მდგომარეობაში, რომ არა 2001 წლის სექტემბერ-ოქტომბრის კოდორის ხეობის მოვლენები. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ მეტად მოხერხებულ გამოსავალს მიაგნო: ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში შეიყვანა ადგილობრივი სვანებისგან შექმნილი ქვედანაყოფი, თავი აარიდა ზედმეტ ხარჯებს, რაც თბილისიდან გადასროლილი სწრაფი რეაგირების ძალების როტაციასთან იყო დაკავშირებული და თავის გამართლების კარგი საშუალებაც გაუჩნდა გაეროს სამხედრო დამკვირვებლების წინაშე, რომლებიც უშიშროების საბჭოში რაპორტს რაპორტზე გზავნიდნენ ხეობაში რეგულარული ნაწილების ყოფნის გამო.

თანაც, ბატალიონის წევრთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხების ტრანსფერებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს მაღალმთიანი რაიონის ეკონომიკური მდგომარეობა.

მაგრამ ბოლო ხანს საქართველოში გახშირდა კრიტიკა ეროვნულ გვარდიაში სახალხო ლაშქრის პრინციპზე ბატალიონების მომრავლების წინააღმდეგ - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ანალოგიური დანაყოფები ჯერ ხევსურეთში, ხოლო შემდგომ მესტიაშიც შეიქმნა. სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ ასეთი საბრძოლო ქვედანაყოფების შექმნით ირღვევა ეროვნული გვარდიის წესდება, რომელიც საბრძოლო ფუნქციის შესრულებას არ ითვალისწინებს. სხვათა შორის, საქართველოს დელეგაციას ბრიუსელში ყოფნის დროს ეს შეუსაბამობა ნატოს ექსპერტებმაც შეახსენეს.
არსებობს იმ რიგის შენიშვნებიც, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან პირველმა რომ გამოთქვა. დეპუტატის თქმით, "შეიარაღებული სვანები ქვეყნისთვის საშიშროებას წარმოადგენენ და სვანური ბატალიონი საქართველოს ხელისუფლებას დესტაბილიზაციისთვის სჭირდება."

სრულიად საპირისპიროშია დარწმუნებული კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანი, რომელიც, შეთავსებით, კოდორის ოპერატიული მიმართულების სარდალიცაა. კვიციანის აზრით, ადგილობრივი სვანი მამაკაცებით დაკომპლექტებულ ბატალიონში არ ყოფილა საწესდებო მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევა და ეს ქვედანაყოფი მაღალი საბრძოლო სულისკვეთებით გამოირჩევა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG