Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო დროს ქვეყნის ცხოვრების ბევრ სფეროში პროცესები ერთობ დაძაბულად მიმდინარეობს.


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ბოლო დროს ქვეყნის ცხოვრების ბევრ სფეროში პროცესები ერთობ დაძაბულად მიმდინარეობს. გამონაკლისს არც შიდა პოლიტიკური ვითარება წარმოადგენს. 4 ივნისის გაზეთ "ახალი თაობის" თქმით,

"ოპოზიციამ დანაპირები შეასრულა. ჟვანია-სააკაშვილის გუნდს (მათში უკვე ახლებიც მოიაზრებიან) დიდი სურვილი ჰქონდა, ხელისუფლებას შავი სამშაბათი გასთენებოდა, მაგრამ ეს მაინცდამაინც კარგად ვერ გამოუვიდა". გაზეთი წერს:

"ოპოზიციამ პარლამენტის წინ შეკრება დილის თერთმეტი საათიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დიდი ხნის განმავლობაში რუსთაველის გამზირი მთლიანად პარალიზებული იყო, ოპოზიციამ მაინც ვერ შეძლო მოსახლეობის დიდი ნაწილის ქუჩაში გამოყვანა. მომიტინგეებს შორის არც სტუდენტობა ჭარბობდა, თუმცა სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი მოძრაობა "კმარა". ნეიტრალური პოზიციის მქონე ადამიანები ხმადაბლა საუბრობდნენ: ნოემბრის აქციების დროს რომ იყო, ოპოზიციამ იმდენი ხალხის გამოყვანა ვეღარ შეძლოო. ოპოზიციის ლიდერები კი იმუქრებოდნენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, აქცია უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებდა. მართალია, ოპოზიცია ცსკ-ის შესაცვლელად და თავიანთთვის სასურველი საარჩევნო კანონის მისაღებად შეიკრიბა, მაგრამ ცოტა ხანში მადა გაეზარდა და პრეზიდენტის და ხელისუფლების გადადგომის სურვილმა სძლია. "საქართველო შევარდნაძის გარეშე!" - გაისმოდა ოპოზიციის კარგად ცნობილი ლოზუნგი. დაახლოებით პირველის ნახევრისათვის ოპოზიციური პარტიის ლიდერები პარლამენტში შებრუნდნენ. მათი განცხადებით, უნდა ებრძოლათ იმისათვის, რომ სამართლიანი საარჩევნო კოდექსი მიეღოთ და არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისია გადამდგარიყო".


5-6 ივნისის გაზეთი "ალია" წერს, რომ "ოპოზიციის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
პარლამენტის წინ მოწყობილ აქციას სამართალდამცავები 226-ე მუხლის კვალიფიკაციას აძლევენ და გუშინვე თვითმხილველების დაკითხვა დაიწყეს".
გაზეთის თქმით:


"აქციის ორგანიზატორები ჯერჯერობით არ დაუკითხავთ. მანამდე კი შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე ძალოვნებს აქციის კანონიერების შესწავლა და ზომების მიღება მოსთხოვა. ძალოვნებიც დაფაცურდნენ".
"პირველი და უმთავრესი, რაც გუშინვე გამოიკვეთა - აქცია არასანქცირებული იყო. "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის მიხედვით, აქციის ორგანიზატორებს ხუთი დღით ადრე ქალაქის მერია უნდა გაეფრთხილებინათ და ამ გაფრთხილებას აუცილებლად წერილობითი ფორმა უნდა ჰქონოდა. თორემ სამშაბათს რომ ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდოდა, ეს ვანო ზოდელავამაც იცოდა და მერიის დამლაგებელმაც".


5 ივნისის "მთავარი გაზეთი" გვამცნობს, რომ "ევროსაბჭოს დელეგაციის წევრების, მათიას იორშისა და ევგენი კირილოვის, ორდღიან გადარბენას, დევიზით - "ჩვენ გვიყვარხართ და გაკვირდებით", მოჰყვება ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ მოხსენების წარდგენა (სექტემბერში).
გაზეთი წერს:


"ევროსაბჭოს მომხსენებლებს სურთ, ევროპას უპატაკონ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს და საქართველო "ბრწყინვალე, შესანიშნავი არჩევნებისთვის ემზადება".
"სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრებისგან ჯერ მხოლოდ საყვედურები გვესმის. იმედგაცრუება ვერც მათიას იორშმა და ევგენი კირილოვმა დაფარეს. თებერვალში ამავე მისიით საქართველოში მყოფმა ექსპერტებმა იმ იმედით დაგვტოვეს, რომ ივნისამდე მათი რეკომენდაციების მიხედვით საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებას მოვახერხებდით.
ევროსაბჭოს მომხსენებლების განცხადებით, ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმების მიღწევის შესახებ მათთვის მიცემული პირობა არ შეასრულეს. თუმცა, მათიას იორშის თქმით, პროგრესიც შეინიშნება - საარჩევნო კოდექსში შევიდა რიგი ცვლილებებისა, რომლებიც არჩევნებს გამჭვირვალეს გახდის".


სათაურით "ცესკომ" ქუდი დაიხურა, მაგრამ არ მიდის", 6-12 ივნისის გაზეთი "ახალი ეპოქა" ბეჭდავს წერილს, სადაც ნათქვამია, რომ "ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჯუმბერ ლომინაძემ განცხადება დაწერა და თანამდებობიდან გადადგა. მის მაგალითს ცესკოს კიდევ ექვსმა წევრმა მიბაძა".
გაზეთი წერს:


"გულთბილი დამშვიდობებისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შემდეგ თერთმეტი კაცის შემადგენლობით დარჩენილი ცესკო საბოლოო ვერდიქტს უკვე პარლამენტისგან ელოდება. სწორედ პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, კიდევ რამდენი ხანი იარსებებს მხოლოდ სახელისუფლებო ბლოკის წევრებისგან დაკომპლექტებული, თითქმის განახევრებული კომისია. მანამდე კი, არსებული კანონმდებლობის თანახმად, ცესკო დაშლილად არ ცხადდება, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს სწორედ ის მოამზადებს, ხოლო ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე გია ზესაშვილი შეასრულებს".


5 ივნისის გაზეთი "რეზონანსი" აღნიშნავს, რომ კომისიის ყოფილი წევრის მინდია სალუქვაძის განცხადებით, "მისი ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ცესკოს სახელის დისკრედიტაცია და კომისიის არასწორად დაკომპლექტება გახდა. მისი აზრით, ვიდრე ცესკო პარტიული პრინციპით იქნება დაკომპლექტებული, ყველა არჩევნები გაყალბებით ჩატარდება".
5 ივნისის გაზეთი "24 საათი" კი წერს:


"გუშინ ცესკო-ს ერთსაათიანი სხდომა საკმაოდ წინააღმდეგობრივად წარიმართა - იყო ურთიერთრევერანსები, დაუფარავი აგრესია, პოლიტიკური განცხადებები და ბრალდებები ჟურნალისტების მისამართით, რომლებსაც თურმე ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით ცესკოს-თვის ასეთი უარყოფითი იმიჯის შექმნაში. ამ მხრივ, თავი ყველაზე მეტად "აღორძინების" წარმომადგენელმა გივი კომახიძემ გამოიდო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ცესკო-ს სახელის შელახვა, არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ მედიის დამსახურება ყოფილა. ამ მოტივით, ბატონმა კომახიძემ კომისიის პრეს-ცენტრის უფროსსაც კი შეუტია და მისი საქმიანობა, ანუ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში ჩაურევლობა, ყოვლად არადამაკმაყოფილებლად შეაფასა".


ახლა კი ტერორიზმის პრობლემის გარშემო გესაუბრებით. 6 ივნისის "მთავარი გაზეთი" წერს, რომ "თვრამეტთვიანი პაუზის შემდეგ კოდორის ხეობაში უცნობმა პირებმა კვლავ გაიტაცეს საქართველოში გაერო-ს მისიის სამხედრო დამკვირვებლები, რომლებიც კოდორის ხეობაში გეგმურ პატრულირებას ახორციელებდნენ.


გატაცება ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ გენწვიშის სიახლოვეს, 5 ივნისს, დილის 9 საათსა და 20 წუთზე, მოხდა. გაერო-ს სამხედრო დამკვირვებლები და რუსი "მშვიდობისმყოფელები" სოფელ გენწვიშისკენ მოძრაობდნენ, როდესაც ნიღბიანმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. რუსმა "სამშვიდობოებმა", რომლებსაც სამხედრო დამკვირვებლების დაცვა ევალებოდათ, სროლისთანავე იარაღი დაყარეს. გამტაცებლებმა სამი სამხედრო დამკვირვებელი და თარჯიმანი მძევლად აიყვანეს, თან წაიღეს "სამშვიდობოების" კუთვნილი იარაღი, რუსი "სამშვიდობოები" კი გამოუშვეს. გატაცებულთა ვინაობა მოგვიანებით გაირკვა. გატაცებულთა შორის არიან: ორი გერმანელი - კლაუს ოტი და ჰერბერტ ბაუერი, ერთი დანიელი - ჰენრიკ სორენსენი და მათი თარჯიმანი - ლევან ჩიკაშუა.
ჯერჯერობით გამტაცებლები კავშირზე არ გამოსულან, არც გამოსასყიდი მოუთხოვიათ და გატაცებულების გათავისუფლების სანაცვლოდ არც რაიმე პირობა წამოუყენებიათ. ეს უკვე კოდორის ხეობაში გაერო-ს სამხედრო დამკვირვებლების გატაცების მეოთხე ფაქტია".


დაბოლოს, აშშ-ის ადმინისტრაციის პირველი მრჩევლის კასპიის აუზის ენერგეტიკის პოლიტიკის საკითხებში, სტივენ მენის, თბილისში ვიზიტის შესახებ. 7 ივნისის გაზეთი "რეზონანსი" წერს:


"აშშ-ის ელჩის რიჩარდ მაილსის მიერ გაკეთებული მკვეთრი განცხადებების შემდეგ, რაც "გაზპრომის" ხელმძღვანელობის თბილისში ვიზიტს მოჰყვა, სტივენ მენი შედარებით დიპლომატიურად, მაგრამ გასაგებად აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთისა და აშშ-ის ინტერესებს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს".
"სტივენ მენი გუშინ თითქმის ერთი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა პრეზიდენტ შევარდნაძეს. შეხვედრიდან პრეზიდენტ ბუშის პირადი წარმომადგენელი საკმაოდ კმაყოფილი გამოვიდა. მან აშშ-ისა და დასავლეთის მიერ საქართველოს მიმართ რაიმე სანქციების გატარებაზე საუბარი ძალიან არარეალურად და ჰიპოთეტურად გამოაცხადა და თქვა, რომ "გაზპრომთან" დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მხოლოდ პირველი ნაბიჯები იყო გადადგმული".
"კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია გაცილებით უფრო სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მიერ "გაზპრომთან" ჩახუტებით. თუმცა პრეზიდენტმა შევარდნაძემ საკუთარი მინისტრების მიერ რუსულ პოლიტიზებულ კაპიტალთან გაბმული "ფლირტის" სანაცვლოდ მიიღო საკმაოდ მკაფიო მესიჯი, რომ აშშ საკუთარ ინვესტიციას საქართველოში სერიოზულად დაიცავს".
XS
SM
MD
LG