Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშვიდობო მოწესრიგების დიპლომატია აფხაზეთში მიმდინარე ძალადობის ფონზე


ორი დღის წინ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის უსაფრთხოების ზონაში დაწყებული ძალადობის მიუხედავად, თბილისი და მოსკოვი აგრძელებენ 6 მარტს პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და ედუარდ შევარდნაძის

მიერ სოჭში შეთანხმებული სამშვიდობო ინიციატივების რეალიზებაზე მუშაობას. 26 ივნისს, რუსეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილის ვლადიმირ საზონოვის ხელმძღვანელობით, თბილისში ჩამოვიდა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ქართველ კოლეგებთან ერთად აპირებს, შეაფასოს აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ხაზის მდგომარეობა და უსაფრთხოების გარანტიები. თბილისში ამ დელეგაციის ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.


აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში ყოველთვის საკვანძო როლს თამაშობდა.
ღირს გავიხსენოთ, რომ 1992 წლის 14 აგვისტოს სწორედ სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმების აღკვეთის მცდელობა გახდა ფორმალური საბაბი აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისა, რომლის დროსაც რუსეთთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი არტერია დიდი ხნით გადაიკეტა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სომხეთისთვისაც.

თუმცა, ამ სარკინიგზო მაგისტრალს რომ არა მხოლდო ლოკალური, არამედ გეოსტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, ეს კონფლიქტის დასრულების შემდგომ წლებში გამოიკვეთა. უნედლეულოდ დარჩენილი და, ფაქტობრივად, ბლოკადაში მოქცეული ქართული მრეწველობა ჩაკვდა და იგი კაპიკების ფასად ჯართად გაიყიდა თურქეთში, ხოლო მეზობელი ქვეყნიდან შემოსულმა პროდუქციამ თითქმის მთლიანად შეავიწროვა რუსული პროდუქცია ქართულ ბაზარზე. იგივე განმეორდა სომხეთში, რომელიც იძულებული გახდა საკუთარი ბაზრის მოთხოვნილება ირანული იმპორტით შეევსო.

აქედან გამომდინარე, აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადა, რის გამოც თბილისი ჯიუტად უარს ამბობდა სოხუმზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებაზე, მხოლოდ ფორმალური საბაბი იყო. სინამდვილეში კი შევარდნაძის ხელისუფლებას და მის დასავლელ და, განსაკუთრებით, თურქ კოლეგებს შორს მიმავალი მიზნები ჰქონდათ - გზა გადაეჭრათ რუსეთის ეკონომიკური ექსპანსიისთვის სამხრეთ კავკასიაში, რასაც, სიმართლე ითქვას, საქართველოს მიმართ სავიზო რეჟიმის შემოღებით თავად რუსეთმაც შეუწყო ხელი.

შესაბამისად, როდესაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სთანხმდება აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებაზე, მას არა მხოლოდ ისეთი ოპონენტების აზრის გათვალისწინება მოუწევს, როგორიც დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილია, რომელიც ღიად უპირისპირდება ამ იდეას, არამედ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისა, თურქეთის და აზერბაიჯანის სახით, რომლებსაც სტატუს-კვო, შესაძლოა, ბევრი გარემოების გამო ხელს აძლევდეთ.

მაგრამ, მიუხედავად ამ რეალობისა, საქართველოსა და რუსეთს შორის იწყება დიალოგი აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ. თბილისში იმედოვნებენ, რომ რუს მინისტრის მოადგილესთან, ვლადიმირ საზონოვთან, მოლაპარაკების დროს ჩამოყალიბდება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სამუშაო ვითარებაში შეაფასებს რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობებს. ეს სამუშაო კი არ იქნება იოლი, მით უფრო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ, შეთანხმების თანახმად, რკინიგზის მაგისტრალის აღდგენას სინქრონულად უნდა მოჰყვეს ლტოლვილთა დაბრუნება გალის რაიონში, სადაც ბოლო დღეებში კვლავ სროლის ხმა ისმის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG