Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 496-ე გამოშვება


წამყვანი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, ახლა, ტრადიციისამებრ "მეათე სტუდიაში" გიწვევთ და რადიოჟურნალის დღევანდელი გამოშვების დიდ ნაწილს საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე საუბარს დავუთმობთ. კერძოდ, გიამბობთ, რა ინიციატივები გაჩნდა საზოგადოებაში საპარლამენტო არჩევნების წინ, გაგაცნობთ მოსაზრებებს თემაზე "ქართული ბიზნესი პოლიტიკური არჩევანის წინაშე". შემდეგ წარმოგიდგენთ "მეათე სტუდიის" დღევანდელ სტუმარს, რომელთან დასაკავშირებლადაც რომში დარეკვა მოგვიხდა - ეს გახლავთ ახალგაზრდა დიზაინერი ხატია ჩომახაშვილი. გადაცემის ბოლოს კი ჯაზზე ვისაუბრებთ დიდი მუსიკოსის, ბენი კარტერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. პრაღაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.

[მუსიკა]

რა ინიციატივები გაჩნდა საზოგადოებაში საპარლამენტო არჩევნების წინ

წამყვანი:
2 ნოემბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს. ეს რომ ასეა, მოწმობს ინიციტივები, ბოლო დროს დისკუსიის საგნად რომ იქცა. დაახლოებით ერთი თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების ლიგამ წამოაყენა დეპუტატობის კანდიდატთა ფსიქიკური და ნარკოლოგიური შემოწმების აუცილებლობა. ცოტა უფრო ადრე არასამთავრობო ორგანიზაციათ კოალიციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო პარლამენტართა რაოდენობის შემცირების მოთხოვნისთვის. თუმცა, საზოგადოებიდან წამოსული ინიციატივები ამით არ ამოწურულა. რა ახალი ინიციატივები გაჩნდა ქართულ საზოგადოებაში - თამარ ჩიქოვანი მოგითხრობთ.

თამარ ჩიქოვანი:
ამ კვირაში გახმოვანებული ერთერთი ახალი ინიციატივა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ეკუთვნის. სამართლიანი არჩევნების საზოგადოების აზრით, აუცილებელია საარჩევნო კოდექსსა და შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ჩაიდოს მოთხოვნა, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციების შევსების შესახებ. ასეთ პრაქტიკა არსებობს როგორც განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში - მაგალითად, ასეთი წესი მოქმედებს აშშ-ში, ისე , ასე ვთქვათ, გარდამავალ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და ყირგიზეთში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აზრით, ამომრჩეველს აქვს უფლება, იცოდეს, რა ქონება და ფინანსები აქვს პირს, რომლის მიერ მიღებულ აგდაწყვეტილებებზე უამრავი ადამიანის ბედია დამოკიდებული. ამავე დროს, სამართლიანი არჩევნების საზოგადოება არ თქვლის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ საფინანსო და ქონებრივი დეკლარაცების შეუვსებლობა აე უნდა გახდეს საარჩევნო პროცესიდან მისი გამოთიშვის საფუძველი. თუ კანდიდატი არ წარმოადგენს საფინანსო დეკლარაციას, იგი მხოლოდ ფინანსურად უნდა დაჯარიმდეს.

აბსოლუტურად განსხვავებული ინიციატივა წამოაყენა პარლამენტის რიგგაშე სხდომაზე პარლამენტარმა ადა მარშანიამ. მისი აზრით, აუცილებელია ქალთა უფლებების დაცვისთვის საარჩევნო კანონში ცვლილებები შევიდეს. კერძოდ: [ადა მარშანიას ხმა] " პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისთვის, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მინიმუმ ყოველი მეოთხე კანდიდატი პარტიის საარჩევნო სიაში იყოს ქალი."

პარლამენტარების აპლოდისმენტებმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ. პარლამენტარ მამაკაცთა უმრავლესობა, ასეთ საკანონდებლო ინიციტივას მიუღებლად თვლის. ისინი კი, ვინც სიტყვიერად მხარდაჭერას უცხადებდა ქალბატონი პარლამენტარის ინიციატივას, ოხუნჯობის ტონს იყენებდნენ. მაგალითად, ფრაქცია "აღორძინების" ლიდერი ჯემალ გოგიტიძე ადა მარშანიას ინიციატივას ახალი ინიციატივით ეპასუხება:

[ჯემალ გოგიტიძის ხმა] " მე ვფიქრობ, ნამდვილად ჭირდება საქართველოს ქალებს უფლებების დაცვა და ეს კაცებმა უნდა გავაკეთოთ. ჩემი აზრით, საქართველოს პარლამენტი მთლიანად ქალბატონებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. თავმჯდომარე ქალბატონი ნამდვილად არის. ამდენი კაცი - თოხი უნდა მისცე ხელში და ათოხნინო ყანა. და ქალბატონებმა გადაწყვიტონ, მიიღონ კანონები და რასაც თქვენ გადაწყვეტთ, ჩვენ იმას შევასრულებთ."

კიდევ ერთი საინტერესო ინიციტივა, ქალთა პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის თვალსაზრისით, გაერთიანებული დემოკრატების წევრს ვასილ მაღლაფერიძეს ეკუთვნის: [ვასილ მაღლაფერიძის ხმა] " ქვედა პალატა იღებს გადაწყვეტილებებს, ზედა პალარა ამტკიცებს. ჩვენ ხომ გადავდივართ ორპალატიან პარლამენტზე? ასეთ მოდელზე ვიფიქროთ - ქვედა პალატაში იყვნენ მამაკაცები, სენატში - ქალები, ვინც ამას დაამტკიცებს და გადაწყვეტენ ამას მთლიანად."

ქალთა პოლიტიკაში ჩართვის ინიციატივის ავტორი ადა მარშანია იმედს არ კარგავს, რომ პარლამენტარი მამაკაცები უფრო სერიოზულად შეხედავენ ამ პრობლემას - ცნობისთვის, საკანონდებლო ორგანოში ქალთა რაოდენობის თვალსაზრისით, საქართველოს ბოლოდან მესამე ადგილი უკავია - და აცხადებს: [ადა მარშანიას ხმა] " თქვენ, ამმაკაცები, ჩვენ გარეშე კარგ, ძალიან კარგ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებთ. ჩვენ ერთობლივად უნდა ვიფიქროთ. ჩვენ ერთობლივად უნდა მოვიაზროთ ეს პრობლემა და ერთად უნდა გადავწყვიტოთ."

თუ ეს პრობლემა პარლამენტში წარმოდგენილმა მამაკაცებმა და მანდილოსნებმა ერთდ მოიაზრეს და გადაწყვტიეს, მომავალ პარლამენტში ყოველი 100 მამაკაცი პარლამენტარის გვერდით 20 პარლამენტარი მანდილოსანი იქნება წარმოდგენილი.

თამარ ჩიქოვანი რადიო "თავისუფლებისათვის", პრაღა.

წამყვანი:
საქართველოს მომავალი პარლამენტის შემადგენლობისა არ ვიცი, მაგრამ აი სკანდინავიის ქვეყნებში პარლამენტარების დაახლოებით ნახევარს შეადგენენ ქალები - მათი ქვეყნებისა და საქართველოს მდგომარეობის შედარებას მაინცდამაინც დაკვირვებული თვალი არ სჭირდება იმის მისახვედრად, ვის არა აქვს საქმე საოხუნჯოდ.

[მუსიკა]

ახალი კომპიუტერული პროექტი ამომრჩეველთა ხმების გაყალბების თავიდან ასაცილებლად

წამყვანი:
2 ნოემბრის საპარლამენტო არჩვენების სამართლიანად ჩატარების ე.წ. ბეიკერისეულ ათპუნქტიან რეკომენდაციებში, საარჩევნო ადმინისტრაციის პარიტეტულად დაკომპლექტების გარდა, ერთ-ერთი მთავრი ადგილი უკავია ხმის მიცემის პროცესში გაყალბების მანკიერებათა აღმოფხვრას. თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხზე მიმდინარე ცხარე დებატების ფონზე, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პოლიტიკურ პარტიებს ნაკლებად აინტერესებთ ხმის მიცემის გამჭვირვალე სისტემის შექმნა, რადგან გაყალბებითა და ე.წ. "კარუსელების" ტრიალით, მეტ-ნაკლებად ყველანი ცოდავენ. ამ დასკვნამდე მივიდნენ საზოგადოებრივი გაერთიანება "ფართო წესრიგის კავშირის" წევრები, რომლებმაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარების კომპიუტერული სისტემა შექმნეს, თუმცა ქვეყანაში გამეფებული საარჩევნო კონიუნქტურის გამო, ამაოდ დაშვრნენ. თუ რატომ, კობა ლიკლიკაძე ისაუბრებს.

კობა ლიკლიკაძე:
იოსებ სტალინისეული განმარტებით არჩევნების ბედს წყვეტს არა ის, ვინც ხმას აძლევს, არამედ ვინც ხმებს ითვლის. შესაბამისად 2 ნომებრის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს დარჩენილ დროში, საქართველო უარის თქმას სტალინისეულ საარჩევნო ტექნოლოგიაზე და მინიმუმამდე შეამცირებს ხმის მიცემისა თუ მისი დათვლის პროცესში დამკვიდრებულ უკანონობას.

ღირს გავიხსენოთ, რომ ამომრჩეველთა ხმების გაყალბებისაგან დასაცავად საქართველოში რამდენიმ სუსტ მცდელობას ჰქონდა ადგილი. გარკვეული პოლიტიკური პარტიები და გარკვეული დროსი ფარგლებში მხარს უჭერდნენ ამომრჩეველთა მარკირებას, მაგრამ იმის გამო, რომ თურმე ქართველები ბუნებით ამაყები არიან და ვერ იგუებენ ასეთ დამამცირებელ დამღებს, ეს იდეა უარყოფილი იქნა.

მოგვიანებით პოლიტიკოსთა ერთმა ჯგუფმა, დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის თაოსნობით კომპიუტერული საარჩევნო სისიტემის პროექტი მოიფიქრა, რომელიც თითქოს ყველამ მოიწონა, მაგრამ სახელმწიფოს არ აღმოაჩნდა ამ იდეის რეალიზებისთვის საჭირო რესურსს.

სწორედ ამ პროექტი ალტერნატიულია ის საარჩევნო კომპიუტერული სისტემა, რომელიც "მოძრაობა ფართო წესრიგში" გაერთიანებულმა სპეციალიტებმა შეიმუშავეს. ამ პროექტის კოორდინატორი, ავიაციის ინჟინერი და პრობლემატიკის თეორიის ავტორი თეიმურაზ მაისურაძე მიიჩნევს, რომ მათ მიერ შემუშავებული პროექტი მინიმუმამდე ამცირებს ხმათა გაყალბების საშიშროებას და არჩევნების გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს. აი, როგორ გამოიყურება ხმის მიცემი პროცედურა ამ სისტემის მიხედვით:

[თეიმურაზ მაისურაძის ხმა] "ვთქვათ მე შევდივარ საარჩევნო უბანში, წარვადგენ პასპორტს, ვდებ პასპორტს სკანერზე, შემდეგ შევდივარ საარჩევნო ჯიხურში, ვკრიფავს სასურველი კანდიდატის ნომერს და ღილაკით შემყავს კომპიუტერში. კომპიუტერი ამოწმებს მონაცემებს და გადასცემს პრინტერს. პრინტერიდან გამოსული ქვითარი ეკუთვნის ამომრცეველს, ხოლო ძირი პირდაპი ვარდება საარცევნო ყუთში."

დანარჩენი კი, როგორც იტყვიან ტექნიკის საქმეა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქ მეორედ მისცემს ხმას, კომპიუტერი აფიქსირებს პასპორტის განმეორებას და მონაცემი გადააქვს ე.წ. "შავ სიაში", ხოლო საარჩევნო ყუთში ჩავარდნილ ბიულეტენში მიცემული ხმის გრაფა იქნება ცარიელი. თუკი პიროვნება რაიმე მიზეზით არ აღმოჩნდება მონაცემთა ბაზაში, ან სარგებლობს ყალბი პასპორტით, მონაცემი გადავა დამატებით სიაში, ხოლო ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით მიცემული ხმა ანულირდება.

პროექტის მიხედვით, საარჩევნო დღის ბოლოს ცე-სკ-ო-ში ყველა ხმა იქნება დათვლილი, ორ-სამ დღეში ეს დაჯამებული მონაცემები გამოქვეყნდება სპეცილაურ ბეჭდვით ორგანოში და ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, პირადი ქვითრით შეამოწმოს შედეგების სისწორე.

რაც შეეხება ხარჯთაღრიცხვას, მთელის საარჩევნო სისტემის კომპიუტერული უზრუნველყოფა 9 მილიონი ლარი ჯდება. თანაც, ამ იდეის ავტორის თქმით, ეს დანახარჯი ერთჯერადია და შეუძლია უზრუნველყოს არა მხოლოდ არჩევნების ჩატარება ნებისმიერ დროს, არამედ სხვა სახელმწიფო ამოცანების შესრულებაც ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

[თეიმურაზ მაისურაძის ხმა] "ეს არის ფულის დაბანდება იმ სისტემაში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო აპარატის და ყველა საქმიან სტრუქტურა სსჭირდება. ეს არის საქართველოს მონაცემთა ბაზის შიდა ინტერნეტიაზცია, დაწყებული საბაჟო სამსახურიდან დამთავრებული რიგით საპასპორტო მაგიდამდე, ყველა ჩართულია ამ ქსელში. მაგრამ ეს არის მომხმარებლის ტერმინალი. საარჩევნო ტერმინალი არის სუფთა, ცალკე, როემლცი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ არცევნებს. დანარჩენი, მთელი ტექნიქა, ემსახურება ყოველტვის საზოგადოებას."

აღსანიშნავია, რომ "ფართო წესრიგის კავშირის" მიერ შემუშავებულ კომპიუტერული საარჩევნო სისტემის პროექტი დაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას. გამოხმაურებაც მათზე ძირითდად დადებითი იყო, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგა, ზოგიერთი პარტიის ლიდერმა, რომლებიც სიტყვით სამართლიან, დემოკრატიულ და გაუყალბებელ არჩევნებს უჭერენ მხარს, ამ სისტემის აპრობირება პრეზიდენტის არჩევნებისთვის ჩათვალა მიზანშეწონილად, ზოგმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ ასეთი კომპიუტერული საარჩევნო სისტემის პირობებში ვერავინ იწინასწარმეტყველებს საერთოდ ჩატარდება თუ არა არჩევნები.

ასე რომ, ჩანს, არჩევნების ბედს საქართველოში კვლავ დიდხანს გადაწყვეტენ არა ამომრჩევლები, ვინც ხმას აძლევს და არამედ ის ადამიანები, ვინც ხმებს ითვლიან.

წამყვანი:
კობა ლიკლიკაძე სამწუხარო, მაგრამ, როგორც ჩანს, რეალურ პროგნოზს აკეთებს. პროგნოზის გაკეთებას შევეცდებით მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებულ შემდეგ სიუჟეტშიც. ლაპარაკობს რადიო "თავისუფლება".

[მუსიკა]

ქართული ბიზნესი პოლიტიკური არჩევანის წინაშე

წამყვანი:
არჩევნების წინ პოლიტიკოსები განსაკუთრებულად ზრუნავენ ფულის საშოვნელად. ბიზნესმენების მიერ პოლიტიკური ჯგუფების დაფინანსება ჩვეულებრივი პრაქტიკაა ყველა ქვეყანაში. აქამდე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ბიზნესის არჩევანი გასაგები იყო: ერთი ნაწილი მოქალაქეთა კავშირს თანაუგრძნობდა და ეხმარებოდა, მეორე, უფრო მცირე - აღორძინებას, მესამე კი თავად შევიდა პარლამენტში. დღეს არც მოქალაქეთა კავშირი და არც აღორძინება აღარ არის იმ გაქანების ძალა, როგორც იყო ამ 4 წლის წინათ. საინტერესოა, რას აირჩევენ ქართული ბიზნესის წარმომადგენლები? ბიზნესისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართებაზე ამ წინასაარჩევნო პერიოდში დავით პაიჭაძე ესაუბრა ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის ექსპერტს ნიკო ორველაშვილს.

დავით პაიჭაძე:
პოლიტიკური სპექტრის გამრავალფეროვნებამ, ან, თუ გნებავთ, იმ პოლიტიკური ჯგუფების რაოდენობის გაზრდამ, რომელთაც აქვთ პარლამენტში მოხვედრის შანსი, ბიზნესმენები აიძულა, ხელი აეღოთ ერთ რომელიმე ძალასთან თანამშრომლობაზე - მიაჩნია ნიკო ორველაშვილს. მისი აზრით, ბიზნესმენები დივერსიფიცირებას ახდენენ და რამდენიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ურთიერთობას არჩევენ, რაც ნიშნავს, რომ მზად არიან ამ ორგანიზაციების დაფინანსებისათვის. დაფინანასებას, ცხადია, ყოველთვის გამჭვირვალე და ლეგალური ფორმა არ ექნება. ეს დივერსიფიცირება, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური სიმპათიების შენიღბვის საშუალებაა: ბევრ ბიზნესმენს არ სურს ღიად გამოხატოს, ვინ ეგულება პარტნიორად პოლიტიკაში. ამასთან, არაერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის გაწეული ფინანსური დახმარება უკეთეს პირობას ქმნის მომავალ პარლამენტში მეტი მხარდამჭერის არსებობისათვის.

პარტიათა დაფინანსების, ასე ვთქვათ, ალტერნატიულ ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ რეიტინგული პოლიტიკური ჯგუფების მიერ ადგილების გაყიდვა საარჩევნო სიაში. თუმცა, ნიკო ორველაშვილის აზრით, ეს პრაქტიკა, პირველთან შედარებით, ნაკლებ გავრცელებულია. ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის ექსპერტი მიანიშნებს, რომ ასეთ შემთხვევასთან საქმე შეიძლება გვქონდეს, როცა ლეიბორისტული პარტიისა და ბიზნესის ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ.

ამა წლის აპრილში ჩვენ მოწმენი გავხდით, როგორ გამოხატა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა კეთილგანწყობა "ახალი მემარჯვენეებისა" და "გაერთიანებული დემოკრატების" მიმართ და ამის შემდეგ, საკმაოდ დიდხანს უხდებოდა ლოიალობის მტკიცება პრეზიდენტ შევარდნაძისადმი. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: შესწევს დღეს ხელისუფლებას ძალა საიმისოდ, რომ ბიზნესი დაიმორჩილოს და მხოლოდ მისი, არჩევნებისათვის მზადების პროცესში მყოფი ხელისუფლების სპონსორობა აიძულოს? ნიკო ორველაშვილის აზრით, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რა ყურადღებას დაუთმობს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოებრიობა; თუ ხელისუფლებას შეეზღუდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შანსი, რაც ხმების 10-15%-ს ნიშნავს, ბიზნესიც შესაბამისად მოიქცევა. დღესდღეობით კი ბიზნესმენები ფრთხილობენ და პოლიტიკას, როგორც საინვესტიციო გარემოს, ისე აკვიდრებიან: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში ბიზნესმენები უფრო თამამად დააფინანსებენ ამჟამინდელ არასახელისუფლებო ძალებს. უბრალოდ, ახლა ნათელი არ არის, რა უნარებს გამოავლენს ხელისუფლება შემოდგომიდან, უშუალოდ საარჩევნო რბოლის დროს და როგორ მოიქცევა საერთაშორისო საზოგადოებრიობა.

ერთი შეფასებით, საქართველოში არ განვითარდა საშუალო ბიზნესი. არ არსებობს საბოლოო კრიტერიუმი, რომლითაც განსაზღვრავ, რომელი ბიზნესია საშუალო, მცირე და წვრილი. სამაგიეროდ, დანამდვილებით შეიძლება მსხვილი ბიზნესმენების ჩამოთვლა. მე ვკითხე ნიკო ორველაშვილს, რა დაუდგენელიც უნდა იყოს საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა რიცხვი საქართველოში, რომელი პოლიტიკური ძალა შეიძლება ეგულებოდეს ამ ხალხს მისი ინტერესების გამომხატველად პარლამენტში და, შესაბამისად, ვის შეიძლება ჰქონდეს საშუალო და მცირე ბიზნესისგან შეწევნის იმედი? ეკონომიკის განვითარების ინსტიტუტის ექსპერტის აზრით, ასეთ როლს ბევრი პოლიტიკური ფიგურა და ჯგუფი იჩემებს, მაგრამ ამას არათუ პროგრამით - ხმამაღლა გაცხადებული ორიოდე პრინციპითაც ვერ ამტკიცებს. ქართველი პოლიტიკოსების საქმიანობასა და საკანონმდებლო ინიციატივებზე დაკვირვების შედეგად ნიკო ორველაშვილი ამბობს:

[ორველაშვილის ხმა]: "ამჟამად პოლიტიკურ ელიტაში, პრაქტიკულად, არ მეგულება ძალა ან დაჯგუფება, რომელიც ადეკვატურად აღიქვამს მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემებს და რომელსაც გაცნობიერებული, ჩამოყალიბებული ექნება ამ პრობლემების გადაწყვეტის ღონისძიებათა თუნდაც ძალიან მარტივი სისტემა".

ნიკო ორველაშვილი აზრს იმითაც ამაგრებს, რომ პოლიტიკური პარტიების რიგებში კვალიფიციური ეკონომისტები ნაკლებად არიან. თუმცა, აქვე შეგვეძლო გვეთქვა, რომ კვალიფიციური ეკონომისტები, ჩანს, პარტიათა მიღმაც, არ არიან ბევრნი.

[მუსიკა]

ინტერვიუ ახალგაზრდა დიზაინერ ხატია ჩომახაშვილთან

წამყვანი:
იყო დრო, როცა "ყველა გზა რომში მიდიოდა". მას შემდეგ, მართალია, ბევრმა წყალმა ჩაიარა და რომის პოლიტიკური, თუ სამხედრო ძლევამოსილება ისტორიის კუთვნილება გახდა, მაგრამ დარჩა ერთი სფერო მაინც, რომელშიც მარადიული ქალაქი მსოფლიოს ერთ-ერთი ცენტრის სტატუსით ამაყობს - ეს მოდა გახლავთ. ამ დღეებში კი რომი სწორედ მოდით იპყრობს ყურადღებას. იქ 13 ივლისს დაიწყო ორგანიზაცია "ალტა რომას" კვირეული, რომელშიც ამჯერად ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი ხატია ჩომახაშვილიც მონაწილეობს. მას ტელეფონით დავუკავშირდი.

იხ. აუდიოვერსია

[მუსიკა]

გარდაიცვალა საქსოფონისტი ბენი კარტერი

წამყვანი:
ჯაზის გიგანტთა რიგებს კიდევ ერთი დიდი მუსიკოსი გამოაკლდა: შაბათს,ლოს ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა საქსოფონისტი და კომპოზიტორი ბენი კარტერი. კარტერს, რომელიც საქსოფონის გარდა, ვირტუოზულად ფლობდა სხვა ინსტრუმენტებსაც - საყვირს, კლარნეტს, ტრომბონს, ფორტეპიანოს - კოლეგები "The King"-ად, ანუ "მეფედ" მოიხსენიებდნენ. დავით კაკაბაძე შეეცდება აგიხსნათ, რატომ

დავით კაკაბაძე:
დიდმა ლუი არმსტრონგმა ბენი კარტერზე ერთხელ ასეთი რამ თქვა: "აი, ხომ არიან დიუკ ელინგტონი, კაუნტ ბეისი, ერლ ჰაინსი? ბენიც იქვეა, მათთან ერთად. და ყველა, ვინც ბენის ფასი იცის, მას "კინგს" ეძახის. ბენი მართლაც მეფეა!" მომიტევონ ინგლისურის მცოდნეებმა, მაგრამ დანარჩენთათვის ლუი არმსტრონგის ამ სიტყვებს მცირე განმარტებას დავურთავ: "Duke" ინგლისურად ჰერცოგს ნიშნავს, ხოლო "Count" და "Earl" - გრაფს. იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ თუ ელინგტონს "მხოლოდ" ჰერცოგობა ერგო, ბეისისა და ჰაინსს კი - "მხოლოდ" გრაფობა, მაშინ ბენი "კინგ" კარტერი მათზე დიდი მუსიკოსია. მაგრამ ბენი კარტერის ეს მეტსახელი იმაზე მაინც მიგვანიშნებს, რომ ჩამოთვლილ მუსიკოსთა შორის მას ღირსეული ადგილი უკავია.

ბენი კარტერი 1907 წლის 8 აგვისტოს, ნიუ იორკში დაიბადა. ათი წლის რომ გახდა, დედამისმა ფორტეპიანოზე დაკვრა ასწავლა. 14 წლისამ საყვირზე დაკვრა მოინდომა, მაგრამ ერთ კვირაში მოთმინება დაკარგა (კარგად ვერ ვუკრავო) და საქსოფონზე გადაერთო. აი, ამ ინსტრუმენტს კი პატარა ბიჭმა იოლად აუღო ალღო და სულ რაღაც ერთ წელიწადში ჰარლემის ღამის კლუბების სასურველ და პოპულარულ შემსრულებლად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი მუსიკალური განათლება არ მიუღია, ბენი კარტერი ჯაზის სამყაროში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა - როგორც კოლეგებს, ისე კრიტიკოსებს შორის. "ბენი კარტერს ყველამ უნდა მოუსმინოს - მისი მოსმენა უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის დიპლომის ტოლფასიაო", თქვა ერთხელ მაილს დევისმა ჟურნალ "დაუნ ბიტისთვის" მიცემულ ინტერვიუში. მან იცოდა, რასაც ამბობდა: 40-იან წლებში სრულიად ახალგაზრდა მაილს დევისი ბენი კარტერის "ბიგ ბენდის" წევრი იყო (ისევე, როგორც, სხვათა შორის, კიდევ ერთი ლეგენდარული მესაყვირე დიზი გილესპი). თავად კარტერი კი შემსრულებლად და არანჟირების ოსტატად გვევლინება ისეთი ორკესტრებისთვის, როგორიც იყო ფლეჩერ ჰენდერსონის, ჩიკ უების, ლაიონელ ჰემპტონისა და დიუკ ელინგტონის "ბიგ ბენდები".

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბენი კარტერი მრავალ ინსტრუმენტზე უკრავდა. მაგრამ მისი ინსტრუმენტი მაინც ალტ-საქსოფონი იყო. ჯაზის ცნობილმა კრიტიკოსმა უიტნი ბელიეტმა კარტერის საქსოფონის ბგერა შველს შეადარა: "მის ბგერაში ჯერ გრაცია და სიმსუბუქე გხიბლავს, მერე კი გაჯადოვებს ძარღვიანი დაძაბულობა, რომელიც ამ მშვენიერებას მართავსო" - წერდა ბელიეტი.

ათასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო, ნათქვამია. ჩვენს შემთხვევაში ათასჯერ მონათხრობს ერთხელ მოსმენილი ჯობია. მაგრამ ვიდრე ბენი კარტერის "შველივით" საქსოფონს მოგასმენინებდეთ, დიუკ ელინგტონის შემდეგი სიტყვები მინდა გაგაცნოთ: "იმის თქმა, თუ რა წვლილი შეიტანა ბენი კარტერმა პოპულარული მუსიკის განვითარებაში, წარმოუდგენლად რთული ამოცანაა; იმდენად რთული, რომ, ვშიშობ, მისი გადაჭრა არ ძალმიძს. მხოლოდ ერთს ვიტყვი: კარტერი სრულიად არაჩვეულებრივი მუსიკოსია!"

[მუსიკა]

წამყვანი:
ეს არაჩვეულებრივი მუსიკოსი გასულ შაბათს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყოველკვირეული "მეათე სტუდია" კი დასასრულს მიუახლოვდა - ის მოამზადეს დავით კაკაბაძემ და მარიამ ჭიაურელმა. რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გემშვიდობებით ბენი კარტერის კომპოზიციით I’m in the Mood for Swing. საქსოფონზე თვით ბენი კარტერი უკრავს.
[მუსიკა]
XS
SM
MD
LG