Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 09.08.03


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ისევე, როგორც ორი კვირის წინათ, საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოვლენა პარლამენტის მუშაობა იყო. "ჯეიმს ბეიკერი ჯემალ გამახარიასთან დამარცხდა"- ამ სათაურით აქვეყნებს 6 აგვისტოს გაზეთი "24 საათი" წერილს, სადაც ნათქვამია: "ეუთოს წარდგენით, პრეზიდენტის მიერ დანიშნული

თავმჯდომარე, ასევე პრეზიდენტის მიერ წარგზავნილი ხუთი წევრი, სამი "აღორძინების" წარმომადგენელი, ორი- "მრეწველების", თითო-თითო - "ნაციონალების", "ლეიბორისტების", "ახალი მემარჯვენეებისა" და "გაერთიანებული დემოკრატების" - ასე გამოიყურება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი მოდელი, რომელსაც ამიერიდან ჯემალ გამახარიას სქემა დაერქმევა და რომელიც პარლამენტმა გუშინ მიიღო".

როგორც გაზეთი აღნიშნავს, "...მრავალკვირიან პოლიტეპოპეას წერტილი დაესვა - პარლამენტის სახელისუფლებო ფრთამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ისეთი მოდელი მიიღო, როგორიც მას ხელს აძლევდა. სრული გავლენა საარჩევნო ადმინისტრაციაზე მოპოვებულია - საარჩევნო კომისიებში ვითარებას ის პოლტიკური პარტიები აკონტროლებენ, რომლებიც ხელისუფლებისათვის ყველაზე მისაღებია".

"24 საათის" თქმით, "ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ "მოქკავშირის", "აღორძინებისა" და "მრეწველების", ანუ სამთა, ერთობა ყველა დონის საარჩევნო კომისიებში ხმების ორ მესამედს დაეპატრონა. ეს კი ნიშნავს, რომ არჩევნების პერიოდში ვერც ერთი საუბნო, საოლქო და ვერც ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელისუფლებისათვის მიუღებელი იქნება.

ადგილობრივი არჩევნების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, სამივე პარტია ყველაზე დაბალრეიტინგულია. ყოველ შემთხვევაში, თბილისში გამართულ პროპორციულ არჩევნებში მათ ყველაზე მოკრძალებული შედეგი აჩვენეს. თბილისი კი ამომრჩეველთა ხმების ორ მესამედს უდრის. წაუცდებათ თუ არა მათ ხელი გაყალბებისაკენ, მით უფრო, რომ კომისიაში ხმათა ორ მესამედს ფლობენ? - ამიერიდან ამ კითხვას მხოლოდ რიტორიკის მოყვარულნი თუ დასვამენ, რადგან პასუხი სრულიად ცხადია".

ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ გაშუქდა პრესაში რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემის ხელმძღვანელის ანატოლი ჩუბაისის თბილისური ვიზიტი.
7 აგვისტოს გაზეთი "ხვალინდელი დღე" წერილში, სათაურით "ენერგერიკული ოკუპაცია", აღნიშნავს, რომ "ჩუბაისი ქართული და რუსული ენერგოსისტემების გაერთიანებას კანონზომიერ პროცესს უწოდებს". გაზეთის თქმით, "ეს, როგორც ირკვევა, ჩუბაისის კომერციული გეგმის ნაწილი ყოფილა. გეგმის თანახმად, კომპანია "რაო ეესი" ესენგეს სივრცის სრულ დაპყრობას ისახავდა მიზნად. როგორც ჩანს, ანატოლი ჩუბაისის რუსეთი საქართველოს ესენგეს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო. "რაო ეესის" ხელმძღვანელსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ დელეგაციას არც ამერიკელებთან გაფორმებული ხელშეკრულება ჩამოუტანიათ და არც აქციებში გადახდილი თანხა გაუმჟღავნებიათ".

7 აგვიტოს გაზეთი "24 საათი" იზიარებს "ბი-ბი- სის" რუსული ბიუროს შეფასებას, რომ "ჩუბაისი კავკასიაში კრემლის პოლიტიკის გასატარებლად გაემგზავრა". გაზეთის მიხედვით, "ამ შეფასებას მყარი საფუძველიც აქვს. ანატოლი ჩუბაისი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ ვოლოშინის კონტროლის ქვეშ "რაოს" ხელმძღვანელობს, რუსეთში უკვე დიდი ხანია, რაც ბიზნესმენად კი არა, კრემლის პოლიტიკის გამტარებლად აღიქმება".

"მოსკოვში ვარაუდობენ, რომ შევარდნაძის მიერ რუსული ინტერესების ლობირება, რაც ქვეყნის სტრატეგიულ დარგში "რაოს" შემოყვანით გამოიხატა, პრეზიდენტის მხრიდან ენერგოკრიზისის დაძლევის გზით ხელისუფლების შენარჩუნებას ემსახურება".

როგორც 7 აგვისტოს გაზეთი "ახალი თაობა" წერს, "თელასის ახალი მფლობელი საქართველოს ეკონომიკას მზარდად მიიჩნევს და აცხადებს, რომ სატარიფო პოლიტიკას გარკვეულ პერიოდში გაატარებს". გაზეთის თქმით, "ჩუბაისი დღეს არ საუბრობს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე, სამაგიეროდ, აცხადებს, რომ საქართველოში არსებული ტარიფი, რუსეთის ტარიფთან შედარებით, ხუთ-ექვსჯერ მეტია. ჩუბაისი იმედოვნებს, რომ რამდენიმე დღეში ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში წინადადებით და თხოვნით შევა ტარიფის დაწევის თაობაზე".

ამასობაში კი სემეკმა მიიღო გადაწყვეტილება ტარიფის გაზრდის თაობაზე, რის შესახებაც 8 აგვისტოს გაზეთი "რეზონანსი" წერს, რომ "საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შემცირებული ტარიფის გაუქმებას და სემეკისგან მის ძველ რეჟიმში დაბრუნებას ითხოვს".
გაზეთის თქმით, "სემეკმა ბევრი ფიქრის შემდეგ გამოსავალს მიაგნო და ორივე მათგანის მოთხოვნა დააკმაყოფილა - იუსტიციის სამინისტროში ახალი დიფერენცირებული ტარიფის პროექტი დასამტკიცებლად გადააგზავნა".

"რეზონანსი" წერს: "სემეკის წარმომადგენლების განცხადებით, ტარიფის ასეთი განსაზღვრა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია არსებულ ვითარებაში - ტარიფი სოციალურად დაუცველი ფენებისთვისაც გამართლებული იქნება, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილდება, სავალუტო ფონდის მოთხოვნის შესაბამისად კი, გაიზრდება. ანუ საშუალო შეწონილი ტარიფი კვლავ 13,7 თეთრის ოდენობით განისაზღვრება".

"როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია, მაგრამ აქედანვე ცხადია, რომ პოლიტიკურ ძალებს წინასაარჩევნოდ ნამდვილად გაუმართლათ, რადგან, ელექტროენერგიის ტარიფის სახით, ერთმანეთთან საბრძოლველად ახალი მიზეზი მიეცემათ. "რაო ეესი" კი, ალბათ, სახარბიელო დღეში არ აღმოჩნდება, რადგან ერთი მხრივ, მოსახლეობის ნდობის მოსაპოვებლად ტარიფის კლებაზე მოუწევს ზრუნვა, ხოლო, მეორე მხრივ, სწორედ ამ მიზეზით, პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის სამიზნე აღმოჩნდება, რადგან სავალუტო ფონდის მოთხოვნის წინააღმდეგ მოუწევს წასვლა".

დაბოლოს, ორი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, რომელთაგან ერთი - ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებას, მეორე კი - ბიუჯეტის პრობლემატიკას უკავშირდება. როგორც 9 აგვისტოს გაზეთი "ახალი თაობა" წერს, "ბურჯანაძემ ხელისუფლებას ომი გამოუცხადა".
გაზეთის თქმით, "ნინო ბურჯანაძემ დანაპირები ნაწილობრივ შეასრულა და ფართო საზოგადოებას წარუდგინა საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ძირითადი პრინციპები. სწორედ ამ პრინციპების გარშემო უნდა გაერთიანდეს ის ძალა, რომლის ჩამოყალიბებასაც პარლამენტის თავმჯდომარე აპირებს".
"თუმცა გუშინ ამ ახალი ძალის თაობაზე ბევრი არაფერი თქმულა. ბურჯანაძეს არ დაუსახელებია ის ძალები და ადამიანები, რომლებთანაც ერთად ის ახალ პარტიას ანდა მოძრაობას ჩამოაყალიბებს. სამაგიეროდ, გუშინ მან ნათლად მიუთითა იმ ძალებზე, რომლებთანაც ერთად ახალი მოძრაობის შექმნა არ სურს. ბურჯანაძის "შავ სიაში" სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლები მოხვდნენ."

9 აგვისტოს "მთავარ გაზეთში" მოყვანილია ნაწყვეტები ნინო ბურჯანაძის გამოსვლიდან. პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, "საქართველოში სერიოზული ბრძოლაა დაწყებული დემოკრატიული ფასეულობების წინააღმდეგ. ჩვენ, ფაქტობრივად, ხელახლა უნდა მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა, რომელიც შეუძლებელია გვქონდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე...ბოლო ასწლეულის განმავლობაში საქართველოს მეორედ ეძლევა შანსი, შექმნას დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო და ცივილიზებულ ერთა შორის ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს".

9 აგვისტოს პრესა იტყობინება, რომ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის სეკვესტრის პროექტი სავალუტო ფონდთან შეთანხმებული არ არის. გაზეთი "ახალი თაობა" იმოწმებს სააგენტო ინტერპრესის ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ "საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში შეშფოთებულია".
გაზეთი წერს: "ბასილიას თქმით, ცდომილება დაახლოებით 10 მილიონ ლარს შეადგენს, რის გამოც სავალუტო ფონდმა თავისი პროგრამის წარდგენა საქართველოში შეიძლება გარკვეული ვადით გადადოს ან სულაც შეწყვიტოს. ბასილიას განცხადებით, ეს ინფორმაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მას გუშინ, გვიან ღამით, მიაწოდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლევან ჩრდილელი ამ პრეტენზიას მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს".
"ჩრდილელის განმარტების მიუხედავად, ბასილია კვლავ კატეგორიულად მოითხოვს 10-მილიონიანი დეფიციტის აღმოფხვრას. "წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება", - აცხადებს ბასილია, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე დაეთანხმა.
XS
SM
MD
LG