Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის ეკონომიკური წარმატება


ანდრო ეული, პრაღა მომავალ წელს, როცა იგი ევროკავშირში გაწევრიანდება, ლიტვა ალბათ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იქნება ამ გაერთიანებაში.




მოელიან, რომ ეკონომიკის ზრდა ბალტიის ამ რესპუბლიკაში მიმდინარე წელს 7 პროცენტს მიაღწევს. ქვეყანაში ინფლაცია არ მომხდარა, ხოლო დავალიანება უმნიშვნელოა, რაც სულაც არ უნდა იყოს ცუდი მაჩვენებელი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის, რომელსაც არც მდიდარი მეგობრები ჰყავს და ვერც ბუნებრივი რესურსების სიუხვით დაიტრაბახებს.

უდავოდ შთამბეჭდავია ლიტვის წარმატება ეკონომიკის სფეროში, მით უმეტეს, როცა გლობალური მასშტაბით ეკონომიკის ზრდა დამუხრუჭდა, ხოლო ევროპის უძლიერესი, გერმანიის ეკონომიკა - რეცესიის ზღვარზეა მისული.

პატარა ლიტვის მოულოდნელი წარმატებით აფრთოვანებულმა ჟურნალმა "ეკონომისტმა" გასულ თვეს, ლიტვას, "ბალტიის ვეფხვი" უწოდა.
ამ ახალი წევრის მიღება დაჩრდილვით ემუქრება ევროპის მეორე ეკონომიკურ "ვეფხვს" - ირლანდიას, რომელმაც ევროკავშირის განვითარების ფონდიდან უკანასკნელ წლებში საკმაო სახსრები და თანამედროვე ტექნოლოგიაც მიიღო, და შედეგად, ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად იქცა მთელს ევროპაში.

ლიტვის ეკონომიკური მაჩვენებლები მართლაცდა შთამბეჭდავია. ეკონომიკის ზრდამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 9,4 პროცენტს მიაღწია. მოელიან, რომ ეს მაჩვენებელი მოგვიანებით იკლებს, და მაინც, ექვსსა და შვიდ პროცენტს შორის იქნება, და მაინც, როგორც მიმდინარე ასევე მომავალ წელს 6 და 7 პროცენტს შორის იბნება. შედარებისთვის, შესაბამისი მაჩვენებელი, ანუ ეკონომიკის ზრდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გერმანიაში, ნულს გაუტოლდა, ხოლო ირლანდიაში 0,8 პროცენტი იყო.

გარდა ამისა, ინფლაციას ლიტვაში არ ჰქონია ადგილი, ხოლო უმუშევრობა, მართალია კვლავაც მაღალ, დაახლოებით ათი პროცენტის დონეზეა, მაგრამ თანდათანობით კლებულობს. როგორც ვილნიუსის "ჰანსაბანკის" ანალიტიკოსი ვიდმანტას საფერისი აღნიშნავს, ლიტვას ვეებერთელა სარგებელი მოუტანა გლობალური მასშტაბით საბანკო დანარიცხების დაბალმა დონემ, რამაც სტიმული მისცა პირდაპირ კაპიტალდაბანადებას ბალტიის ამ რესპუბლიკაში.

იმ მიზნით, რათა სტიმული მიეცეს ეკონომიკის ზრდას, შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა და ევროკავშირის ცენტრალურმა ბანკმა, დოლარსა და ევროზე შესაბამისად, მკვეთრად შეამცირეს საბანკო დანარიცხები. საბანკო დანარიცხი შემცირდა ლიტვაშიც, რომლის ეროვნული ვალუტა - ლიტასი - ევროზეა მიბმული. ვიდმანტას საფერისის თქმით, საბანკო დანარიცხის შემცირებას ლიტვაში საპასუხო რეაქცია მოჰყვა მყისვე და როგორც უცხოელმა, ასევე ადგილობრივმა ინვესტორებმა დიდძალი კრედიტები აიღეს ლიტვის ბანკებში, რამაც თავის მხრივ ეკონომიკის შემდგომ ზრდას შეუწყო ხელი [ვიდმანტას საფერისის ხმა]: "დამუხრუჭებულ ეკონომიკაში, როგორც წესი ნაკლებად ხდება კაპიტალის დაბანდება. ამ მხრივ ლიტვა ერთობ მიმზიდველია ინვესტორისთვის, თავის სწრაფად მზარდი ეკონომიკით. მიმზიდველი ყოველმხრივ - როგორც ბაზარი, სადაც სამომხმარებლო ნაწარზე მოთხოვნაა, და მიმზიდველია წარმოებისთვისაც".

ჟურნალი "ეკონომისტის" მიმომხილველის ანნ უოკერის აზრით, ლიტვას იმ მხრივაც გაუმართლა, რომ მიმდინარე წელს საკმაოდ გაძლიერდა ევრო, ხოლო რუსეთმა მნიშვნელოვნად გაუზარდა ნავთობის მიწოდება მაზეიკიაის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი საწარმოა მთელს ლიტვაში. რუსეთის კომპანია "იუკოსმა" ამერიკული კომპანია "უილიამს ინტერნეიშენალისაგან" გადაიბარა ამას წინათ მაზეიკიაის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ხელმძღვანელობა.

ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ანნ უოკერმა თქვა, რომ "იუკოსმა" ივალდებულა გაუზარდოს ლიტვის საწარმოს ნავთობის მიწოდება, და მართლაც, წელს, მაწეიკიაისის ქარხანამ, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაცილებით მეტი გადასამუშავებელი ნავთობი მიიღო რუსეთიდან. შესაბამისად გაიზარდა ნავთობის ექსპორტიც, ხოლო ევროს გაძლიერებამ იაფი გახადა რუსეთის ნავთობი, რომელიც დოლარებშია შეფასებული.

ბედის ირონიით, ეკონომიკის სწრაფი ზრდა ლიტვაში შესაძლოა სწორედ მომავალ წელს დამუხრუჭდეს, როცა ბალტიის ეს ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება და მისი ეკონომიკა ბევრად უფრო ძლიერი კონკურენციის ზეწოლის ქვეშ მოექცევა.
XS
SM
MD
LG