Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებენ თუ არა "გაერთიანებული დემოკრატები" ოპოზიციის გაერთიანებას


"გაერთიანებული დემოკრატების" პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მიიღონ,

პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ჩახედული ადამიანებისათვის მოულოდნელი არ ყოფილა. "დემოკრატები" და ნინო ბურჯანაძე ერთმანეთისადმი სიმპათიებს არასოდეს მალავდნენ. სხვა საკითხია, რამდენად შეუწყობს ხელს ზურაბ ჟვანიას მიერ გადადგმული ნაბიჯი ზოგადად ოპოზიციის გაერთიანების პროცესს. ასევე საინტერესოა, გაიზრდება თუ არა ამის შემდეგ გაერთიანების მოსურნე პოლიტიკურ პარტიათა რიცხვი. და კიდევ: ვინ დარჩება გაერთიანების შედეგად მოგებული - ყოფილი თუ მოქმედი სპიკერი?

საზოგადოებას დიდი ხანია მობეზრდა იმაზე საუბარი, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა გაერთიანდნენ, რომ ხელისუფლების არჩევნებში დამარცხება, თუ მას არ დაუპირისპირდება ერთიანი და ძლიერი ოპოზიცია, შეუძლებელია. არჩევნებამდე ორიოდე თვე რჩება და ჯერჯერობით ოპოზიციამ საკუთარი სურვილები რეალობად ვერა და ვერ აქცია. ამასთან დაკავშირებით სახელისუფლო ბლოკის წარმომადგენლები ბოროტად ხუმრობენ. მაგალითად, "მოქალაქეთა კავშირის" წევრი დეპუტატი ზვიად მუკბანიანი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ერთმანეთისკენ სავალ გზას გაზრდილი ამბიციები უღობავს.

თუმცა, როგორც ჩანს, ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძეს ამგვარი ხერგილების გზიდან მოშორება არ გასჭირვებიათ. "გაერთიანებული დემოკრატების" პოლიტიკურმა საბჭომ ღიად დააფიქსირა ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გუნდთან გაერთიანების სურვილი.

ხომ არ არის ეს ზოგადად ოპოზიციის გაერთინებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი?
სახელისუფლო ბლოკის წევრები ამ კითხვასაც ირონიულად უპასუხებენ: ერთიანდებიან ისინი, რომლებიც ფორმალურად ისედაც ერთად იყვნენ.

სოციალისტური პარტიის წევრი ირაკლი მინდელი ამასთან დაკავშირებით ამბობს.
[ირაკლი მინდელის ხმა] "როდის დაიშალა რო ეს ბლოკი? ეს იყო რაღაც ტაქტიკური ნაბიჯები, როდესაც თითქოს დაშლილი ეს ბლოკი ახლა, ეფექტის მოსახდენად და "პიარ-კამპანიის" საწარმოებლად, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ისევ გაერთიანდა". (სტილი დაცულია)

სოციალისტებისაგან განსხვავებით, ჟვანია-ბურჯანაძის გაერთიანებას იმედის თვალით შეჰყურებენ "ტრადიციონალისტთა კავშირის" წევრები. იმის გათვალისწინებით, რომ "ტრადიციონალისტებს " სხვათა დახმარებით პარლამენტში მოხვედრის დიდი გამოცდილება აქვთ, მათი ეს იმედი საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ალეკო შალამბერიძე, ფრაქცია ტრადიცონალისტის წევრი, ამბობს.
[ალეკო შალამბერიძის ხმა] "დიდი ხანია, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდი არის, ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან, რომ მოხდეს ეს გაერთიანება. ვთქვათ, ჩვენ, ბურჯანაძე, ჟვანია... ასევე ძლიერი რეგიონები შეიქმნა, ახალი პარტია, რათა არ იყოს დაქსაქსული პოლიტიკური სპექტრი". (სტილი დაცულია)

ტრადიციონალისტებისაგან განსხვავებით, ბურჯანაძე-ჟვანიას გაერთიანების მიმზიდველობაზე გაცილებით მოკრძალებული წარმოდგენა აქვს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ერთ-ერთ ლიდეს დემურ გიორხელიძეს:
[დემურ გიორხელიძის ხმა] "...არის თუ არა მიმზიდველი? ალბათ, ვიღაცისთვის მიმზიდველი იქნება, მაგრამ მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს შეიძლება იყოს იმ მასშტაბის მიზიდულობის ცენტრი, სადაც მთელი ოპოზიციური, თუ გნებავთ, ამ მიმართებითაც რომ ვიხმაროთ, სპექტრი გაერთიანდება".

დაბოლოს - ვინ მოიგებს გაერთიანების შედეგად. ირაკლი მინდელის პროგნოზი გაფრთხილებასავით ჟღერს.
[ირაკლი მინდელის ხმა] "ნინო ბურჯანაძე დასჭირდათ ეგრეთ წოდებულ ლოკომოტივად, რომელსაც მე არ ვიცი, როდის ჩააყენებენ ჩიხში, როცა არ დასჭირდებათ. ეს შეიძლება, ძალიან მოკლე ხანში იყოს, პარლამენტის არჩევნების შემდეგ. ...რასაკვირველია, ჟვანია არის ამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპეციალისტი საქართველოში. ბევრი პარტია ჩაუყენებია თავის დროზე ჩიხში, ვისაც ჟვანიასთან დაუწყია თამაში". (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG