Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

501- გამოშვება


501- გამოშვება

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 501-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით საქართველოში ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებებზე; ვნახავთ, როგორ მოქმედებს ფასდაკლება საქართველოს სავაჭრო სისტემაში; გაგაცნობთ თბილისის წიგნის სახლს; შემოგთავაზებთ მასალას პრაღასა და მოცარტის ურთიერთობებზე. გადაცემას დავასრულებთ სიუჟეტით გამოჩენილ საქსოფონისტზე, უეინ შორტერზე.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

აშშ "ფულის გათეთრების" საწინააღმდეგო ღონისძიებებეში გვეხმარება

ბიძინა რამიშვილი:
მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულება შეასრულა და მოახერხა "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ" კანონის მიღება, დონორმა ორგანიზაციებმა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებებში ტექნიკური დახმარების პროგრამა დაიწყეს. 21 აგვისტოს აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა ეროვნულ ბანკში პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პრევენციულ ზომებს და საქართველოს როლს მიეძღვნა. ამ პრეზენტაციის შესახებ ზაზა გაჩეჩილაძე გესაუბრებათ.

ზაზა გაჩეჩილაძე:
21 აგვისტოს საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა და აშშ ხაზინის დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების ოფისის მრჩევლებმა ფულის გათეთრების გეოპოლიტიკური შედეგების თემაზე პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაციის მიზანი საზედამხედველო ორგანოებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლოს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება გახლდათ. ამ ღონისძიებით აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ფაქტობრივად დაიწყო ქართული ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა.

თავად სამასახური მიმდინარე წლის ივნისში პარლამენტის მიერ მირებული სპეციალური კანონის შემდეგ ჩამოყალიბდა. ფინანსური მონიტორინგის სამსახური შეიქმნა ეროვნულ ბანკთან, როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და იგი ერთგვარ ანალიტიკურ ცენტრს წარმოადგენს.

მსოფლიო თანამეგობრობამ, უპირველესად კი განვითარებულმა ქვეყნებმა "ფულის გათეთრების" პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნა შემუშავებული, რომელთაგან ზოგიერთი რეკომენდაციის, ზოგი კი კონვენციის სახეს ატარებს და მსოფლიო თანამეგობრობასაც მათი განუხრელი შესრულებისაკენ მოუწოდებს.

1989 წელს დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ფინანსური დანაშაულის პრობლემათა გადაჭრის მიზნით, დაარსეს ფინანსური ქმედების სპეციალური კომისია (Financial Action Task Force - FATF), რომელიც სამთავრობოთაშორისო ორგანოა და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის შემუშავება და მისი წარმართვა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ 1990 წლის აპრილის თვეში FATF-მა შეიმუშავა 40 რეკომენდაცია, რომლის პროგრამა მოიცავდა აუცილებელი ქმედებების ფართო სპექტრს „ფულის გათეთრების" წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. ამჟამად FATF-ის წევრთა რაოდენობა 31 ქვეყანას და ორ საერთაშორისო ორგანიზაციას მოიცავს.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პრეზენტაციაზე აღნიშნეს, რომ ´´ფულის გათეთრების´´ წინააღმდეგ ბრძოლამ განსაკუთრებული აქტუალობა 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ შეიძინა, რომელმაც მთელი სიმწვავით აგრძნობინა მსოფლიოს, თუ რას ხმარდება იარაღის უკანონო ვაჭრობით, ნარკობიზნესითა და კონტრაბანდის დანაშაულებრივი გზებით მოპოვებული ფული, თუ რა წარმოადგენს ტერორიზმის მკვებავ ძირითად წყაროს.

მართალია საქართველო (ისე როგორც სხვა მრავალი ქვეყანა) FATF-ის წევრ სახელმწიფოთა რიგებს არ განეკუთვნება, მაგრამ როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, რომელიც მიუერთდა ევროპის საბჭოს 1990 წლის ე.წ. სტრასბურგის კონვენციას, ნაკისრი აქვს ვალდებულება შექმნას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროშო პრევენციული საკანონმდებლო ბაზა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

საქართველოში ე.წ. "ფულის გათეთრების" აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის შემუშავება და მიღება, როგორც სემინარზე აღინიშნა ეხმაურება თანამედროვე მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს, რადგან საქართველო მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა ერთ-ერთ "მიმზიდველ" ადგილად იქცეს ფულის "გამთეთრებლებისათვის".

ამასთან, უცხოელმა დონორებმა ხაზგასმით გამოკვეთეს ის უარყოფითი შედეგები, რაც ქვეყანას ამ სფეროში საერთაშოროსონო ნორმების უგულვებელყოფამ შეიძლება მოუტანოს, რადგან ასეთ შემთხვევაში კონკრეტული ქვეყნის საფინანსო სისტემა საერთაშორისო თანამეგობრობისაგან იზოლირებული აღმოჩნდება.

მართალია, საქართველო ამ საფრთხეს გადაურჩა, 2003 წლის 6 ივნისს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გამო, მაგრამ როგორც სემინარზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს ახლადშექმნილ სამსახურს, ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი და აქედან გამომდინარე, უაღესად დიდი მნიშნველობა ენიჭება ფაქტს, რომ ამერიკის მხარე მზად არის ამ საკითხებში ტექნიკური დახმარება აღმოგვიჩინოს.

ზაზა გაჩეჩილაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ფასდაკლება ქართულად

ბიძინა რამიშვილი:
ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს ყიდვა-გაყიდვის ის წესები, რაც მანამდე ქვეყანაში ნამდვილად არ არსებობდა და რომლებიც მოსახლეობის ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის. ახლის მოყვარულებს უკვე შეუძლიათ საჭირო ნივთები სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერის დახმარებით ქართულ ინტერნეტ-მაღაზიაში შეუკვეთონ და შეიძინონ. პლასტიკური ბარათების მფლობელებს ასევე კომპიუტერის დახმარებით კომუნალური გადასახადების ზოგიერთი მომსახურეობის საფასურის გადახდაც შეუძლიათ. დღეს თამარ ჩიქოვანი მოგითხრობთ საქართველოს ყოველდღიურობაში შემოჭრილ კიდევ ერთ სიახლეზე, რომლის სიკეთეში დასარწმუნებლად სულაც არ არის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების გამოყენება. საუბარია ფასდაკლებაზე - "სეილზე", რომელიც თბილისის მაღაზიების მუშაობის დამახასიათებელ ნიშნადაც იქცა.

თამარ ჩიქოვანი:
აგვისტოში თბილისის ქუჩები თითქმის ცარიელია. როგორც ამბობენ, ნახევარი საქართველო აგვისტოს აჭარაში, ზღვის პირას, ატარებს. არადა, მათთვის, ვისაც კარგი გემოვნება აქვს, ხარისხიანი ნივთების ყადრი იცის და ფულს უყაირათოდ არ ხარჯავს, თბილისის მაღაზიებში ნამდვილი ელდორადო ელით. თითქმის ყველა მაღაზიაში - დიდში, პატარაში, ძალიან ძვირსა თუ შედარებით იაფში - ფასდაკლება, იგივე სეილია გამოცხადებული. ფასდაკლება აგვისტოს შუა რიცხვებში უკვე 60 პროცენტს აღწევს, რაც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ძალიან კარგ სეილად ითვლება.

მცირე, არცთუ ლირიკული, გადახვევა: მათ, ვისაც წილად ხვდა კომუნისტურ დროს ეცხოვრა, ჯერაც ემახსოვრება, თუ რა პრობლემებთან იყო დაკავშირებული არათუ ხარისხიანი, არამედ აუცილებელი ნივთების შეძენა, იქნებოდა ეს ტელევიზორი თუ ტუალეტის ქაღალდი. საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში ეს დეფიციტი კვლავ იგრძნობოდა - მაშინ ჩვეულებრივ ადამიანებს კუპონებით არათუ ნივთების, საკვების ყიდვაც უჭირდათ. იმ რამდენიმე კომერციული მაღაზიის წინ, შიგადაშიგ რომ გაჩნდა თბილისის ცენტრალურ რაიონებში, ხალხმრავალი რიგები იკრიბებოდა - ამ ადამიანებს იმდენად არა ყიდვის სურვილი ამოძრავებდათ, რამდენადაც ის, თუნდაც თვალი შეევლოთ ე.წ. იმპორტული საქონლისთვის.

მერე და მერე ვითარება შეიცვალა: სარდაფებში მოწყობილ კერძო მაღაზიებს და ე.წ. "ბუდკებს" უკვე სუპერმარკეტები და ე.წ. ბუტიკები ჩაენაცვლა. გამყიდველები მიხვდნენ, რომ მათი შემოსავალი გაყიდული საქონლის რაოდენობაზეა დამოკიდებული და არა პოტენციურ მყიდველებთან კამათზე. მაღაზიის მფლობელებმა კი დაასკვნეს, რომ სეზონური ნივთების მეორე სეზონისთვის შენახვას არავითარი აზრი არა აქვს. შესაბამისად, საჭიროა ფასდაკლება - სეილი, რაც დასავლეთში საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული ხერხია მყიდველების ყურადღების მისაპყრობად და წარმატებული ვაჭრობისთვის.

და მაინც, რაცა რ უნდა უცნაურად ჟღერდეს, აგვისტოს თბილისში, სადაც ყველა მაღაზიაში საკმაოდ სოლიდური სეილია გამოცხადებული, მაღაზიები ისევე ცარიელია, როგორც ქუჩები. გამყიდვლები ამ ფაქტს სხვადასხვა მიზეზით ხსნიან. მაგალითად, ფეხსაცმლის მაღაზია "ლოუკში", სადაც 60 პროცენტიანი ფასდაკლებაა, - შესაბამისად, ფასები 100 ლარს ზევით არ არის, რაც ხარისხიანი ფეხსაცმლისთვის ნამდვილად არ არის ბევრი, - ვაჭრობით კმაყოფილები არიან. როგორც იქ ამბობენ, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, უკვე გაიყიდა. ის კი არა, ხშირი იყო შემთხვევები, განსაკუთრებით ფასდაკლების პირველ დღეებში, როცა მყიდველები მაღაზიის გახსნას ქუჩაში დილით მოთმინებით ელოდნენ.

სხვა სიტუაციაა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ცნობილ მაღაზია "გარდერობში", სადაც ფასები ჩვეულებრივ დღეებში, მართლაც, საკმაოდ დიდია. ახლა, ფასდაკლებისას, ცნობილი სამოდელო სახლების პროდუქცია თითქმის ბაზრობის ფასებში იყიდება. მაღაზიაში მაინც სიხალვათეა. როგორც ჩანს, მყიდველს არ სჯერა, რომ ძვირ მაღაზიაში ფასდაკლებისას ხარისხიანი ნივთების ყიდვა სულაც არ განეკუთვნება ფანტაზიის სფეროს.

საინტერესო კი, ჩემი აზრით, სხვა რამ გახლავთ: შედარებით დიდ მაღაზიებში, სადაც პროდუქცია, როგორც წესი, თავად მწარმოებლისგან შემოაქვთ დიდი პარტიებით, ფასდაკლება გასაკვირი არ უნდა იყოს. გასაკვირია ფასდაკლება იმ მაღაზიებში, სადაც, როგორც წესი, წვრილი ბიზნესით დაკავებული ადამიანების მიერ ჩამოტანილი საქონელი იყიდება. 40 წლის მარინა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში სწორედ წვრილი ბიზნესითაა დაკავებული, ამბობს, რომ, როგორც წესი, ასე ვთქვათ, ინდივიდუალური ვაჭრობით დაკავებული ადამიანები საქონელს ყიდულობენ ან იტალიაში, ბაზებში, სადაც საბითუმო ფასებია, ან თურქეთში, ფაბრიკებში, რომლებიც ექსპორტისთვის მუშაობენ. თბილისში ამ იაფად ნაყიდ ნივთებს თითქმის სამჯერ მეტი ფასი ედება, რითაც ამოიღება როგორც გზის ღირებულება, ისე მოგება. სეზონის დამთავრების შემდეგ ამ საქონელზეც ცხადდება ფასდაკლება. თუმცა ხშირად ფასდაკლებული ნივთიც იმაზე ძვირი ღირს, რაც თავის დროზე მასში იქნა გადახდილი.

[მარინას ხმა] " იწყება პატარა სეილით - ზოგს აწერია 50 პროცენტი სეილი, მაგრამ აბსოლუტური ტყუილია. ეს არის, რომ მოვიზიდო მყიდველი, მაღაზიაში შემოვიყვანო. რომ დაინახავ - სეილია, ყველა ვარიანტში შეხვალ."

სხვათა შორის, ფასდაკლება ერთ საფრთხეს შეიცავს: ხშირად მყიდველი ფასდაკლების გამო ყიდულობს ნივთს, რომელიც მას, უბრალოდ, არაფერში სჭირდება, მაგრამ იმდენად დიდია თუნდაც გამოუსადეგარი ნივთის იაფად ყიდვის ხიბლი, რომ ბევრი თავს ვერ იკავებს. ეს ხიბლი საკუთარ თავზე მასალის მომზადებისთვის "დასეილებული" მაღაზიების მონახულებისას მეც გამოვცადე, როცა შემოდგომის პირს ძლივს შევიკავე თავი ფასდაკლებული ჩინური მარაოს, საზღვაო ხალათისა და ჩალის ქუდის ყიდვისგან.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


წიგნის სახლი თბილისში

ბიძინან რამიშვილი:
"წიგნის სახლი" - წიგნის მაღაზიებს არც თუ იშვიათად ჰქვიათ ეს სახელი. ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრებ წიგნის მოყვარულებს აუცილებლად ეხსომებათ წიგნის სახლი მოსკოვში, რომელიც დღესაც მოქმედებს. ამიერიდან წიგნის სახლი იქნება თბილისშიც. ის გამსახურდიას გამზირზე, ბიბლიოთეკის ყოფილ შენობაში განთავსდება და შეითავსებს წიგნის მაღაზიისა და ბიბლიოთეკის ფუნქციებს. უფრო დაწვრილებით წიგნის სახლზე ჩვენი კოლეგა, დავით პაიჭაძე მოგითხრობთ.

[ისმის ქუჩის ხმაური]

დავით პაიჭაძე:
ქუჩის ამ ხმაურისაგან წიგნის სახლს სქელი გამჭვირვალე შუშები იცავს. სახლში არაორდინალური გარემოა: მარცხნივ მოგრძო მაგიდა, კედლებთან - წიგნიანი თაროები, პირდაპირ და მაღლა, ანტრესოლზე - ბიბლიოთეკა. წიგნის სახლის მფლობელებმა, ნინო ქადაგიძემ და ერეკლე ასტახიშვილმა, აქ არსებული ბიბლიოთეკა შეინარჩუნეს და მას წიგნის მაღაზია, სამკითხველო და პატარა კაფე შეუთავსეს. მცირე სივრცის მიუხედავად, წიგნის სახლში კომფორტული და თავისუფალი გარემოა. მე ვესაუბრები წიგნის სახლის დირექტორს მამუკა ხანთაძეს.

[ხანთაძის ხმა] "სახელწოდება წიგნის სახლი შერჩეულია იმიტომ, რომ ადამიანმა, წიგნის მოყვარულმა, თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში. რას ვგულისხმობ: აქ ნებისმიერი წიგნის მოყვარული კაცისთვის, მისი ფინანსური მდგომარეობისგან დამოუკიდებლად, ყველა პირობაა წიგნთან ურთიერთობისათვის: უნდა იყიდის, უნდა წაიკითხავს."

წიგნის ბიზნესისა და ბიბლიოთეკის ერთ შენობაში შეთავსება საინტერესო შეთანხმებას დაეფუძნა: ვისაც წიგნი შემოაქვს და ყიდის, ის ამარაგებს და ამდიდრებს ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს. მამუკა ხანთაძის თქმით, ქვეყანაში ნელა, მაგრამ ნამდვილად ვითარდება საგამომცემლო საქმე, რასაც აქამდე ის გარემოება აბრკოლებდა, რომ არ არსებობდა წიგნის თანამედროვე მაღაზიები. თანდათან ამასაც ევლება და, როგორც მამუკა ამბობს, ყალიბდება ტრიადა: ავტორი - გამომცემელი - წიგნის მაღაზია.

რა სიახლე იქნება წიგნის სახლის პრაქტიკაში ისეთი, რაც წიგნის ქართველი მოყვარულის, მკითხველისა თუ მყიდველისათვის ჯერჯერობით უცნობია? წიგნის სახლის მენეჯერი სალომე დევდარიანი მეუბნება

[დევდარიანის ხმა] "პირველ რიგში, გვეყოლება ექსპერტ-კონსულტანტები. ისინი მთელი დღის მანძილზე მაღაზიაში იქნებიან. წიგნის მყიდველს ექნება საშუალება, გაესაუბროს მათ. კონსულტანტები შეარჩევინებენ მისთვის სასურველ წიგნებს. არის აგრეთვე კაფე და მკითხველებს შეეძლებათ, ფინჯან ყავასთან ერთად (იცინის), გაეცნონ მათთვის საინტერესო წიგნებს. იქნება ინტერნეტი, ყოველ კვირას ჩატარდება ახალგამოსული წიგნების პრეზენტაციები."

მამუკა ხანთაძე განმარტავს, რომ ინტერნეტი ამ შემთხვევაში ნიშნავს საძიებო სისტემების მიწვდომას წიგნის ბიზნესისა და მედიის სფეროში, აგრეთვე, შესაძლებლობას, მყიდველებმა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინონ წიგნი წიგნის სახლიდან. სახლი დანერგავს საქართველოსთვის ახალ სერვისს - წიგნი ფოსტით: მსურველს შეეძლება, ნებისმიერი ადგილიდან შეუკვეთოს წიგნი ტელეფონით, ინტერნეტით, წერილობით და ა.შ. და წიგნის სახლი მას ფოსტის მეშვეობით მიაწვდის. ნათქვამს მამუკა ხანთაძე დასძენს:

[ხანთაძის ხმა] "იმუშავებს რამდენიმე პროგრამა: მუდმივმოქმედი პროგრამა ბავშვებისათვის, იქნება პროგრამა თინეიჯერული ასაკის ბავშვებისათვის (ლიტერატურული თამაშის სახით), იქნება - ვუწოდოთ ასე - ზაალ სამადაშვილის პროგრამა, რომელიც ლიტერატურის პოპულარიზაციას გასწევს. ზაალი წარუძღვება მას, იქნება ამ პროგრამის ხელმძღვანელი."

გარდა ამისა, წიგნის სახლი წიგნის კლუბიც იქნება: წევრები გადაიხდიან გარკვეულ გადასახადს; სამაგიეროდ, წიგნები მათ ფასდაკლებით მიეწოდებათ. ფასდაკლება მოხდება დიდი ოდენობით წიგნების ყიდვის დროსაც. მამუკა ხანთაძე ამას მარკეტინგული იარაღის ამოქმედებას უწოდებს. კლუბის წევრები წიგნის სახლს მიაწვდიან იდეებს, სურვილებს წიგნის გაყიდვასთან, შემოტანასა და იმპორტთან დაკავშირებით. მამუკა ხანთაძე არ გამორიცხავს წიგნების განხილვას და კრიტიკული დისკუსიების მოწყობასაც, მით უმეტეს, წიგნის სახლი ყოველგავრ ლიტერატურას გაყიდის, მაგრამ უფრო მხატვრულ ტექსტებზე იქნება ორიენტირებული.

მე თვითონ წიგნის სახლის მახლობლად ვცხოვრობ და როცა რამდენიმე თვის წინ შევნიშნე, რომ ყოფილი ბიბლიოთეკის შენობა ანგრეული იყო, ვიფიქრე, რომ იქ ან რესტორანს, ან ტანსაცმლის მაღაზიას, ან სილამაზის სალონს გახსნიდნენ. წიგნის სახლი თითქოს დაუცველია: ღამით მას არ აფარებენ რკინის ჟალუზებს. როგორც მამუკა ხანთაძე ამბობს:

[ხანთაძის ხმა] "ასე დავტოვეთ უზარმაზარი მინები, რათა გარედან ჩანდეს, რომ აქ არის წიგნი. ჩვენ ვიმუშავებთ გვიანობამდე, საღამოს 8-9 საათამდე. იქნება ძალიან კარგი განათება ზამთარშიც კი. ზამთარში იქნება ძალიან მაგარი სითბო. როგორც ახლა, ზაფხულში, გრილა, ისე ეთბილება ზამთარში. მაქსიმალური კომფორტი უნდა შეექმნას წიგნის მომხმარებელს".

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


"დონ ჯოვანი" და პრაღა

ბიძინა რამიშვილი:
წიგნის სახლი, რომლის შესახებ რეპორტაჟი ჩვენმა თბილისელმა კოლეგამ, დავით პაიჭაძემ მოამზადა, პრაღაშიც არსებობს, 300-ოდე მეტრში იმ ადგილიდან, სადაც ჩვენი რადიოს შტაბბინა მდებარეობს. მაგრამ წიგნის სახლის შესახებ დღეს უკვე საკმარისი ითქვა. ახლა გვინდა ჩეხეთის დედაქალაქი მუსიკალური კუთხით წარმოგიდგინოთ - მარიამ ჭიაურელის რეპორტაჟიდან შეიტყობთ, რა კავშირი არსებობს პრაღასა და მოცარტს, უფრო ზუსტად მოცარტის ოპერა "დონ ჯოვანის" შორის...

[მუსიკა]

მარიამ ჭიაურელი:
"დონ ჯოვანი" იგივე დონ ჟუანია - ესპანელი დიდგვაროვანი, რომელიც მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ქალების მუსუსის სიმბოლოდ არის აღზევებული. მაგრამ მოცარტის ოპერაში დონ ჟუანს თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრების იმ ეტაპზე ვეცნობით, როცა მას ბედი აღარ წყალობს: ვეღარც ახალი ლამაზმანების გულის მონადირებას ახერხებს და ვეღარც ძველი სატრფოსაგან თავისუფლდება. ასეთი სიცოცხლე კი დონ ჟუანისნაირ კაცს დიდად აღარ იზიდავს: ის შეიძლება ულმობელი ცინიკოსი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც იმსახურებს თანაგრძნობას, როცა ამაყად ეგუება თავის ბედს - საზარელ სიკვდილს საიქიოდან მოვლენილი აჩრდილის ხელით.

[მუსიკა]

პრაღაში მოცარტი სუპერვარსკვლავია, მისი "დონ ჯოვანი" - ნამდვილი ჰიტი. ქალაქის ცენტრში, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს, ურიცხვ მაღაზიაში იყიდება სუვენირები ავსტრიელი კომპოზიტორისა და მისი ოპერის გმირის გამოსახულებებით, პლაკატები კი გვამცნობს, რომ ოპერაში "დონ ჯოვანის" მოსმენა შეგვიძლია. [პაველ პატრანეკის ხმა] "დონ ჯოვანი, ბუნებრივია, მთავარი წარმოდგენაა ჩვენს რეპერტუარში, ვინაიდან ეს ოპერა პრაღას და "სტავოვსკე" თეატრს უკავშირდება. მოგეხსენებათ, რომ "დონ ჯოვანის" მსოფლიო პრემიერა სტავოვსკე თეატრში გაიმართა - დიდი წარმატებით. ამიტომ გადავწყვიტეთ "დონ ჯოვანის" პროგრამაში დატოვება".

როგორც ჩეხეთის სახელმწიფო თეატრის დრამატურგმა პაველ პეტრანეკმა აღნიშნა, ოპერა "დონ ჯოვანის" მსოფლიო პრემიერა სტავოვსკე თეატრში გაიმართა -ეს 1789 წლის 29 ოქტომბერს მოხდა თავად ავტორის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის დირიჟორობით. დღეს კი მოცარტის ოპერას პრაღაში სხვა დასებიც დგამენ: [პაველ პატრანეკის ხმა] "ყოველ წელს ზაფხულში "სტაჯიონე ოპერა მოცარტის" დასი დგამს "დონ ჯოვანის" სტავოვსკე თეატრის სცენაზე". ამ წარმოდგენას რეკლამას უკეთებენ, როგორც "პრაღის საზაფხულო სეზონის ჰიტს" და მას ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველ საღამოს აჩვენებენ. ამას ემატება მეტად თავშესაქცევი სპექტაკლი, რომელსაც თითქმის ყოველ დღე დგამს მარიონეტების სახელმწიფო თეატრიც - ლაპარაკი ისევ და ისევ ოპერა "დონ ჯოვანიზეა"! მოკლედ, პრაღას შემთხვევით არ აღიარებენ "მოცარტის ქალაქად".

გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის ამ განსაკუთრებულ სტატუსს პრაღაში დიდი ხნის წინ დაედო სათავე - ჯერ კიდევ 1786 წელს, როცა მოცარტის ოპერა "ფიგაროს ქორწინება" არნახული წარმატებით დაიდგა. მისი მელოდიები პირველივე საღამოს შეუყვარდათ და მათ მომდევნო დღეს პრაღის ქუჩებში ღიღინებდნენ - იქნებ, ამ მელოდიას

[მუსიკა]

დღეს პრაღაში სხვა ხმები, სხვა მუსიკა ისმის [ხმები და მუსიკა]...

თუმცა, შესაძლოა, რომელიმე ქუჩაში ასეთი მელოდიაც გაიგოთ:

[მუსიკა]

ასეთ შემთხვევაში კი, ალბათ, ბერტრამკასთან აღმოჩნდით: [ვლასტა ციბულოვას ხმა] "ბერტრამკა - დუშეკების ოჯახის ვილა იყო. ისინი პრაღაში ცნობილი მუსიკოსები იყვნენ. ქალბატონი დუშკოვა მთელს ევროპაში სახელგანთქმული მომღერალი იყო, ხოლო ბატონი დუშეკი მუსიკის მასწავლებელი დიდგვაროვანთა ოჯახებში. მათ მოცარტების ოჯახი ზალცბურგში გაიცნეს, მათთან დამეგობრდნენ. ამიტომ მოცარტი, პრაღაში ყოფნისას, დუშეკებსაც ეწვეოდა ხოლმე", ამბობს ბერტრამკის მუზეუმის დირექტორი ვლასტა ციბულოვა. დიახ, ბერტრამკა დღეს მოცარტის მუზეუმია და გვახსენებს იმ დროს, როცა დიდი კომპოზიტორი, ყურადღებიანი მასპინძლების ხელშეწყობით, რამდენიმე ნაწარმოებზე, მათ შორის ოპერა "დონ ჯოვანიზე" მუშაობდა.

[ნაწყვეტი მოცარტის წერილიდან]: "29 ოქტომბერს ჩემი ოპერა დონ ჯოვანი სცენაზე დაიდგა - დიდი წარმატებით. გუშინ ის მეოთხედ აჩვენეს. ვისურვებდი, ჩემი მეგობრები, განსაკუთრებით შენ და ბრიდი, აქ იყოთ ერთი საღამო მაინც და ჩემი სიხარული გაიზიაროთ", წერდა მოცარტი თავის ვენელ მეგობარს, გოტფრიდ ფონ იაკინს პრაღაში დონ ჯოვანის პერმიერის შემდეგ.

ასე, რომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რასაც ბერტრამკის მუზეუმის დირექტორი ამბობს: [ვლასტა ციბულოვას ხმა] "ამბობენ, რომ მოცარტმა თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ხანა ბერტრამკაში დაჰყო. მაგრამ ეს ინფორმაცია თვით მოცარტისაგან არ შემოგვრჩენია. ვენაში გაგზავნილ წერილებში მოცარტი ჰყვება, ვის შეხვდა, ვინ დაუკვეთა მას ახალი ოპერა, წერს, რომ მას მეგობრები სთხოვენ, უფრო დიდხანს დარჩეს პრაღაში. მაგრამ არსებობს წერილიც, რომელიც მოცარტის ვაჟიშვილის კალამს ეკუთვნის: "ბერტრამკა ჩემი ბავშვობის სამოთხე იყოო", წერს ის. ამიტომ ყველას გვჯერა, რომ მოცარტმა აქ კარგი დრო გაატარა, რომ მოცარტი აქ თავს კარგად გრძნობდა".

[მუსიკა. ნაწყვეტი ოპერიდან "დონ ჯოვანი"]

ბიძინა რამიშვილი:
განვაგრძობთ გადაცემას ქალაქიდან, სადაც ამ მუსიკის დამწერი მოცარტი თავს კარგად გრძნობდა.

[მუსიკა]

უეინ შორტერი - 70

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
მუსიკათმცოდნეები და კრიტიკოსები დღემდე დაობენ თანამედროვე ჯაზის განვითარებისთვის საქსოფონისტ უეინ შორტერის მნიშვნელობაზე. იმაზე, თუ რა ამპლუაში უფრო დიდი როლი ითამაშა მან, როგორც კომპოზიტორმა თუ როგორც მუსიკოსმა. მაგრამ არავინ დაობს, რომ შორტერი ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. თავდაპირველად თავისი კერპის, ჯონ კოლტრეინის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, როცა 50-იან წლებში ჯაზის ამ ჯადოქართან პირადი ურთიერთობა აკავშირებდა. მაგრამ დროთა გამავლობაში ტენორ საქსოფონზე დაკვრის საკუთარი ლაკონური მანერა განავითარა ისე, რომ შეძლო ძლიერი ბგერის და ინტენსიურობის შენარჩუნება, მოგვიანებით კი მის სტილს ფანკის ელემენტები შეემატა. სოპრანო საქსოფონზე შორტერი სრულიად სხვა მუსიკოსია. მისი ლაღი, მსუბუქი ბგერა თითქოს ბრწყინავს. მისი კომპოზიციები ლირიულ ფიქრებს ჩამოჰგავს. ასაკთან ერთად სულ უფრო მეტად ძუნწად შერჩეული ნოტებით ახერხებს სათქმელის გამოხატვას. შორტერმა, განსაკუთებით მისი 60-70-იანი წლების პერიოდის ჩანაწერებმა, უდიდესი გავლენა იქონია მუსიკალურ ასპარეზზე 80-იანი წლების დამდეგს გამოსული ე.წ. ნეობოპის მიმართულების მუსიკოსებზე, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეული ბრანფორდ მარსალისი გახლავთ. ამ დღეებში უეინ შორტერს 70 წელი უსრულდება. ჩვენს ამ სიუჟეტში შევეცდებით, მუსიკის მოყვარულებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ამ გამოჩენილი ხელოვანის ცხოვრების გზა.

[მუსიკა]

1933 წელს ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში დაბადებულმა უეინ შორტერმა დაკვრა კლარნეტზე დაიწყო, მაგრამ 16 წლის ასაკში ტენორ საქსოფონზე გადაინაცვლა. 1956 წელს ნიუ იორკის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ - რაც არც თუ ისე ხშირი შემთხვევაა ჯაზის მუსიკოსებს შორის - შორტერი ჰარდ ბოპის ცნობილ წარმომადგენელთან, პიანისტ ჰორას სილვერთან ერთად უკრავდა, მაგრამ შემდეგ - როგორც თავად იხსენებს - საქსოფონი საწოლის ქვეშ შეინახა და ორი წელი არ გამოსულა სცენაზე. მისი ნამდვილი მუსიკალური კარიერა კი ასე დაიწყო: როცა ყური მოკრა, რომ ქალაქში მაინარდ ფერგიუსონი ჩამოსულიყო და თავისი ბიგ ბენდისთვის მუსიკოსებს ეძებდა, საქსოფონი გამოაძვრინა და გასინჯვაზე წავიდა. ძლივს დაუძლევია სიმორცხვე და ბოლოს და ბოლოს მაინც დაუკრავს, მაგრამ მალევე შეუწყვეტია და იქაურობა მიუტოვებია. ანსამბლში არ აიყვანეს. მაგრამ ფერგიუსონს ორ კვირაში ახალი საქსოფონისტი დასჭირდა და გახსენებია მორცხვი ჭაბუკი, რომელმაც გასინჯვისას დაამახსოვრა თავი. დაიწყეს ძებნა, დაახლოებით ისე, ზღაპარ "კონკიაში" რომ ეძებდნენ დაკარგული ქოშის პატრონს, და ბოლოს უეინს მიაგნეს. მაგრამ შორტერი არ იყო დაბადებული ბიგ ბენდისთვის, რომელშიც მისი მარგალიტივით ბგერა უქმად იკარგებოდა. ასე რომ, იმედგაცრუბელმა შორტერმა საქსოფონს კვლავ საწოლის ქვეშ უყო პირი.

ნიჭიერთ ბედი სწყალობთ. 1959 წელს ჯაზის ერთ-ერთ გიგანტს, არტ ბლეიკის, დასჭირდა საქსოფონისტი თავისი ჯგუფის "ჯაზ მესინჯერზისთვის" და არჩევანი უეინ შორტერზე შეჩერდა. დღევანდელი პერსპექტივიდან წარმოუდგენლად მოჩანს ამ ანსამბლის ერთ-ერთი საინტერესო პერიოდი შორტერის გარეშე, რომელიც ბლეიკისთან 1964 წლამდე უკრავდა და რომელიც სამი წლის განმავლობაში იყო ანსამბლის მუსიკალური ხელმძღვანელი. სულ ახალგაზრდა შორტერმა თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიტორის სახელი მოიხვეჭა. შორტერის კომპოზიციებს ბლეიკის "მესინჯერზი" ხშირად უკრავდნენ. მაგრამ შორტერმა-კომპოზიტორმა ჭეშმარიტად გაშალა ფრთები თავის შემდგომ ანსამბლში. 1964 წელს იგი უკვე მაშინვე ცოცხალ ლეგენდად ქცეულმა მესაყვირემ, მაილს დევისმა მიიწვია თავის ახალ კვარტეტში. ჯაზის სამყაროში არასოდეს დაობდნენ ამ ჯგუფზე, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კვარტეტად ითვლება დღემდე. პიანისტი ჰერბი ჰენკოკი, კონტრაბასისტი რონ კარტერი, მედოლე ტონი უილიამსი, საქსოფონისტი უეინ შორტერი და მაილს დევისი.

[მუსიკა]

მაილს დევისი მთლიანად მიენდო თავის ასაკით უმცროს კოლეგებს და ანსამბლის რეპერტუარი მათი კომპოზიციებით გაამდიდრა. უეინ შორტერი კვარტეტის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული წევრი იყო. სამოციანი წლების ბოლო ის პერიოდია, როცა თანამედროვე ჯაზი როკს დაუახლოვდა. საბოლოოდ ამ ორი მიმართულების შერწყმით, რაშიც თავად მაილს დევისმა უდიდესი წვლილი შეიტანა, გაჩნდა ახალი სტილი - ფიუჟენი. მაგრამ შორტერი შეგირდი უფრო მეტად ავანგარდისტი აღმოჩნდა, ვიდრე მისი გურუ. 1970 წელს მან მაილს დევისი მიატოვა და პიანისტ ჯო ზავინულთან და კონტრაბასისტ მიროსლავ ვიტოუშტან ერთად შექმნა ფიუჟენის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ანსამბლი "უეზერ რეპორტი", რომელიც საქართველოშიც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა 70-80-იან წლებში.

[მუსიკა]

1985 წელს შორტერმა "უეზერ რეპორტი" მიატოვა და ერთხანს საკმაოდ უღიმღამო მუსიკას ქმნიდა. თუმცა იყო არაერთი ბრწყინვალე გაელვებაც. მათ შორის ჯაზის მოსაზღვრე მიმართულებებშიც. იგი თანამშომლობდა კარლოს სანტანასთან და როკანსამბლ "როლინგ სტოუნზთან", უკრავდა ჰერბი ჰენკოკთან და მარკუს მილერთან ერთად. უკანასკნელ წლებში შორტერი კვლავ დაუბრუნდა აკუსტიკურ ჯაზს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი ახალი კვარტეტი, რომლის ორი ბოლო ალბომი "ფუტპრინტს" და "ალეგრია" მრავალი მუსიკალური პრიზით დაჯილდოვდა.

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.
XS
SM
MD
LG