Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ მოწვევის პარლამენტი არსებობის ბოლო დღეებს ითვლის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 9 სექტემბერს ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია გაიხსნა. იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის შემადგენლობის სოლიდური ნაწილი უკვე საარჩევნო მარათონშია ჩართული, მეორე ცდით პარლამენტში კვორუმი შედგა.

თუმცა, მთლიანობაში გაურკვეველი დარჩა, რატომ შეიკრიბა პარლამენტი.

წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტი რომ სრულიად არაქმედითუნარიანი ხდება, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 9 სექტემბერს, 1999-2003 წლების მოწვევის პარლამენტის ბოლო სესიაზე, როცა პარლამენტარები დიდხანს არკვევდნენ, თუ როგორ უნდა გამოიყენოს პარლამენტმა არჩევნებამდე დარჩენილი დრო. ერთნი წლების განმავლობაში განუხილავი კანონ-პროექტების სასწრაფოდ განხილვის მოთხოვნით გამოდიოდნენ, მეორენი - კვლავ მთავრობის წევრების პარლამენტში მოსვლას მოითხოვდნენ, მესამენი - განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობის აუცილებლობას ასაბუთებდნენ. ამ უკანასკნელი მოთხოვნის ავტორის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, კანონ-პროექტების ირგვლივ მსჯელობაზე დარჩენილი დროის ხარჯვის ნაცვლად, აუცილებელია სპეციალური დღის წესრიგის მიღება, რომელშიც შევა აფხაზეთის კონფლიქტის, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრისა და 2 ნოემბრისთვის დაგეგმილი რეფერენდუმის საკითხები, - შეგახსენებთ, 2 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, გაიმართება რეფერენდუმი კითხვით, უჭერს თუ არა საქართველოს მოსახლეობა მხარს მოსაზრებას პარლამეტართა რაოდენობის 235-იდან 150-მდე შემცირების თაობაზე.
აფხაზეთის თემა 9 სექტემბერს კიდევ რამდენჯერმე გახმაურდა - მაშინ, როცა პარლამენტარმა ადა მარშანიამ კოლეგებს სოხუმის დაცემის 10 წლისთავის თარიღის მოახლოება შეახსენა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო რაიმე ფორმით კიდევ ერთხელ გამოხატავს, რომ აფხაზეთს საკუთარ სამშობლოდ აღიქვამს (ადა მარშანიას აზრით, კარგი იქნებოდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ხალხმრავალი მდუმარე აქციის ჩატარება), და კიდევ ერთხელ, როცა პარლამენტარმა გერმანე ფაცაციამ კოლეგებს რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება შეახსენა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ამ ერთი თვის წინ თბილისში მიმდინარე შიმშილობის აქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესრულებას ავალებდა.

და მაინც, რატომ დადიან პარლამენტში პარლამენტარები. ჯუმბერ პატიაშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს:
[ ჯუმბერ პატიაშვილის ხმა] " პარლამენტში ვიკრიბებით, გვსურს, რომ ხალხს დავანახოთ, რომ პარლამენტის წევრები ვართ. და პირველად არ ითქვა, რომ ამ პარლამენტმა დაწყებიდან დღემდე ფაქტიურად და პრაქტიკულად ვერაფერი გააკეთა გარდა იმისა, რომ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი დანაწევრება და დაპირისპირება გამოიწვია."
მისივე განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება კარგად იყენებს პარლამენტში შექმნილ დაპირისპირებას ყველაფრის პარლამენტისთვის გადასაბრალებლად. სხვათა შორის, ხელისუფლება სიტუაციას ბოლო დღეებში მართლაც კარგად იყენებს - არჩევნები ჯერ არ გამართულა, მას კი მომავალ პარლამენტში 12 ხმა გარანტირებული აქვს აფხაზეთის დეპუტაციის მეშვეობით მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი სახელისუფლებო ბლოკში გაწევრიანდა.
XS
SM
MD
LG