Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი თუ გასულ საუკუნეს სპორტის ასწლეულად მოვიაზრებთ,

საქართველო ერთ-ერთ წარმატებულ სპორტულ ქვეყნად წარმოგვიდგება. ქართველ სპორტსმენებსა და გუნდებს გაუმარჯვიათ მეტწილ პოპულარულ ტურნირებში და სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში - საბჭოთა კავშირის სახელით თუ დამოუკიდებელი საქართველოს დროშით.

"ქართული სპორტის საუკუნე - დაუვიწყარი სახელები" - ასე ჰქვია ყოველკვირეული სპორტული პროგრამის ახალ ციკლს, რომელშიც წარმოგიდგენთ ჩვენი სპორტის წარჩინებულებს, მე-20 საუკუნის სახელოვან ქართველ სპორტსმენებს. დღევანდელი გადაცემა ლეგენდარულ ფეხბურთელს მიხეილ მესხს ეძღვნება.

მიხეილ მესხი: დაიბადა თბილისში 1937 წლის 12 იანვარს. თავდამსხმელი, მარცხენა გარემარბი. 1954-69 წლებში თამაშობდა თბილისის "დინამოში", 1970 წელს თბილისის "ლოკომოტივში". საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ითამაშა 284 მატჩი, გაიტანა 54 გოლი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და სამგზის ბრინჯაოს პროზიორი. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 35 მატჩი და გაიტანა 4 გოლი. ევროპის 1960 წლის ჩემპიონი, 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. სპორტის დამსახურებული ოსტატი. გარდაიცვალა თბილისში, 1991 წლის 20 აპრილს.

მიხეილ მესხის სახელი სამუდამოდ დაუკავშირდა ქართულ ფეხბურთს. პირიქითაც - ქართული ფეხბურთი წარმოუდგენელია მიხეილ მესხის გარეშე. სტადიონზე პირველი გამოჩენის დღიდანვე, მისი ნიჭიერება საეჭვო და საკამათო არასოდეს გამხდარა. მესხზე ყოველთვის ემოციურად, აღმატებულ ტონში ლაპარაკობენ. თანაც, ვერავინ შეგედავება - ვერ მოზომა, ზედმეტი მოუვიდაო. რაც უნდა მოინდომო, იმაზე მეტს მაინც ვერ იტყვი, ვიდრე თავად მესხი იყო. და, რა თქმა უნდა, მესხის ფინტი - იშვიათი საფეხბურთო მომენტი და ამ მომენტს დადარაჯებული მაყურებელი, რომელიც მზად არის თავის კერპს ყველაფერი მიუტევოს, ოღონდ ერთხელ, ერთხელ მაინც იხილოს ეს "სასწაული". აწ უკვე გარდაცვლილი გივი ჩოხელი, თავადაც ჩინებული ფეხბურთელი და პიროვნება, ასე იხსენებს თავის თანაგუნდელს.

[გივი ჩოხელის ხმა]: "მინდა გავიხსენო სამხრეთ ამერიკის ტურნე, რომელიც ბრწყინვალედ ჩაატარა საბჭოთა ნაკრებმა და, რა თქმა უნდა, ამ ნაკრებში გამოირჩეოდა მიხეილ მესხი. და მისი დამაგვირგვინებელი თამაში იყო სწორედ ბუენოს-აირესში, როდესაც საბჭოთა ნაკრებმა მოიგო ანგარიშით 2:1 და მესხი ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში."

ლეგენდარულმა რუსმა მეკარემ ლევ იაშინმა თავის მოგონებათა წიგნში მიხეილ მესხს რამდენიმე გვერდი დაუთმო: "თბილისის "დინამოში" ბევრ დიდებულ ფეხბურთელს უთამაშია. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ნათელი კვალი მაინც მიხეილ მეხსმა დატოვა. "ეკიპმა" და "ფრანს ფუტბოლმა" მესხი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს და ეს სავსებით სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. ჩემი ცხოვრების მანძილზე ამ ამპლუის არაერთი ჩინებული მოთამაშე მინახავს და მიშა ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის. ამავე დროს, საყვარელი ადამიანი და ნამდვილი მეგობარი". ამ თემას აგრძელებს მესხის დროინდელი დინამოელი ილია დათუნაშვილი.

[ილია დათუნაშვილის ხმა]: "ძალიან თავისებური პიროვნება იყო, თითქოს გულჩათხრობილი, მაგრამ ძალიან კეთილი და კეთილშობილი. ძალიან თბილი, აი, რომ იტყვიან, მომფერებელი."

მიხეილ მესხი, ისევე, როგორც ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მურთაზ ხურცილავა, დავით ყიფიანი და სხვანი, ერთი რომელიმე თაობის კუთვნილება არ გახლავთ. მისი სახელი თითქოს აერთიანებს ქართული ფეხბურთის ადრინდელ და მომავალ თაობებს. მესხისთვის ფეხბურთი უფრო პოეზია იყო და არა პროზა. ტრიბუნას ტაშს რომ მოსწყვეტდა, მერე სადღაც "გადამალულ" ბურთს გამოაჩენდა და მეტოქის კარისკენ დაიძრებოდა. რაც არ უნდა უქეიფოდ ყოფილიყო, ერთი კაცის საქმეს ყოველთვის აკეთებდა. მაშინაც კი, როცა გაჯიუტებული, ვიღაცაზე თუ რაღაცაზე გულმოსული, ხელებს ზურგზე დაიწყობდა და ასე დადგებოდა მოედნის ცენტრში. მაგრამ მესხი ხომ მოედანზეა1 მთავარი ეს იყო, დანარჩენზე მეტოქის მცველებს ემტვრიათ თავი. მათთვის მესხი ამოუხსნელ გამოცანად დარჩა. ახლა მესხის გარდაცვალების დროინდელ ჩანაწერს მოგასმენინებთ და დანარჩენს დავით ყიფიანი გეტყვით.

[დავით ყიფიანის ხმა]: `მე დღევანდელი დღესავით მახსოვს მომენტი, როდესაც 1961 წელს თბილისის "ქარიშხალას" სტადიონზე თბილისის "დინამო" ბრაზილიის სახელგანთქმულ "ბაიას" ხვდებოდა და მიშა მესხის თამაშმა ისეთ აღტაცებაში მოიყვანა განა მარტო ქართველები, არამედ ბრაზილიელები, რომ სათამაშო ეპიზოდებში ხშირი იყო შემთხვევა, როცა თავად ბრაზილიელები ჩერდებოდნენ და ტაშს უკრავდნენ მას. მე პატივი მქონდა ბატონ მიშასთან ერთხელ ჩამეცვა მაისური, მაშინ 19 წლის ვიყავი. 1970 წელს გარკვეული პერიოდი ბატონ მიშას თბილისის "ლოკომოტივში" მოუწია თამაში. მაშინ სეზონის გახსნაზე რიგის "დაუგავას" ვეთამაშეთ. დღევანდელივით მახსოვს თამაშის მერე მის მიერ თქმული სიტყვები. მე ნაკლებად ვფიქრობდი იმ წუთში თამაშზე, მის ყოველ მოძრაობას ვაკვირდებოდი. თამაშის შემდეგ მითხრა, რომ ფეხბურთი, ეს ხელოვნებაა, როდესაც მინდორზე გადიხარ ყველაფერი და ყველა უნდა დაივიწყო და უნდა გააკეთო მაქსიმუმი, რომ აქ მოსულ ხალხს სიამოვნება მიანიჭო."

მიხეილ მესხს ტაში და სიყვარული არ მოჰკლებია - ჩვენშიც და უცხოეთშიც. ნიჭი არ სცნობს საზღვრებს, მაგრამ მის გარშემო, სადღაც ახლოს, შური და ღვარძლიც ბუდობს. მესხმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა, მაგრამ თავი არავისთვის დაუხრია და ამის გამო ბევრი უსიამოვნებაც შეხვედრია. მესხი ადრე გაუშვეს "დინამოდან", მაგრამ ვერ გაუშვეს ფეხბურთიდან. 1970 წელს მან დაარსა საფეხბურთო სკოლა "ავაზა", რომელსაც გარდაცვალებამდე თავკაცობდა. დღეს მამის საქმეს მამუკა მესხი აგრძელებს. დიდმა მესხმა კი ასე დაიბარა: "მოიხმარეთ სახელი ჩემი და გაიმარჯვეთ საქართველოს სახელით!"

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG