Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექტემბრის ბიუჯეტიც "გაირღვა"


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობამ, წინასწარი მონაცემებით, სექტემბრის თვის გეგმაც ჩააგდო, რაც წინასაარჩევნოდ მაინცდამაინც ხელისუფლების წისქვილზე არ დაასხამს წყალს. არადა, ხელისუფლება ეკონომიკაში

მიმდინარე პროცესებსაც ამ ეტაპზე საარჩევნო კამპანიის კონტექსტში განიხილავს და პენსიების და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა ხელფასების დავალიანების გამოც მხოლოდ ამ მიზეზით წუხს. ანუ სახელმწიფო თავის უპირველეს სოციალურ მოვალეობასაც ლოკალური ინეტერესების მიხედვით იხსენებს.

სექტემბრის თვის ბიუჯეტი, წინასწარი მონაცემებით, 15 მილიონი ლარით გაირღვა. წლის დასაწყისიდან დეფიციტმა კი 108 მილიონი შეადგინა. შესაბამისად, მთავრობას მიმდინარე დაფინანსებაში დამატებითი პრობლემა შეექმნა. ეს განსაკუთრებით მტკივნეულია წინასაარჩევნოდ, როდესაც მოსახლეობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაც პრობლემატური ხდება.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ინფორმაციით, საგადასახო შემოსავლების პარამეტრი სექტემბრის თვეში მილიონი ლარით, არასაგადასახდო შემოსავლების გეგმა 4, ხოლო საპენსიო ფონდის პარამეტრი 2,7 მილიონი ლარით გაირღვა. საგაზაო ფონდს 150 ათასი ლარი დააკლდა.

საგადასახდო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სექტემბრის გეგმის ჩავარდნაზე თავს იმართლებს და აცხადებს, რომ ჩამორჩენა მხოლოდ მინიმალურია და მის გადაფარვას საგადასახდო ოქტომბრის მაჩვენებლებით შეძლებს. თუმცა, ექსპერტებს იასე ზაუტაშვილის ამ ოპტიმიზმში ეჭვი ეპარებათ, მითუფრო, რომ საარჩევნო ციებ-ცხელება, როდესაც ხელისუფლების ყურადღება სხვა სფეროსაკენ არის მიმართული, ტრადიციულად ისედაც სუსტ ადმინისტრირებას კიდევ უფრო ართულებს.

ფინანსთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ გარღვევის მიუხედავად, სასიცოცხლოდ აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას საფრთხე არ შეექმნება და შემცირება მხოლოდ არადაცული მუხლების ნაწილს შეეხება.

საგადასახადოსაგან განსხვავებით, სექტემბრის თვის გეგმა გადაჭარბებით შეასრულა საბაჟო დეპარტამენტმა. ამ უწყებაში აცხადებენ, რომ აჭარის თანხების გათვალისწინებით, გადაჭარბება დაახლოებით მილიონ ლარს შეადგენს. სხვათა შორის, აჭარის თემა გასულ კვირაში კვლავ აქტუალური იყო. ამჯერად ცენტრის ბრალდებებზე აჭარის წარმომადგენლები რეგირებდნენ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცინცქილაძე აცხადებს, რომ ავტონომიას ცენტრალური ბიუჯეტის მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნია. აჭარის წარმომადგენლები თვლიან, რომ ბოლო წლებში მათ მიმართ გამოთქმული პრეტენზიები დაუმსახურებელია. ცინცქილაძე აცხადებს, რომ პირიქით, ცენტრალური ბიუჯეტი სცოდავს ავტონომიის მიმართ და თბილისს აქეთ მართებს აჭარის 130 მილიონი ლარი, რის გამოც ავტონომიის ხელმძღვანელობამ 2001 წლის მაისში თანხების გადმორიცხვის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ცინცქილაძეს მიაჩნია, რომ ცენტრალური ხელისუფლების ბრალდებებსა და აჭარისაკენ გამუდმებულად ხელის გაშვერას მხოლოდ პოლიტიკური მოტივი გააჩნია და თბილისი ცდილობს აჭარა მტრის ხატად აქციოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას. თბილისში თვლიან, რომ აჭარამ ცენტრალურ ბიუჯეტს მარტო 2002 წელს 40 მილიონი ლარი დააკლო. მოკლედ, "საბიუჯეტო ომი" ავტონომიასა და ცენტრს შორის უკვე მესამე წელია გრძელდება და ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ამ პრობლემის გადაჭრის რეალური გზა ჯერ არც არის გამოკვეთილი.

თუმცა, აჭარის პრობლემის გარდა, ცენტრალურ ხელისუფლებას საკუთარი საბიუჯეტო ცოდვებიც უხვად აქვს. საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 კვარტლის განმავლობაში დეფიციტმა 108 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა. ამ გარღვევაში საგადასახადოს წილად 18 მილიონი, ხოლო საბაჟოს "ცოდვა" 44 მილიონით განისაზღვრა. საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, წლის ბოლომდე საბიუჯეტო დეფიციტი 200 მილიონამდე გაიზრდება. ფინანსთა სამინისტრო, ბუნებრივია, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მათი ვარაუდით, დეფიციტი 135 მილიონ ლარს არ ასცდება, რაც ძირითადად საგარეო დახმარებების შეჩერებით და სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან დაგეგმილი თანხების მიუღებლობით არის განპირობებული. მარტო გრანტების სახით სახელმწიფო ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს მოისაკლისებს.

საბიუჯეტო დარღვევების თაობაზე გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტთან ანტიკორუფციული საბჭოს წევრებიც მსჯელობდნენ. საინტერესოა, რომ დარღვევებს არც იმ უწყების ხელმძღვანელები უარყოფენ, რომელთა მიმართაც, როგორც წესი, ყველაზე მეტი პრეტენზია არსებობს. შეხვედრის შემდეგ საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე იასე ზაუტაშვილი ჟურნალისტებს უცხადებს, რომ კონკრეტული ფირმები და მეწარმეები საექსპორტო ოპერაციებს ფაქტობრივად "ქაღალდზე" ახორციელებდნენ, რის შედეგადაც ბიუჯეტმა მილიონობით ლარი იზარალა, ამ საქმიანობაში კი მათ საგადასახადოსა და საბაჟოს თანამშრომლები ეხმარებოდნენ.

ფისკალური სტრუქტურების წარმომადგნელთა "მარცხენა შემოსავალი" დარღვევების პირდაპირპროპორციულია და, შესაბამისად, ამ უწყებებში მოკალათებულ არცთუ კეთილსინდისიერ თანამშრომლებს სიტუაციის რადიკალურად გამოსწორება მაინცდამაინც არ უნდა ესიამოვნოთ.

პრეზიდენტმა საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების ხელმძღვანელობას ამ უწყებების "თითოეული თანამშრომლის მიმართ უმკაცრესი ღონისძიებების გატარება" დაავალა. თუმცა, ამგვარი დავალებები სხვადასხვა უწყებებს არაერთხელ მიუღიათ, მაგრამ ამით არც დარღვევები შემცირებულა და არც ფისკალური სტრუქტურები გაწმენდილა კორუფციონერებისაგან.
XS
SM
MD
LG