Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ეფუძნება ხელისუფლების საარჩევნო ბლოკის იმედი


დავით პაიჭაძე, თბილისი წინასაარჩევნო რეიტინგების გაცნობა აჩვენებს, რომ ხელისუფლების ბლოკს "ახალი საქართველოსთვის" დაბალი მაჩვენებელი აქვს. ხშირად ის 7%-მდეც ვერ აღწევს. ხელისუფლება მაინც მშვიდად არის და, ჩანს,

სრულიად დარწმუნებულია, რომ ბარიერს გადალახავს. რას ეფუძნება ეს რწმენა? ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების ბლოკში არა იმდენად პოლიტიკურ კონკურენტს, რამდენადაც არჩევნების გაყალბების საფრთხეს ხედავენ. ვინ მიაჩნია თავად ამ ბლოკს კონკურენტად და საიდან მოელის საჭირო ხმების მიღებას?
ამ კითხვებით ჩვენ ხელისუფლების ბლოკის ერთ-ერთ თვალსაჩინო წევრს, ვახტანგ რჩეულიშვილს მივმართეთ.

ვახტანგ რჩეულიშვილის პასუხები ბოლო დროს გულწრფელობით გამოირჩევა. სხვა საკითხია, რამდენად დამაჯერებელია მისი გულწრფელობა. რადიო "თავისუფლებამ" ბლოკ "ახალი საქართველოსთვის" სიის მესამე ნომერს ისიც ჰკითხა, რა არის ახალი ბლოკის სამომავლო პოლიტიკაში. "მოქალაქეთა კავშირის" ოდინდელ გულშემატკივრებს და ოპონენტებს, ალბათ, ახსოვთ, დაპირება მილიონი სამუშაო ადგილის შესახებ. ბლოკის დღევანდელი სიახლეები გაცილებით მოკრძალებულია:

[რჩეულიშვილის ხმა] "აქ ორ მომენტზე გავამახვილებდი ყურადღებას: ესაა მიდგომა კორუფციასთან ბრძოლისადმი და ახალი საგარეო-პოლიტიკური პროგრამა. არა კურსის შეცვლა, არამედ - პროგრამა".

რჩეულიშვილი აღიარებს, რომ ავთანდილ ჯორბენაძის ხელისუფლებამ უამრავი პრობლემა ვერ მოაგვარა, მაგრამ მცირე ნაბიჯი მაინც გადადგა წინ. მაგალითად, რჩეულიშვილის აზრით, თუ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, საგადასახადო და საბაჟო სამსახურებში აკუმულირებულ თანხას ძირითადად ვაშლიჯვრის ოფისი, ანუ ზურაბ ჟვანია და მისი თანამოაზრენი განკარგავდნენ და ფული მათი შეხედულებისამებრ ნაწილდებოდა მაღალი რანგის ჩინოვნიკებსა თუ პარტიაში, ახლა ასე არ არის. რჩეულიშვილის თქმით, კორუფციულ პირამიდას

[რჩეულიშვილის ხმა] "თავი მოეჭრა. ავთო ფულს არ იღებს. ამიტომაც არის, რომ ჩვენი ბლოკის საარჩევნო კამპანია დაუფინანსებელია. მიკა გოგიაშვილი ფულს ამ სქემიდან არ იღებს, მაგრამ სქემა რეალურად მუშაობს: ფული ისევ გროვდება ქვევით. აღარც ჟვანიას აძლევენ, ისიც გადააგდეს. სარგებლობენ იმით, რომ სიტუაცია ქვეყანაში არჩევნების წინ უმართავია, ანუ პირველი ნაბიჯი გადავდგით: ხომ კარგია, ფული მეშოკებით (sic!-დ.პ.) რომ არ ააქვთ კანცელარიაში, როგორც ვაშლიჯვარში დაჰქონდათ"?!

ეს რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლაში ხელისუფლების წარმატებას; ახალი საგარეო-პოლიტიკური პროგრამის არსი კი ვახტანგ რჩეულიშვილის ცნობილი მეტაფორით, ე.წ. ჯვრით შეიძლება გადმოიცეს. ჯვარს ქმნის ორი ვექტორის - აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის გადაკვეთა, მოკლედ, გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რუსეთთან ურთიერთობების დათბობა.

ზემოთ ხსენებული გულწრფელობა ვახტანგ რჩეულიშვილმა გამოავლინა იმაზე მსჯელობისას, თუ საიდან აკრეფს ხმებს ხელისუფლების ბლოკი.

[რჩეულიშვილის ხმა] "ჩვენი პოლიტიკური კონკურენტი არავინ არ არის და გეტყვით, რატომ: უმრავლესობით ჩვენ, შეიძლება, ვერ მოვიდეთ და, ალბათ, ვერც მოვალთ. ჩვენი რეიტინგი, ახლა რომ ვზომავთ, დაახლოებით 10%-ა. მაგრამ რას ნიშნავს ჩვენი 10%? ეს არის დაახლოებით 30%, იმიტომ, რომ არაქართველი მოსახლეობის 90% არჩევნებზე ყოველთვის პრეზიდენტს უჭერს მხარს. ეს არის ფაქტი. ახლა ავიღოთ ასლან აბაშიძის რეიტინგი: ჩვენი გათვლით, ის დაახლოებით 7-8%-ა. მაგრამ, ხომ ვიცით, რომ ეს 7-8% არჩევნებზე 20%-მდე გაიზრდება? 12%-ს მხოლოდ აჭარის ამომრჩეველი იძლევა. ეს არის ორი სახელისუფლებო პარტია: ჩვენ - მთელი საქართველოს მასშტაბით, ასლანი - აჭარის მასშტაბით".

პოლიტიკური კონკურენტების არარსებობასაც ვახტანგ რჩეულიშვილი ამ ლოგიკით განმარტავს: საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომხებისა და აზერბაიჯანელების ხმები, აგრეთვე ხმები აჭარიდან, რომელიც არ არის გათვალისწინებული დღევანდელ რეიტინგულ კვლევებში, არჩევნების შედეგთა დაჯამებისას დააკლდებათ ოპოზიციურ პარტიებს. მათი დღევანდელი რეიტინგი დათვლის დროს დაიკლებს და 7%-ან ზღვარს ჩამოსცდება.

[რჩეულიშვილის ხმა] "ჩვენ მათ აღარ ვებრძვით. თვითონ შეჭამენ ერთმანეთს. ისეთი ბრძოლა იქნება სააკაშვილსა და ჟვანიას შორის, როგორიც იყო ჩემსა და ჟვანიას შორის 1995 წელს".
XS
SM
MD
LG