Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბურჯანაძე-დემოკრატების" თვალსაზრისი რუსეთის აგენტობასა და ქვეყნის აყვავების თაობაზე


სახელისუფლებო ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" და "ბურჯანაძე-დემოკრატების" დაპირისპირებამ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტის თავმჯდომარის საარჩევნო გაერთიანება.

მის ლიდერებს უამრავ საჩოთირო კითხვას უსვამენ, თუმცა "ბურჯანაძე-დემოკრატები" უშუალო პოლემიკაში არ შედიან და კითხვების თავიდან აცილებას თემის არასერიოზულობის მომიზეზებით ცდილობენ. ასე მოიქცა ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ასათიანიც 14 ოქტომბერს კონრად ადენაუერის ფონდის ინიციატივით გამართულ პრესკონფერენციაზე.

[აკაკი ასათიანის ხმა] "რაღაცა სასაცილო დოკუმენტები, რომლებიც გამოქვეყნდა მედლებზე, ორდენებზე, რაღაც მიჩხაპნილ ქაღალდებზე. ჩვენ ვცდილობთ ამოვიდეთ ამ სიბრტყიდან როგორმე, აი, ამ ყოვლად უსაგნო, მდარე და დაბალი, მდაბიური დონის ვითომ პოლემიკიდან და გადავიდეთ რეალურზე, თუმცა ამისთვის 3 კვირაც აღარ დარჩა. რა შეიძლება გაკეთდეს..."

თუ რის გაკეთებას გეგმავს აკაკი ასათიანი "ბურჯანაძე-დემოკრატების" ბლოკთან ერთად, ეს მისივე განცხადებიდან ჩანს:

[აკაკი ასათიანის ხმა] "რევოლუცია რევოლუციის გარეშე. ქვეყანაში, სადაც საჭიროა მკვეთრი ცვლილებები, როგორც სისტემის თვალსაზრისით, ისე ეკონომიკაში და საკადრო, ეს უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მშვიდად, სერიოზულად, თანმიმდევრულად და ლოგიკურად."

ლოგიკა აკაკი ასათიანს არასდროს ღალატობდა, თუმცა ახლა თუ როგორ უნდა მოხდეს რევოლუციური ცვლილებები რევოლუციის გარეშე, მასაც ვერ წარმოუდგენია ნათლად და გასაგებად. საქმე ისაა, რომ ძირითადი ოპოზიციური ძალები, დღევანდელი რეიტინგების მეტ-ნაკლები შესაბამისობით, უკვე ისედაც იყვნენ წარმოდგენილნი 1999 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტში. ჟვანიას გუნდი თავის ფრაქციაში 23 კაცს ითვლიდა. ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ასევე "ბურჯანაძე-დემოკრატი" გიგი წერეთელი - ვიცე-სპიკერი, რომ აღარაფერი ვთქვათ საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელებზე, ანდაც პარლამენტის აპარატის უფროსზე. თუ ამას დავუმატებთ აკაკი ასათიანის 14 ტრადიციონალისტს, კიდევ - ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას, ახალ მემარჯვენეებს, მრეწველებს და სხვა თემატურ მოკავშირეებს, ოპოზიციის გეგმების განხორციელება ძველ პარლამენტშიც შეიძლებოდა.

ამ თანამეგობრობას მომავალ არჩევნებში შეიძლება ლეიბორისტები შეემატონ და ეს დიდად ვერ შეცვლის საკანონმდებლო ორგანოს მაჯისცემას. პარლამენტი რომ რევოლუციის მომხდენი არ არის, ამას მოგვიანებით თავად აკაკი ასათიანიც აღიარებს, ოღონდ მხოლოდ ზერელედ:

[აკაკი ასათიანის ხმა] "პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ძალიან სპეციფიკურია: შენ ხედავ ყველაფერს, თვალსაწიერი ძალიან ფართოა, მაგრამ შენ ვერ წყვეტ ვერაფერს. ამის საშუალება, ამის ძალაუფლება არ აქვს პარლამენტში არათუ რიგით წევრს, არამედ პარლამენტის თავმჯდომარესაც კი. ამას სჭირდება სწორედ მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა, გუნდი მთავრობისა, რომელიც იმუშავებს ამ საკითხებზე."

პარლამენტის ასეთი უძლურების წარმოჩენა უფრო თავის მართლებას ჰგავს, რადგან საკანონმდებლო ორგანოს მთავრობასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ზემოქმედების უამრავი ბერკეტი აქვს, თუნდაც საკანონმდებლო და მაკონტროლებელი უფლებების სახით. აკაკი ასათიანი პარლამენტისკენ თავისი გუნდის დაჟინებულ მისწრაფებას პატარ-პატარა საქმეების კეთების სურვილით ხსნის:

[აკაკი ასათიანის ხმა] "ჩვენ ვფიქრობთ, იმდენი ოპოზიციური პარტია და იმ მიმართულების ოპოზიციური პარტია კი მოხვდება პარლამენტში, რომ მათთან ერთად, აი, ის ელემენტარული საკითხები, რაც უკავშირდება დენს, წყალს, გაზს, სისუფთავეს ქუჩაში, ელემენტარულ წესრიგს საზოგადოებაში, ეს საკითხები შეიძლება გადაიჭრას."
XS
SM
MD
LG