Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდგომარეობა აზერბაიჯანში


ანდრო ეული, პრაღა ხუშაბათს ღამით ბაქოში შეწყდა შეტაკებები პოლიციასა და ოპოზიციის მომხრეებს შორის.

იუწყებიან, რომ პარასკევს დილით სიმშვიდე სუფევდა აზერბაიჯანის დედაქალაქში. ქალაქის ცენტრალურ რაიონებში პოლიციისა და შინაგანი ჯარების გაძლიერებული ქვედანაყოფები პატრულირებენ. ხუთშაბათს მომხდარი შეტაკებების დროს ერთი დემონსტრანტი იქნა მოკლული, ხოლო 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი, მძიმედ დაიჭრა. ასზე მეტმა დემონსტრანტმა და პოლიციელმა მსუბუქი ჭრილობები და ტრავმები მიიღო.


პოლიციამ 172 ადამიანი დააკავა. ისინი ოპოზიციური პარტიის,
"მუსავათის" მომხრეები არიან. ეს პარტია ამტკიცებს, რომ ოთხშაბათს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აზერბაიჯანში, გაყალბებულ იქნა. არჩევნებში გამარჯვებულად ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ვაჟი, პრემიერ-მინისტრი ილჰამ ალიევი გამოცხადდა. ოფიციალური მონაცემებით, მან ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო პარტია "მუსავათის" ლიდერმა ისა გამბარმა - მხოლოდ 12 პროცენტი.

ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ისა გამბარმა განაცხადა, რომ მიმართავს ყველა კონსტიტუციურ საშუალებას, რათა ბათილად გამოცხადდეს აზერბაიჯანში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი [ისა გამბარის ხმა]: "ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ და შევასრულოთ ხალხის ნება-სურვილი და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ძალისხმევას".

ოპოზიციის სხვა ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ სცნობენ არჩევნების შედეგს. აზერბაიჯანის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერმა ეთიბარ მამედოვმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში "მთლიანად იქნა გაყალბებული".

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა ბაქოში, ოპოზიციურ პარტიათა ლიდერები "ხელისუფლების უზურპირებაში" ადანაშაულებენ ალიევების ოჯახს. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს "ობიექტურად შეაფასონ პოლიტიკური ვითარება აზერბაიჯანში".

საქართველოს, რუსეთის, თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა არჩევნებში "დამაჯერებელი გამარჯვება" მიულოცეს ილჰამ ალიევს. ხოლო ევროკავშირსა და დასავლეთის მთავრობათა უმრავლესობას არ გაუკეთებიათ ოფიციალური განცხადება აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ხუთშაბათს ეუთომ აზერბაიჯანის ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ 15 ოქტომბერს გამართული არჩევნები ვერ ჰპასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს. ხოლო ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა "ღრმა სინანული" გამოთქვა იმის გამო, რომ "აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ გაუშვა ხელიდან კარგი შესაძლებლობა ევროპული სტანდარტების დონეზე ჩაეტარებინა რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები".

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ განაცხადა, რომ ამერიკელმა დამკვირვებლებმა, აზერბაიჯანში, საარჩევნო პროცედურის დარღვევის არაერთი შემთხვევა აღრიცხეს [ადამ ერელის ხმა]: "ამერიკელმა დამკვირვებლებმა, სახელდობრ, ამომრჩეველთა დაშინების, ხმის მისაცემი ბიულეტენების უკმარისობისა და სხვა დარღვევათა შემთხვევები აღრიცხეს. შეშფოთებას გამოვთქვამთ ამასთანავე არჩევნების შემდეგ მომხდარ შეტაკებათა გამო და მოვუწოდებთ ყველა მხარს - მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინონ. ისევე, როგორც უწინ, კვლავ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას შეასრულოს ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულება და უზრუნველყოს თავის მოქალაქეთა უსაფრთხოება. ჩვენ მოვუწოდებთ ასევე ოპოზიციურ პარტიებს - მშვიდობიანად იმოქმედონ კანონის ჩარჩოებში".

აზერბაიჯანის ხელისუფლება უარს ამბობს ყოველგვარ პასუხისმგებლობაზე ხუთშაბათს მომხდარ შეტაკებებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ოპოზიციამ ძალის გამოყენებით სცადა რესპუბლიკაში ძალაუფლების ხელში აღება.

ჰეიდარ ალიევის მმართველმა ახალი აზერბაიჯანის პარტიამ განაცხადა, რომ ხუთშაბათს მომხდარი შეტაკებებისას ბაქოში ორი ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა. თუმცა მოგვიანებით ბაქოს პოლიციის სამმართველომ გმოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად ხუშაბათს მომხდარი შეტაკებებისას მხოლოდ ერთი დემონსტრანტი იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG