Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


რა საერთო შეიძლება ჰქონდეს საქართველოს,

ფლანდრიას და ჰოლანდიას? ამ კითხვით მივმართეთ რამდენიმე ადამიანს, რომელიც ამ კვირაში, ნიდერლანდურ-ფლანდრიულ-ქართული კულტურის ფესტივალის გახსნას დასწრო. უმრავლესობას პასუხის გაცემა გაუჭირდა. თუმცა აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დაუფიქრებლად გვიპასუხეს: "ტოლერანტობა, უცხო რჯულის მიმართ შემწყნარებლობა"

რაღა თქმა უნდა ეს სტერეოტიპი ყველაზე მეტად გავრცელებულია საქართველოშიც და ჰოლანდიაშიც. ამსტერდამში, ანა ფრანკის მუზეუმში დამთვალიერებელს ტესტსაც კი უტარებენ ტოლერანტობაზე. კითხვარის შევსების დროს რამე რომ შეგეშალოს, შეიძლება ქსენოფობების, თუ რასისტების სიაში აღმოჩნდე. თუმცა თუ ჰოლანდიაში, სადაც ადამიანი თითქმის ისეთივეა, როგორც ევროპის ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, ამ ეგრეთ წოდებულ "პოზიტიურ სტერეოტიპებს" დიდი ხანია ირონიით აღიქვამენ, საქართველო კვლავაც ამაყობს, რომ თბილისში სინაგოგა, მეჩეთი და მართლმადიდებლური ტაძარი თითქმის ერთმანეთის გვერდით დგას... ამაყობს და ამტკიცებს, რომ აქ არც დღეს დევნიან რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობებს - ყველა უყვართ, ყველას "თავისად" მიიჩნევენ.

არა და ნოდერლანდურ-ფლანდრიულ-ქართული კულტურის დღეების პროგრამას ვინც გაეცნო, დარწმუნდება, რომ ჰუმანიზმის დეფიციტი, მეტნაკლებად, განსხვავებული ფორმით, მაგრამ იქაც და აქაც ვლინდება... ისევე როგორც მთელ მსოფლიოში... და, რაც მთავარია, ჰუმანიზმის დეფიციტი აწუხებთ იმ ადამინებს, რომლებიც ამ ფესტივალის გმირებად იქცნენ - ფლანდრიელ პოეტს, სტეფან ჰერტმანსს, რომელმაც კომპოზიტორ გოგი ძოძუაშვილთან ერთად 13 ოქტომბერს თბილისის სამეფო უბნის თეატრში ფლანდრიული პოეზიისა და ქართული ელექტრონული მუსიკის საღამო მოაწყო, ჰოლანდიელ რეჟისორს, ალექს ვარმერდამს და ქართველ კინორეჟისორს ალესანდრე რეხვიაშვილს... ნიდერლანდური და ქართული კინოს ამ ორი, "ცოცხალი კლასიკოსის" ფილმების რეტროსპექტივა 15 ოქტომბერს გაიხსნა თბილისის კინოს სახლში.

ნიდერლანდული ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ინგრიდ დეხრავე, რომელიც წელს მეორე აწყობს ასეთ ფესტივალს, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ სრულიად გააზრებულად რთავს პროგრამაში როგორც ქართულ, ისე ნიდერლანდურ მხარეს. განსხვავებით დასავლეთის ქვეყნების სხვა კულტურული ცენტრებისგან, რომლის მესვეურები ჩვენში, როგორც წესი, მხოლოდ საკუთარი კულტურის პროპაგანდას ეწევიან, ნიდერლანდური კულტურის ცენტრი მუშაობს კონტაქტებზე, დიალოგზე ნიდერლანდურ, ფლანდრიულ და ქართულ კულტურებს შორის:


[ინგრიდ დეხრავეს ხმა]: 16.0.44 "ყოველთვის ვეძებ გამოვიდეს ხიდი ეს ფესტივალი. კარგად გამოდის, იქიდან ძალიან უნდათ ჩამოსვლა...იქ უკვირთ, რომ თბილისში ასეთი ცნობილი მწერლების და პოეტები ჩამოდიან... როცა ბრუნდებიან, ისევ წერენ საქართველოზე. წელსაც ერთმა პოეტმა გადაწყვიტა ჩამოსვლა, როცა გაიგო, რომ თბილისში არის ნიდერლანდული კულტურის ცენტრი" [სტილი დაცულია]

ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრმა უკვე მოასწრო და პირველად, საქართველოს ისტორიაში ნიდერლანდურიდან ქართულ ენაზე თარგმნა იოკე ვან ლეეუვენის წიგნი "ჰიპ!". ამავე დროს, გამოიცა პირველი ნიდერლანდური თარგმანი ქართული ენიდან - ერლომ ახვლედიანის "ვანო და ნიკო". კიდევ ერთი მხარე, რაც ნიდერლანდური კულტურის ცენტრის მოღვაწეობას გამოარჩევს; დასაწისში ავღნიშნეთ, რომ ამ სამყაროში ყველა ერი მეტ-ნაკლებად ტოლერანტულია და მეტ-ნაკლებად არატოლერანტული. თუმცა ნიდერლანდებმა ალბათ მაინც შემთხვევით არ მოიპოვა "არააგრესიულის ქვეყნის" იმიჯი. ამ თვალსაზრისით, დიდი იყო ცდუნება ნიდერლანდური კულტურის კვირეულის პოლიტიზაციისა, რათა კულტურა ისევ იდეოლოგიის სამსახურში ჩამდგარიყო და ქართველებისთვის "აეხსნა", როგორია ევროპული ცივილიზაციის ფასეულობები. ინგრიდ დეხრავემ ამაზეც უარი თქვა:

[ინგრიდ დეხრავეს ხმა]:16. 2 30 "მე მაინც ვცდილობ არ ვიფიქრო, რა ჭირდებათ ქართველებს, იმიტომ რომ 4 წელია აქ ვცხოვრობ და კიდევ ვერ გადავწყვიტე რა ჭირდებათ ქართველებს, არ ვიცი რა ჭირდებათ, ბელგიელებს, მაგალითად. მაგრამ ზოგადად ადამიანს ხარისხიანი კულტურული პროდუქცია ჭირდება და იმის ცოდნაც, რომ კულტურა ფული ღირს"

კულტურა რომ ფული ღირს საქართველოში ხშირად ავიწყდებათ. ჩვენი კულტურის მუშაკების უმრავლესობა კვლავაც ხელისუფლებას მიჩერებია და ზოგჯერ ახერხებს კიდეც "გამოძალოს ფული" სახელმწიფოს, როგორც წესი, (ისევ ინგრიდ დეხრავეს თუ დავესესხებით), "უკულტურო პროდუქციის" შესაქმნელად. ქართულ კინოში, მაგალითად, დღეს კრიზისის დაძლევის ეტაპი დაიწყო - ასე თუ ისე მოხერხდა წარმოებაში ჩაშვებული ფილმების გადაღება, თუმცა ახალი ფილმების პრემიერებით თუ ვიმსჯელებთ, მნიშვნელოვან წარმატებებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თანაც, გადასაღებ მოედნებზე ხვდებიან არც თუ ისე ნიჭიერი რეჟისორები, მაშინ, როდესაც ქართული კინოს "მეტრები" ისევ ვერ ახერხებენ დიდ კინოში დაბრუნებას.

ნიდერლანდურ-ფლანდრიულ-ქართული კულტურის ფესტივალის პროგრამაში ჩართული ეგრეთ წოდებული "რეტროსპექტივა-დუეტი" - ალექს ვან ვარმერდამისა და ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმების კვირეული, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ზრუნავენ ეროვნული კინოს განვითარებაზე ჰოლანდიაში და როგორ საქართველოში. ერთის მხრივ, ნიდერლანდები - საფრანგეთი არაა, სადაც ეროვნული კინოს პროპაგანდა ლამის სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. ჰოლანდიელი მაყურებლის 80 პროცენტი ჯერ კიდევ მხოლოდ ამერიკულ ფილმებს უყურებს. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში შექმნილია უამრავი კინოფონდი დანარჩენი, 20 პროცენტის ინტერესის გასათვალისწინებლად და, რაც მთავარია, ეროვნული კინოს დასახმარებლად. სწორედ ამ ფონდების შექმნამ შეუწყო ხელი პროფესიით მსახიობს, ალექს ვან ვარმერდამს გადაეღო თავისი შესანიშნავი ფილმები, მათ შორის "ჩრდილოელები", რომელიც 1992 წელს ევროპული "ფელიქსით" აღინიშნა. ვან ვარმერდამსა და რეხვიაშვილს მხოლოდ სახელი - "ალექსანდრე" არ აერთიანებს. ორივე კინემატოგრაფისტი ეგრეთ წოდებულ "საავტორო კინოს", იგივე "არტ-ჰაუზს" ანიჭებს უპირატესობას. ორივე ქმნის ძალზე პირობით სამყაროს, "შავი იუმორისა" და გროტესკის ნაზავით და ორივე ამხელს მოჩვენებით კეთილდღეობას, ფარისევლობას, აკვიატებულ აზრებს. ერთი განსხვავებით, რეტროსპექტივის პროგრამაში ჩართული ვარმერდამის ბოლო ფილმი "პატარა ტეუნი" 1998 წელსაა გადაღებული, რეხვიაშვილის უკანასკნელი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საბჭოთა კავშირის დაშლის წინასწარმეტყველება, "მიახლოება" კი 1989 წელს. ვარმერდამის ესთეტიკა, თეატრალური პირობითობისა და ნატურალიზმის სინთეზი, რეჟისორის ესთეტიკური კრედოა, რეხვიაშვილის იგავები კი კომუნისტური ცენზურის მოტყუების ფორმა. როგორი იქნება ქართული კინოს ცოცხალი კლასიკოსის ესთეტიკა პოსტაბჭოთა საქართველოში, ეს არავინ იცის - ალექსანდრე რეხვიაშვილი დღეს საქართველოში კინოს ვერ იღებს.

ჩვენს კითხვაზე, შეუძლიათ თუ არა ჰოლანდიურ ფონდებს დაეხმარონ ქართველ რეჟისორებს, მხატვრებს, მწერლებს, ინგრიდ დეხრავე დადებითად პასუხობს. თუმცა აქვე უმატებს, რომ ჰოლანდიელები საქართველოს ხელისუფლების, კერძო ფირმების დაიინტერესებაშიც უნდა დარწმუნდნენ. ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ წელს მან გარკვეულ პროგრესს უკვე მიაღწია - ნიდერლანდურ-ფლანდრიულ-ქართული კულტურის დღეების მხარდამჭერებს შორის ქართული მხარეც ჩართო. თუმცა ინგრიდ დეხრავეს არ სურს, რომ ასეთ კვირეულებს აკადემიური ხასიათი ჰქონდეს და საქართველოში მალე დაავიწყდეთ. ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს თანამედროვე, თუნდაც პროვოკაციული ხელოვნება მოწონს:

[ინგრიდ დეხრავეს ხმა]:16. 3 25 "მე თვითონ არა ვარ მიმართული წარსულისკენ. ძალიან მინდა ჩამოვიყვანო ცოცხალი ხალხი - რომ ბომბივით იყოს ეს შეხვედრა... რომ არ დაგავიწყდეს, რომ ეს ადამიანი აქ იყო"

ვფიქრობ, რომ ჩვენს კინოს მოყვარულებს არასდროს დაავიწყდებათ თბილისში ნაჩვენები ალექს ვან ვარდემის სურათები. განსაკუთრებით მისი პირველი ფილმი "აბელი" - ამბავი 31 წლის კაცისა, რომელიც მშობლებთან ერთად ცხოვრობს და "გაზრდას" არ აპირებს. მოკლედ, ტიპიური ქართული ისტორია, რომელმაც ბევრი აცინა ჰოლანდიელები. მათთვის "აბელი" - სიურეალისტური ხილვაა, კოშმარი, ქართველებისთვის კი - რეალისტური, "ცხოვრებისეული" ამბავი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ქართველები თან ვგავართ ევროპელ ჰოლანდიელებს, და თან ევროპამდე კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG