Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების დღეს ამომრჩევლებს გამოკითხავენ (ეგზით პოლი საქართველოში)


დავით პაიჭაძე, თბილისი საპარლამენტო არჩევნების დღეს, 2 ნოემბერს, პირველად საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლების გამოკითხვა.

ასეთი გამოკითხვა მსოფლიოში ცნობილია "ეგზით პოლის" სახელით. ეგზით პოლს საქართველოში განახორციელებს ამერიკული კვლევითი კომპანია "გლობალ სტრატეჯი გრუპი", რომლის მომსახურებით სარგებლობს არაერთი ცნობილი კომპანია აშშ-ში: "ეი-ბი-სი ნიუსი", "სი-ბი-ეს ნიუსი", "ამერიკან ექსპრესი" და სხვ. 2000 წელს "გლობალ სტრატეჯი გრუპმა" დაგეგმა და განახორციელა ელ გორის საპრეზიდენტო კამპანია. პროექტის ქართულ მხარეს 4 კვლევითი ორგანიზაცია წარმოადგენს.

ეგზით პოლი სოციოლოგიური კვლევის საერთაშორისოდ აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენს. ის ითვალისწინებს არჩევნების დღეს იმ ამომრჩევლების ანონიმურ გამოკითხვას, რომელთაც უკვე გააკეთეს საკუთარი არჩევანი.

2 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში გამოკითხვით დადგინდება ამომრჩეველთა აქტივობის დონე და მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისათვის მიცემული ხმების რაოდენობა. პარტიებისა და მაჟორიტარი კანდიდატებისათვის მიცემული ხმები დაითვლება როგორც მთლიანად საქართველოსთვის, ისე ცალკე თბილისისათვის. ხმებს ცალკე დაითვლიან თბილისის რამდენიმე რაიონისა და გორის, ქუთაისის, ფოთის საარჩევნო ოლქებისათვის. საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდიკით სულ 500 საარჩევნო უბანზე 23 ათას ამომრჩეველს გამოკითხავენ.

ფინანსური მხარდაჭერა ეგზით პოლის პროექტს საქართველოში აღმოუჩინეს: სოროსის ფონდმა, ფონდმა ევრაზიამ, ბრიტანეთის საბჭომ და სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2-მა. ამ უკანასკნელის პრეზიდენტმა ეროსი კიწმარიშვილმა პროექტის პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოკითხვათა შედეგები მისაწვდომი იქნება ყველა საინფორმაციო საშუალებისათვის და არავის ექნება უფლება, უპირატესად ისარგებლობს მონაცემებით.

მე ვკითხე ევრაზიის ფონდის ხელმძღვანელს საქართველოში ქეთი ხუციშვილს, რამდენად ზუსტი შეიძლება იყოს ეგზით პოლის შედეგები არჩევნების ოფიციალურ შედეგებთან შედარებით, თუ, ცხადია, ხმებს საარჩევნო კომისიები გაყალბების გარეშე, პატიოსნად დაითვლიან.

[ქეთი ხუციშვილის ხმა]

"ჩეულებრივ, შედეგები 1-დან 3%-მდე შეიძლება განსხვავდებოდეს ნორმალურ ქვეყნებში. ამდენად, ყველა შემთხვევაში, ეგზით პოლი, მით უმეტეს, ასეთი სოლიდური პარტნიორის მონაწილეობით, ასახავს სინამდვილეს, რომელიც გვექნება საქართველოში ამ მრავალპარტიული არჩევნების დროს."

"გლობალ სტრატეჯი გრუპის" წარმომადგენელმა სკოტ ელდერმა რადიო "თავისუფლების" შეკითხვას, როდის გამოქვეყნდება ეგზით პოლის შედეგები, უპასუხა, რომ ეს მოხდება არჩევნების დასრულების შემდეგ. ინფორმაცია არ გავრცელდება, სანამ რიგით უკანასკნელი ამომრჩეველი არ მისცემს ხმას.

რამდენად შეესაბამება ეგზით პოლი საქართველოს კანონმდებლობას? შეიძლება თუ არა რაიმე ნორმატიულმა აქტმა ასეთ გამოკითხვებს დაბრკოლება შეუქმნას? ამ კითხვას პროექტის წარდგენისას იურისტმა თინა ხიდაშელმა უპასუხა:

[თინა ხიდაშელის ხმა] "ერთადერთი შანსი იმისა, რომ პრობლემა შეექმნას ეგზით პოლის გამოცხადებას 8 საათის შემდეგ ის არის, თუ პარლამენტი შეიკრიბება და საარჩევნო კოდექსს შეცვლის. არა მგონია, რომ ეს მოხდეს. გამოცხადება დაშვებულია. არანაირი პრობლემა ქართულ კანონმდებლობაში, ამ მხრივ, არ არსებობს."

კანონმდებლობა ასევე არ კრძალავს ეგზით პოლის ერთი შედეგის გახმაურებას ამჯერად უკვე არჩევნების მიმდინარეობისას: ესაა ამომრჩეველთა აქტივობის აღწერა საათების მიხედვით, ანუ ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, თუ კონკრეტულ დროს რამდენ ამომრჩეველს აქვს მიღებული მონაწილეობა არჩევნებში.
XS
SM
MD
LG