Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთსა და სამხრეთ კავკასიას ორმხრივი შეგუების რეფლექსი ჩამოუყალიბდათ


საქართველოს არჩევნები სომხეთისა და აზერბაიჯანისას მოჰყვა. სამხრეთ კავკასიაში წელს ჩატარებულმა ყველა არჩევნებმა დაადასტურა იმ მიმომხილველთა ეჭვი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დამოუკიდებელ

სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში გარდამავალი ეტაპი დასრულდა და თითოეულ ქვეყანაში მმართველი ელიტა საკუთარი მომავლის უზრუნველყოფაზე ზრუნავს. ერთი შეხედვით, ძალიან მკაცრი განაჩენია, მაგრამ ეს გახლავთ ერთ-ერთი გავრცელებული არა - სამთავრობო, არამედ - მიმომხილველთა შეფასება სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის განვითარებაზე. ამ პოზიციამ კიდევ უფრო მეტი საფუძველი შეიძინა ახლა, არჩევნების ჩატარების შემდეგ.

ალბათ, ბევრს გასჩენია კითხვა - როდემდე შეიძლება გაგრძელდეს გარდამავალი პერიოდი ქვეყანაში? როცა ადამიანები ხედავენ ცვლილებას, ან რაიმე იმედისმომცემ პროცესს, შეიძლება გულიც დაიმშვიდონ, რომ ისტორიისთვის ერთი, ორი, სამი და თუნდაც 10 წელიწადი არაფერია, მთავარია, რომ უკეთესობას ხედავდნენ, მაგრამ როცა იწყება ერთი ადგილის ტკეპნა და ამის გამო კმაყოფილების ჩანერგვა მოსახლეობისთვის, ადამიანებში ჩნდება ეჭვი და უნდობლობა მათ მიმართ, ვინც ქვეყანას მართავს.

არჩევნების ყველაზე ავტორიტეტულ მეთვალყურეს - ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, რომლის მეთვალყურეთა დიდ გუნდს უერთდებიან ხოლმე მეთვალყურეები ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებიდან, არ დაუშურებია მკაცრი სიტყვები 2003 წელს სამხრეთ კავკასიაში ჩატარებული არჩევნების შეფასებისას და არც 3 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასებისას დაუხევია უკან, მაგრამ, როგორც ჩანს, ისტორიის ამ ეტაპზე უკვე ამუშავდა შეგუების ორმხრივი რეფლექსი, როგორც გამკიცხავის, ისე გაკიცხულთა მხარესაც. გამკიცხავი მხარე, ევროპელ მეთვალყურეთა წარმომადგენელი შენიშვნებთან ერთად აცხადებს, რომ საქართველოში ვითარება გაუმჯობესდა და რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას დრო სჭირდება და მაგალითად მოჰყავს აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები და მათი მიღწევები 1989 წლიდან მოყოლებული დღემდე. როგორც ჩანს, ჩვენი ევროპელი მეგობარი გამორიცხავს, რომ ჩვენი დემოკრატიზაციის ხარისხიც შეიძლებოდა ყოფილიყო მათი მსგავსი. ანუ ევროპელი მეთვალყურეები ერთის მხრივ თავზე ხელს გვისვამენ, მეორეს მხრივ კი აკეთებენ შემდეგ განცხადებებს: ბრიუს ჯორჯი, ეუთოს მოკლევადიან დამკვირვებელთა ჯგუფის კოორდინატორი - "დასანანია, რომ ამ არჩევნებმა ვერ შეუწყო ხელი ვერც დემოკრატიული პროცესების და ვერ ამომრჩეველთა ნდობის განმტკიცებას ქვეყანაში"; ტომ კოქსი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი - "გვწამს, ამ ქვეყნის ხალხმა უკეთესად ორგანიზებული არჩევნები და თავისი ხმის უკეთესი დაცვა დაიმსახურა. სასწრაფოდ უნდა მიექცეს ყურადღება საარჩევნო ხელისუფლების წარმომადგენელთა წვრთნასა და საარჩევნო სისტემის ხარვეზების აღმოფხვრას"; დემეტრიო ვოლჩიჩი, ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი - "ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბოლო წუთას მიღებული გადაწყვეტილებები იყო არასწორი და აშკარად უნებლიედ მიღებული. ამომრჩეველთა სხვადასხვა სიის გამოყენებამ შეამცირა რწმენა სიების ხელშეუხებლობის შესახებ და შეასუსტა გამჭვირვალეობა". აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არაერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ხაზი გაუსვა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დადებით ხასიათს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის გამჭვირვალეობის ზრდას.

ახლა რაც შეეხება თეორიას, რომელზეც დასაწყისში მოგახსენეთ და რომელიც სამხრეთ კავკასიაში გარდამავალი პერიოდის დასრულებას გულისხმობს - ბრიტანული ყოველკვირეული გამოცემა "ჯეინს ინტელიჯენს დაიჯესტი" საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე წერდა, რომ პოსტკომუნისტური 27 ქვეყანა ორ ბანაკად იყოფა და რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გარეთ დარჩენილი ქვეყნები განაგრძობენ გარდამავალ გზაზე სიარულს, რასაც ზურგს უმაგრებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ბრიტანული ანალიტიკური გამოცემის თანახმად, აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში გარდამავალი პერიოდი დასრულდა და სახელისუფლბო ძალები მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვისღა იბრძვიან. საქართველოს შესახებ კი "ჯეინს ინტელიგენს დაიჯესტის" მიმომხილველი შენიშნავს: "შევარდნაძემ კარგად დაინახა თუ როგორ მიიღო სომხეთისა და აზერბაიჯანის არჩევნები რუსეთმა, დასავლეთმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. აქედან გამომდინარე, მან დაინახა ისიც, რომ საქართველოში მსგავსი ტაქტიკის დანერგვით ბევრს არაფერს წააგებდა. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. თუკი შევარდნაძის მხარდამჭერები ვერ შეძლებენ პარლამენტზე კონტროლის მოპოვებას, ისინი ვერ უზრუნველყოფენ შევარდნაძის ხელშეუხებლობასაც 2005 წელს მისი პოსტიდან წასვლის შემდეგაც". ბუნებრივია, სტატიაში ხაზგასმულია რუსეთის ფაქტორიც თანამგობრობის ქვეყნებში. ისევე, როგორც ადრე, ბრიტანული გამოცემა საქართველოში დესტაბილიზაციის პოტენციურ რუსულ ფაქტორად იგორ გიორგაძეს ასახელებს, რასაც, როგორც ადრეც მოგახსენებდით, საქართველოში სერიოზულ და უმთავრეს საფრთხედ არ აღიქვამენ ისინიც კი, ვინც რუსეთის ფაქტორს სათანადოდ აფასებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG