Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ პარლამენტს მივიღებთ 2 ნოემბრის არჩევნების შედეგად


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ეკა წამალაშვილი იმაზე გესაუბრათ, თუ როგორია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მოლოდინი 2 ნოემბრის არჩევნების ხმის დათვლის შედეგებთან დაკავშირებით. არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს,

თუ რას ელის ამომრჩეველი, რომელმაც 2 ნოემბერს საარჩევნო უბანში, ხმის მიცემის მოლოდინში, რამდენიმე საათი გაატარა.

ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს იმ პოლიტიკოსთა განწყობა, ვინც ამ წუთებშიც ელის ცნობებს საარჩევნო ოლქებიდან იმის დასადგენად, ვინ გადალახა და ვინ ვერ გადალახა პარლამენტში მოხვედრისთვის აუცილებელი 7 პროცენტიანი ბარიერი. არც იმ ამომრჩევლის მოლოდინის წარმოდგენა იქნება ძნელი, ვინც 2 ნოემბერს მხარი ოპოზიციას დაუჭირა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით კი, არჩევნებში სახელისუფლებო ბლოკი ლიდერობს.
გულახდილად რომ ითქვას, პარლამენტში 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ რომ მხოლოდ 4-5 პარტია აღმოჩნდებოდა, ასეთი პროგნოზი 2 ნოემბრამდე არაერთხელ გამოითქვა. მათ შორის, ვინც მოვლენების ამგვარად განვითარებას წინასწარმეტყველებდა, ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილიც გახლდათ. მას დღესაც მიაჩნია, რომ მისი პროგნოზი რეალურ სიტუაციაზე დაყრდნობით კეთდებოდა. პაატა ზაქარეიშვილს დღესაც მიაჩნია, რომ 7 პროცენტიან ბარიერს გადალახავენ: სახელისუფლებო ბლოკი, ნაციონალური მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, აღორძინების კავშირი და ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები":
[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] " აშკარად, ეს მართლდება. სხვა პარტიები - ახალი მემარჯვენეები, მრეწველები... მათი ხმები, ძირითადად, ბურჯანაძემ და სააკაშვილმა გადაინაწილეს. ასე რომ, თუ 5 სუბიექტი გავა, აბსოლუტურად მისაღები იქნება. მაგრამ მაინც მიხარია, რომ 7 პროცენტიან მიჯნასთან არიან მემარჯვენეები. თუ ისინიც მოხვდებიან პარლამენტში, სამი ძალა - ბურჯანაძე, სააკაშვილი და მემარჯვენეები სერიოზულ უმრავლესობას შექმნიან და სერიოზული რეფორმების გატარებას შეძლებენ სახელმწიფოში."
3 ნოემბრის დღე ტელევიზორთან გაატარა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა, რომელიც გაკვირვებას გამოთქვამს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარ მონაცემებსა და ორგანიზაცია " სამართლიანი არჩევნების" პარალელური დათვლის მონაცემებს შორის არსებული განსხვავების გამო:
[ ზაზა შათირიშვილის ხმა] " საზოგადოდ, მაინც საეჭვოდ მიმაჩნია, რომ, რეალური სურათით, არჩევნების ნორმალურად ჩატარების შემთხვევაში, ამდენი ხმა მიეღო სამთავრობო ბლოკს. გაყალბება სხვადასხვანაირი სახით მოხდა. ერთი ის, რომ ბევრმა ვერ მისცა ხმა, ვერ გამოხატა თავისი პოზიცია. მე პირადად ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, რბილად რომ ვთქვათ, არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება. მე არა მგონია, რომ რომელიმე ოპოზიციური ძალა გადასარევია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას არ უნდა ასე ცხოვრება."
პაატა ზაქარეიშვილის მსგავსად, ზაზა შათირიშვილიც დარწმუნებულია, რომ 7 პროცენტიან ბარიერს, ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, სხვა ოპოზიციური პარტიებიც გადალახავენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ოპოზიციის გამარჯვების შესახებ საუბრობს:
[ ზაზა შათირიშვილის ხმა] "ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში რაც ოპოზიციამ გააკეთა, ძალიან დიდი გამარჯვებაა. ესეც კი ძალიან დიდი წარმატებაა და მომავლის იმედს ქმნის. მაგრამ ისევ და ისევ ვამბობ: მე ვენდობი "სამართლიანი არჩევნების" შედეგებს, რადგან ძალიან სერიოზული ძალები დგანან ამის უკან. მაინც ვფიქრობ: თუ კორელაციაში არ მოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებთან, მაშინ ძალიან სერიოზულ გაყალბებასთან გვაქვს საქმე."
დასკვნა პესიმისტურია: მონდომების მიუხედავად, - პირველ რიგში, ამომრჩეველს ვგულისხმობ, - არჩევნების გაყალბების თემა 2 ნოემბრის არჩევნებს, როგორც ჩანს, მაინც რეფრენად გაჰყვება.
XS
SM
MD
LG