Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩვენ საქართველოდან არც წავსულვართ", - ამბობს უცხოეთში მყოფი ქართველი ახალგაზრდა


ორიოდე დღის წინ "რადიო თავისუფლების" ქართულმა სამსახურმა ელექტრონული ფოსტით საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტებისა და ახალგაზრდების მიმართვა მიიღო. მიმართვის ადრესატი საქართველოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი გახლავთ, თუმცა, წერილის ავტორებმა და ხელმომწერებმა არჩიეს მიმართვა ეთერის საშუალებით მიეწოდებინათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის. ამ წერილმა ჩვენი ყურადღება მიიქცია იმითაც, რომ ის ერთგვარად არღვევს საკმაოდ გავრცელებულ სტერეოტიპს საქართველოს პრობლემებს გარიდებული უცხოეთში მყოფი უდარდელი ახალგაზრდების შესახებ, რომლებსაც, თითქოს, ნაკლებად აღელვებთ რა ხდება მათ სამშობლოში. მე შევეცადე დამეზუსტებინა ახალგაზრდების რომელ ჯგუფს წარმოადგენდნენ მიმართვის ხელმომწერები და რამდენიმე მათგანთან დაკავშირებაც შევძელი.

"უცხოეთში მცხოვრები სტუდენტებისა და ახალგაზრდების ჯგუფის მიმართვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ქალბატონ ნანა დევდარიანისადმი", - ასე იწყება წერილი, რომელიც ჩვენს რედაქციაში 6 ნოემბერს მოვიდა. მას წამძღვარებული ჰქონდა თხოვნა - "გთხოვთ გამოაქვეყნოთ შემდეგი მიმართვა". მიმართვის ტექსტს არ წაგიკითხავთ, მის არსს მოგვიანებით მიმართვის ავტორი თავად მოგვახსენებს. იმას კი გეტყვით, რომ უცხოეთში მყოფი ქართველი ახალგაზრდების 30-კაციანი ჯგუფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს ზოგიერთ რეგიონებში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასა და არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას სთხოვს: "თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ამ რეგიონებში არ მომხდარიყოს ხმების მასიურად გაყალბება, არსებული შედეგი იმის მანიშნებელია, რომ იქ თავისუფალი არჩევნები არ შემდგარა. ასე რომ, მათი ბათილად გამოცხადება და იმ რეგიონებში არჩევნების განმეორებით ჩატარება თქვენი მორალური პასუხისმგებლობაა", - აღნიშნულია მიმართვაში.

ინტერნეტის საშუალებით შევძელი იმის დადგენა, რომ ხელისმომწერთა ძირითადი ნაწილი შეერთებულ შტატებში და მცირე ნაწილი გერმანიაში მოღვაწე ქართველი ახალგაზრდები არიან. შთამბეჭდავი იყო მათი მოღვაწეობის სფეროების მრავალფეროვნება. თითქოს ბუნებრივია, რომ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოს ბედი აღელვებდეთ. და მაინც, ვიყოთ გულწრფელები და დავსვათ კითხვა - რატომ უნდა აწუხებდეთ საზღვარგარეთ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში საკუთარი საქმით დაკავებულ ქართველ ახალგაზრდებს როგორ დაითვლიან ამომრჩეველთა ხმებს საქართველოს რეგიონებში.

ჩემს ელექტრონულ წერილს მიმართვის ხელმომწერი რამდენიმე ქართველი გამოეხმაურა და გამოთქვა სურვილი საკუთარი პოზიცია ჩვენი ეთერის საშუალებით გამოეხატა. მათ შორის პირველი გახლდათ მიმართვის ავტორი გიორგი ლებანიძე. ის შვიდი წელია შეერთებულ შტატებში იმყოფება, ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტში იცავს ხარისხს სოციალური თეორიისა და ფილოსოფიის სფეროში. სანამ მის ზოგად პოზიციას გაგაცნობდეთ, არჩევნებში მონაწილეობის მისი პირადი გამოცდილების შესახებ: 2 ნოემბერს გიორგი ფილადელფიიდან ნიუ-იორკში გაემგზავრა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. უბანზე მისულმა მან საკუთარი გვარი სიაში ვერ იპოვნა, თუმცა, როგორც თავად მითხრა, "გაურკვეველი ფორმით" მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. მისთვის არ მიუციათ ბიულეტენი, მაგრამ რაღაც ფურცელზე დაწერა თავისი ვინაობა და ის, თუ რომელ პარტიას აძლევდა ხმას: [ლებანიძის ხმა] "რაღაც გაურკვეველი ფორმით იქ მომცეს ფურცელი და იქ დავწერე ჩემი მონაცემები და რომელ პარტიას ვაძლევდი ხმას". მოგვიანებით გიორგიმ ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათი მიმართვის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, განსაკუთრებით აჭარიდან შედეგების მიღების შემდეგ. გიორგი ლებანიძე ასე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტსა და აჭარის ავტონომიის ლიდერს: [ლებანიძის ხმა]"ისინი დედამიწაზე ცხოვრობენ, ისინი მარსზე არ ცხოვრობენ და მიუხედავად იმისა, რომ მათ დაანახეს მთელ ცივილიზებულ საზოგადოებას, რომ ძალიან შორს დგანან ცივილიზებული საზოგადოებისგან, ცივილიზებული საზოგადოება არ დგას შორს მათგან და ისინი მათ მზერას, მათ განსჯას ვერ გაექცევიან. არჩევნების შემდეგ საქართველო მარსზე არ გადადის, დედამიწაზე რჩება". გიორგის გარდა გამომეხმაურა ვაჟა ნადარეიშვილი, რომელიც კალიფორნიაში, სანტა-მონიკაში "რანდის უმაღლეს სკოლაში" პოლიტიკის ანალიზის სფეროში სადოქტორო პროგრამაზე მუშაობს. ისევე, როგორც უცხოეთში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების დიდი ნაწილი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ისიც ინტერნეტის საშუალებით ადევნებს თვალს, ინტერნეტით უსმენს ის ჩვენს გადაცემებსაც. რატომ ააღელვა იგი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა: [ნადარეიშვილის ხმა] "ქვეყნისთვის ეს არის ძალიან ცუდი, როცა ხალხს არ ყავს თავისი არჩეული ხელისუფლება. ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება ყოველთვის ის იყო, რომ არ გვიყვარდა არასდროს ჩვენი მთავრობა საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული და ამან გამოიწვია ჩვენი მენტალიტეტის დეგრადირება". მაინც რატომ მიაჩნია ვაჟა ნადარეიშვილს არსებითად ის, რომ ქვეყანას სწორედ ისინი მართავდნენ, ვინც მოსახლეობის დიდ ნაწილს მოსწონს: [ნადარეიშვილის ხმა] "ერთიანობა არ იქნება და ვერ შევდგებით ჩვენ როგორც ერი და ახლაც არ ვართ ბოლომდე ჩამოყალიბებული და არ გვაქვს ნაპოვნი ჩვენი ადგილი მსოფლიოში, რა უნდა გავაკეთოთ არ ვიცით. მითუმეტეს, თუ არ გვეყოლება ისეთი მთავრობა, რომელიც ჩვენ გვინდა და გვეყოლება ისეთი, რომელიც ჩვენ ნამდვილად არ გვინდა, ვერასდროს ვერ მივაღწევთ წინსვლას და დავრჩებით ისევ ისე, როგორც ვართ. ეს არის ჩემი გულისტკივილი". განსხვავებით გიორგი ლებანიძისა და ვაჟა ნადარეიშვილისგან, რომელთა მოღვაწეობის სფეროები თითქოს უფრო აიოლებს იმასთან ახლოს ყოფნას და იმის თვალყურის დევნებას, რაც საქართველოში ხდება, ზვიად ქსოვრელი, რომელიც ასევე ნანა დევდარიანისადმი მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი გახლავთ, პროფესიით ექიმია. ის ახლა აიოვის უნივერსიტეტის კლინიკაში სისხლის გადასხმის ცენტრში მუშაობს და პარალელურად ემზადება გამოცდის ჩასაბარებლად, რომელიც საშუალებას მისცემს ამერიკული სამედიცინო განათლება მიიღოს. ვისაც ეს გამოუცდია, ან გამოცდილთაგან სმენია, იცის თუ რა რთულ და დატვირთულ ეტაპზე იმყოფება ახლა ზვიად ქსოვრელი, ამის გადაჭარბება შეუძლებელიც არის. რა აიძულებს მას იფიქროს საქართველოში არჩევნების ობიექტურად წარმართვაზე: [ქსოვრელის ხმა] "მე არ ვაპირებ საქართველოსთან კავშირის გაწყვეტას და არ ვარ ის ადამიანი, რომელიც წავა საქართველოდან და დაივიწყებს მას. მე ვაპირებ იქ დაბრუნებას. იქ მიმდინარე მოვლენები ეხება ჩემს ოჯახს, რომელიც იქ ცხოვრობს და ეხება ჩემს მომავალს საქართველოში". მე დამაინტერესა ჰქონდა თუ არა ასეთივე კრიტიკული დამოკიდებულება ზვიად ქსოვრელს წინა საპარლამენტო არჩევნების მიმართ, რაზეც ზვიადმა მიპასუხა: [ქსოვრელის ხმა] "მე მგონი, რომ ამჟამად უფრო კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს. წინა საპარლამენტო არჩევნებში არ მიმიღია მონაწილეობა. მივიღე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და, ალბათ, ჩემდა საუბედუროდ, მივეცი ხმა ედუარდ შევარდნაძეს. მაშინ ის მეჩვენებოდა საუკეთესო კანდიდატად, მაგრამ დღეს ნამდვილად ასე არ ვფიქრობ". ზვიადი ვაშინგტონიდან და ნიუ იორკიდან, სადაც 2 ნოემბერს საარჩევნო უბნები იყო გახსნილი, ძალიან შორს ცხოვრობს, დაახლოებით 1500 კილომეტრში. მიუხედავად ამისა, მას თვითმფრინავის ბილეთიც კი ჰქონდა შეძენილი იქ ჩასასვლელად, მაგრამ მის სამსახურში არსებული ვითარების გამო ვერ მოახერხა გამზავრება. რატომ არის დარწმუნებული ის, რომ 2 ნოემბრის არჩევნების შედეგები სერიოზულად გაყალბდა, ამ შეკითხვაზე ზვიად ქსოვრელი, რომელიც შეგახსენებთ აიოვის შტატში იმყოფება, მპასუხობს: [ქსოვრელის ხმა] "ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ არც "აღორძინებას" და არც სახელმწიფო ბლოკს ხმების ათ პროცენტზე მეტს არავინ არ მისცემდა არც ერთ რეგიონში. ამიტომაც სრულიად ნათელია, რომ აქვს ადგილი სერიოზულ გაყალბებას".
ზვიადმა უკვე აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს, რაც შეეხება ჩემს დანარჩენ რესპონდენტებს: ვაჟა ნადარეიშვილმაც იგივე მიპასუხა: [ვაჟა] "აუცილებლად უნდა დავბრუნდე, როგორც კი დავამთავრებ ჩემს პროგრამას, დავბრუნდები უპირობოდ. დამოუკიდებლად იმისა, როგორი ვითარება იქნება იქ". გიორგი ლებანიძმ კი შეიძლება ითქვას, უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა დიდი ნაწილის პოზიცია გამოხატა, როცა განმიცხადა: [ლებანიძის ხმა]"პრინციპში საქართველოდან წასულები ჩვენ არა ვართ. ფიზიკურად ვიმყოფებით დიდ მანძილზე საქართველოდან, თორემ წასულებად ფაქტიურად არც ვითვლებით იმიტომ, რომ მეც და ჩემი მეგობრებიც, ვინც ამ განცხადებას ვაწერთ ხელს, ვთვლით, რომ ისევე ვმონაწილეობთ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, ქართულ კულტურულ ცხოვრებაში, როგორც იქ დარჩენილი ხალხი".
შეგახსენებთ, მე გაგაცანით უცხოეთში მცხოვრები იმ ქართველი ახალგაზრდების მოსაზრებები 2 ნოემბრის არჩევნებზე, რომლებმაც სხვებთან ერთად ხელი მოაწერეს მიმართვას ნანა დევდარიანისადმი, სადაც მას საქართველოს ზოგიერთ რეგიონში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისა და იქ კენჭისყრის ხელმეორედ ჩატარებისკენ მოუწოდებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG