Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოქმედებდა ოპოზიცია 22 ნოემბერს


22 ნოემბრის დილიდან ოპოზიციის მომხრეებმა შეკრება თავისუფლების მოედანზე დაიწყეს და შუადღის 2 საათისთვის ხალხის რაოდენობამ პიკს, დაახლოებით 50 ათასს, მიაღწია. სწორედ ამ დროს დაიწყო ოპოზიციის ლიდერთა მიტინგი.

დაახლოებით 1 საათის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილენი სახელმწიფო კანცელარიისკენ დაიძრნენ, 30 წუთის შემდეგ კი ოპოზიციის მომხრეებმა კანცელარიის წინ მოიყარეს თავი ისე, რომ მათთვის პოლიციისა და შინაგანი ჯარის ნაწილებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

[საპროტესტო აქციის ხმა]

ასე დაიწყო ოპოზიციის მიტინგი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი, ხალხის ნაცვლად, ახლად არჩეულ დეპუტატებთან მივიდა. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დანაპირების მიხედვით, თავისუფლების მოედანზე თავმოყრილი 10 ათასობით დემონსტრანტი საქართველოს პარლამენტისკენ უნდა დაძრულიყო. იქ კი აჭარიდან ხელისუფლების მხარდასაჭერად ჩამოყვანილი მოქალაქეები იყვნენ გამაგრებული. მათთან კონფრონტაციას ოპოზიციამ თავი აარიდა და გეზი კანცელარიისკენ აიღო. პოლიციისა და შინაგანი ჯარების მიერ ხანმოკლე და უმნიშვნელო წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე, მომხრეებთან ერთად, კანცელარიის წინ განლაგდნენ.

[მომიტინგეთა ხმები] "გადადექი..."
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენი მიზანი არის ერთი. არ გვაინტერესებს ჩვენ პარლამენტში იმათი საცოდაობა. ჩვენ არ დავიწყებთ არანაირ გარიგებას არანაირ პოსტებზე, არანაირ ადგილებზე. ჩვენი მიზანი არის ერთი: ეს კაცი მოშორდეს ქვეყანას, თვითმფრინავი დაქოქილია, ჩაჯდეს და მოშორდეს ქვეყანას."

სახელმწიფო კანცელარიასთან "გადადექის" სკანდირებაში გატარებული ერთი საათის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა საქართველოს პარლამენტისკენ შემოვლითი გზით გადაადგილება გადაწყვიტეს. ამ გზით პარლამენტის შესასვლელებთან მისული ოპოზიციის ათიათასობით მომხრე დისტანცირებული აღმოჩნდა ასლან აბაშიძის მომხრეთა ადგილმდებარეობისგან. პოლიციისა და ავტობუსების სარტყლით შემოსაზღვრული აჭარლები ვერც კი ხვდებოდნენ, თუ რა ხდებოდა პარლამენტის უკან, სამუშაო შესასვლელებთან.

იქ ოპოზიციის ლიდერები და მომხრეები პარლამენტის დაცვამ დიდი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გაატარა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიხეილ სააკაშვილი იმ დროს შევიდა, როდესაც პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ახალი პარლამენტის სხდომის დაწყებას საკუთარი მისასალმებელი სიტყვით ცდილობდა. სააკაშვილი პრეზიდენტ შევარდნაძისგან ხმამაღალი შეძახილებით გადადგომას მოითხოვდა, თუმცა შევარდნაძე ჯიუტად ცდილობდა ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომის ლეგიტიმაცია მოესწრო. მას ეს არ დასცალდა.
ოპოზიციის მომხრეებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზის კარები შეანგრიეს და პრეზიდენტი საკუთარმა დაცვამ ელვის სისწრაფით დარბაზიდან გაიყვანა. მისი ტრიბუნა სააკაშვილმა დაიკავა და შევარდნაძის საყვარელი ჩაიც კი მიირთვა.

[სააკაშვილის ხმა] "...სიმშვიდე, სიმშვიდე, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოვიდეს და წაიყვანოს პარლამენტის სხდომა..."

ნინო ბურჯანაძე, მართლაც, მივიდა ტრიბუნასთან და იქ შეკრებილ ხალხს დარბაზის დატოვება მოსთხოვა. პარლამენტიდან გამოგდებული შევარდნაძე კი საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე მიტინგზე გამოვიდა სიტყვით და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ გადადგება. ამის შემდეგ მიტინგი დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.

პარალელურად, ოპოზიციის მომხრეებმა ედუარდ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის მომხრეთა დამცავი ავტობუსების ბარიკადები გაარღვიეს და პარლამენტის წინ მდებარე მოედანი ისე დაიკავეს, რომ აჭარიდან ჩამოყვანილი ხალხის ნაწილი საერთო მასაში აითქვიფა, ნაწილმა კი გაქცევა მოასწრო.

მოგვიანებით ოპოზიციამ სახელმწიფო კანცელარიის შენობაც დაიკავა. ამის შემდეგ რამდენიმე საათის მანძილზე გამარჯვებას ზეიმობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ოპოზიციის ლიდერები მიხვდნენ, რომ დაკავებულ პოზიციებს დაცვა და გამაგრება სჭირდება.

[სააკაშვილის ხმა]

შეძლებს თუ არა ოპოზიცია, შევარდნაძის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პოზიციების გასამაგრებლად საჭირო ხალხის თავმოყრას, ეს უახლოეს მომავალში გახდება ნათელი.
XS
SM
MD
LG