Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აშშ-ის თანადგომის დემონსტრირება - დონალდ რამსფელდი თბილისში", "ამერიკა რჩება საქართველოს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი "აშშ-ის თანადგომის დემონსტრირება - დონალდ რამსფელდი თბილისში", "ამერიკა რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად", "ამერიკაში სტრატეგიული რეგიონებისთვის ახალ

სამხედრო სტრატეგიას ამუშავებენ" - ასეთი სათაურებით გამოეხმაურა ქართული პრესა გასული კვირის ბოლოს თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის ერთდღიან ვიზიტს. 6 დეკემბრის "მთავარი გაზეთის" შენიშვნით, სტუმრის სამხედრო რეგალიების მიუხედავად, რამსფელდის ვიზიტი საქართველოში, პირველ რიგში, პოლიტიკურ მოვლენად განიხილება. საქართველოს დროებითი მთავრობისთვის პენტაგონის ხელმძღვანელის სტუმრობა საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერის დასტურია. რამსფელდის თბილისში ჩამოსვლით ამერიკამ მსოფლიოს დაანახვა, რომ თეთრი სახლი რევოლუციის შემდგომ ხელისუფლებას ლეგიტიმურად აღიარებს.
6 დეკემბრის გაზეთი "24 საათი" კი წერს, რომ დონალდ რამსფელდის პრესკონფერენციაზე ბევრი რამ გაირკვა. კერძოდ:

"დროის სიმცირის მიუხედავად, სახელმწიფო კანცელარიაში მოქმედ პრეზიდენტ ნინო ბურჯანაძესთან, სახელმწიფო მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ დონალდ რამსფელდმა ხაზგასმით გამოყო ის პრიორიტეტები, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებობს. ამერიკა საქართველოს ყველა მიმართულებით თანადგომას ჰპირდება. აშშ-ის სამხედრო უწყების ხელმძღვანელი მეორე მაღალჩინოსანი ამერიკელია, რომელმაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში რუსეთისგან სტამბულის ხელშეკრულების შესრულება მოითხოვა. "რუსეთმა უნდა შეასრულოს სტამბულის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმება, რომელიც საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანას გულისხმობს", - ასე შეახსენა ამერიკელმა სტუმარმა ჩვენს მეზობელს ჯერ კიდევ 1999 წელს ნაკისრი ვალდებულება. ასეთი განცხადება რამსფელდმა მას შემდეგ გააკეთა, რაც, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საათნახევრიანი საუბრის შემდეგ, საქართველოს საგარეო ორიენტაციის უცვლელობასა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ ლტოლვაში დარწმუნდა."

"ვის აწყობს დესტაბილიზაცია?" - კითხულობს 6 დეკემბრის გაზეთი "რეზონანსი", რომლის აზრითაც, კრიმინალური ბუმი ახალი ხელისუფლების მთავარი პრობლემა ხდება. გაზეთი წერს, რომ ტერორის მომასწავებელი სატელეფონო ზარის მოლოდინში მცხოვრები ხალხი 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს შიშით უცდის და ყოველდღიურად მომხდარი კრიმინალური დანაშაულის სათვალავი აერია:


"ვერ ვიტყვით, ახლა, როგორც არასდროსო, მაგრამ შეიძლება ითქვას, ახლა, როგორც ყველა არჩევნების წინ, ქვეყანაში კრიმინალური ვითარება საგრძნობლად მძაფრდება. ამაზე მეტყველებს ციფრები და ფაქტებიც. დღეს ტელევიზიას აფეთქებენ, ხვალ ადამიანს იტაცებენ, ზეგ რომელიმე პოლიტიკური ლიდერის სახლსა თუ ოფისს ამოიღებენ მიზანში და ეს კიდევ არ არის სრული ჩამონათვალი იმ ფაქტებისა, რაც მოხდა და რაც მოსახდენია.
ბოლო კვირის განმავლობაში ერთგვარი რეკორდიც დამყარდა: ბანკიც გაიტანეს, ბანკირიც გაიტაცეს, აფეთქებითაც ააფეთქეს, სროლითაც ისროლეს და არც მუქარა დავიწყნიათ. 4 იანვრამდე, ალბათ, კიდევ არაერთი პოლიტიკოსი თუ მედიის წარმომადგენელი, ბიზნესმენი ან თუნდაც ჩვეულებრივი ადამიანი დაელოდება სიტუაციის გამძაფრებას - მათ ხომ სწორედ ამისთვის ამზადებენ.
წესით, ყველას ერთი - შესაძლოა, რიტორიკული - კითხვა უნდა აწუხებდეს: ვინ არის დამნაშავე, ვის აწყობს არეულობა? ზოგადი პასუხი ასეთია: როგორც შიდა, ისე გარე ძალებს."


6 დეკემბრის გაზეთ "ხვალინდელი დღის" აზრით, ხელისუფლების ხავერდოვანი ცვლის წარმატებულობა, გარკვეულწილად, აჭარის ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ასლან აბაშიძემ მოსკოვიდან დაბრუნება ვერ მოასწრო, რომ მას ამერიკელი დიპლომატები და ქართველი პოლიტიკოსები ეწვივნენ. "აჭარაში ჩასულ სტუმრებს განსხვავებული მიზნები და სურვილები ამოძრავებდათ. თუმცა აჭარა ის ზონაა, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ერთი კაცის - ასლან აბაშიძის - მიზნებსა და სურვილებს აქვს", - წერს გაზეთი და განაგრძობს:


"ვარდების რევოლუციიდან სამი კვირის შემდეგაც აჭარა მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტის იდეას არ ღალატობს. მართალია, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, "ასლან აბაშიძე საპრეზიდენტო არჩევნებში ღირსეული კონკურენტი იქნებაო", მაგრამ აჭარის ლომს ნაციონალების ლიდერის "დამტკბარი" სიტყვების, როგორც ჩანს, არ სჯერა.
აბაშიძის გული ვერც ნინო ბურჯანაძემ მოიგო. მართალია, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევას გამოიყენებს და ასლან აბაშიძეს ეწვევა, მაგრამ ნინო ბურჯანაძეს, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, აბაშიძე არ ცნობს.
რევოლუციის ავტორთა შორის აბაშიძე ყველაზე "რბილ" დამოკიდებულებას ზურაბ ჟვანიასადმი ავლენს. რა თქმა უნდა, "რბილი დამოკიდებულება" შედარებითია და იმით გამოიხატება, რომ აბაშიძეს ჟვანიას მიმართ, არათუ მკვეთრი ან რბილი, არანაირი კომენტარი არ გამოუთქვამს...
რა არის აბაშიძისთვის "რეალური შედეგი?" - მისი მთავარი მიზანი უსაფრთხოებისა და შევარდნაძის დროინდელი პრივილეგიების შენარჩუნებაა. საქმე ის არის, რომ აბაშიძის მიერ განხორციელებული ქმედებების უმეტესობა არაკონსტიტუციურია. ვაჭრობის ძირითად საგნად აბაშიძის ფაქტობრივი და არაკონსტიტუციური მდგომარეობის დაკანონება იქნება."
XS
SM
MD
LG