Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედროები ხელისუფლებას ასიმეტრიული საფრთხეების შესახებ აფრთხილებენ


სამშაბათს სამხედრო უწყების ხელმძღვანელები, სამეცნიერო-ანალიტიკური კონფერენციის ფარგლებში, რომელიც რეგიონალური უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის პრობლემას მიეძღვნა,

ზღვაზე ქვეყნის თავდაცვითი სტრატეგიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ. ამასთან, სამხედრო უწყებამ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ხელისუფლება, რომ საფრთხეთა განსაზღვრისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პარალელურად საჭიროა შესაბამისი თანხების გამოყოფა, რათა სამხედრო-საზღვაო ძალებმა რეალურად შეძლონ პროგნოზირებადი და ასიმეტრიული საფრთხეების თავიდან აცილება. სამხედრო მეზღვაურთა თქმით, უსახსრობის გამო საბრძოლო მორიგეობა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თითქმის ჩაშლილია.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვაო რეჟიმის შენარჩუნება ერთბაშად ორ სამხედრო ძალას - სანაპირო დაცვასა და თავდაცვით ძალებს - ევალება. პირველია საზღვრის დაცვის სტუქტურა და მას, მუდმივი პატრულირების გზით, ტერიტორიულ წყლებში შემოსული სხვა სახელმწიფოებისა თუ კომერციული გემების შემოწმება ეკისრება. მეორე არის თავდაცვის უწყება, რომელიც მოწოდებულია აღკვეთოს ყველა სახის სამხედრო პროვოკაცია ტერიტორიულ წყლებში. საქართველოს საზღვაო თავდაცვითი ძალების შტაბის წარმომადგენლის, მეორე რანგის კაპიტან ენვერ ჯაკობიას თქმით, საქართველოს ზღვიდან არც ერთი სახელმწიფოსგან არ ემუქრება მსხვილმასშტაბიანი საფრთხე. თუმცა ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების უმთავრესი ამოცანაა უზრუნველყოს საკუთარი ტერიტორიული წყლებისა და სანაპირო ზოლის უსაფრთხოება, ებრძოლოს ტერორიზმის გამოვლინებას, ასევე, მესაზღვრეებთან ერთად, აღკვეთოს იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდა. ყველაფერ ამას ქართველი მესაზღვრეები ათავსებენ ერთ პარადიგმაში, რომელსაც "ასიმეტრიული საფრთხე" ეწოდება.

[ენვერ ჯაკობიას ხმა] "ეს არის ტერორიზმი, მეკობრეობა და ის საფრთხეები, რომელიც არატრადიციული სამხედრო ხასიათის არის და რომელიც ბოლო დროს შემოვიდა. ტრადიციული რომელიც არის, ჩვენ ვიცით. ეს არის ურთიერთშებრძოლება, საზღვაო ომი, სახელწმიფოთაშორის კონფლიქტები... დღეისათვის ეს შეიცვალა."(სტილი დაცულია)

ამ საფრთხეებთან გამკლავება ცალ-ცალკე არც სანაპირო დაცვას შეუძლია და არც თავდაცვით ძალებს. ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას კი უწყებრივი ამბიციები და ზოგიერთი პარალელური ფუნქციის არსებობა აფერხებს. ამას ემატება ფინანსური პრობლემები. ასეთ ვითარებაში კი, როგორც სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი, კონტრ-ადმირალი ალექსანდრე ჯავახიშვილი აცხადებს, საქართველო ვერ იყენებს ადეკვატურად საბძოლო პოტენციალს.

[ალექსანდრე ჯავახიშვილის ხმა] "საზღვაო ეკიპაჟები მშვენივრად მოქმედებენ, მაგრამ აი, ბაზაში ცხოვრება და ბაზაში მეზღვაურების უზრუნველყოფა ელექტროენერგიით, საწვავით, ოფიცრების განთავსება ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფლებს. და ეს პრობლემები თუ არ აღმოიფხვრა,მაშინ, ოქროს გემებიც რომ მოგვცენ, ყველაფერი დაჟანგდება."

სამეცნიერო კონფერენციის აკადემიური ფორმატის მიუხედავად, სამშაბათს სასტუმრო "თორის" ფოიეში შესვენების დროს გამოსული ოფიცრები ხმამაღლა გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებას საზღვაო ძალების მომავალზე. ჩვენთან საუბარში საზღვაო თავდაცვითი ძალების სარდალმა, გენერალმა გიგლა ირემაძემ განაცხადა, რომ სანაპირო დაცვის გემები ვეღარ გადიან ზღვაში და სახელმწიფო საზღვარი ღიაა.

[გიგლა ირემაძის ხმა] "ხუთი თვეა საზღვარი ღიაა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის არც ერთი გემი არ გასულა ზღვაში. აფხაზებს კი 30 გემი ჰყავთ! გამოსავალი ისაა, რომ ფუნქციების ურთიერთგადანაწილების გეგმა უნდა შედგეს და მისი განხორციელება მაღალი რანგის ოფიცრებს დაეკისრებათ და არა იმ დილეტანტებს, რომლებსაც ახლა აქვთ ეს საქმე მინდობილი." (სტილი დაცულია)

მაგრამ ქართველმა სამხედრო მეზღვაურებმა სამშაბათს ვერ მოახერხეს ამ პრობლემების მიტანა ხელისუფლებამდე. წინასწარი დაპირების მიუხედავად, სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას არ ესწრებოდა საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების არც ერთი წევრი. თუმცა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე ოთხშაბათს დილით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მისვლას გეგმავს. სამხედრო უწყებას ამ შეხვედრისთვის სულ მისხალ-მისხალ აქვს დაანგარიშებული სახელმწიფოს მხრიდან დაუფინანსებელი პროგრამების ჩამონათვალი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG