Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეულ პროგრამაში "ოქროს საუკუნე" დღეს ორ საიუბილეო თარიღს გავიხსენებთ:


ყოველკვირეულ პროგრამაში "ოქროს საუკუნე" დღეს ორ საიუბილეო თარიღს გავიხსენებთ:

გადაცემის პირველ ნახევარში გიამბობთ ქართველ კინოოპერატორ დავით კანდელაკზე, რომლის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. პროგრამის მეორე ნაწილი ეძღვნება კიტა ბუაჩიძის პოპულარულ პიესას "ეზოში ავი ძაღლია" - ნაწარმოებს, რომელიც 50 წლის წინ, ჯერ კიდევ ეგრეთ წოდებულ "უკონფლიქტობის ეპოქაში", დაიწერა.

ქართულ საბჭოთა კინოენციკლოპედიაში მისი სახელი არ შეუტანიათ. დავით კანდელაკის შესახებ ვერაფერს შეიტყობთ საბჭოთა ეპოქაში გამოცემულ რუსულ კინოლექსიკონსა და სპეციალურ კინოცნობარებში; ქართული კინოს პიონერის, ჩვენი ერთ-ერთი პირველი კინოოპერატორის ღვაწლს კინემატოგრაფისტები დღესაც არ იხსენებენ, როცა დავით კანდელაკის დაბადებიდან ასი წელი გავიდა. მის სახელს მხოლოდ პოპულარული ფილმების - "ბაში-ჩუკის", "ბედნიერი შეხვედრის", "ოთარაანთ ქვრივის" ტიტრებში თუ ამოიკითხავთ. თუმცა არც ამ ფილმებს უჩვენებენ დღეს ქართველ მაყურებელს, ხოლო დავით კანდელაკის, როგორც რეჟისორის, მიერ გადაღებული სურათი "ორი ოჯახი", რომელიც ავტორის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1959 წელს, გამოვიდა ეკრანებზე და იმ დროის ქართული კინოს "ჰიტად" ითვლებოდა, საერთოდ დავიწყებულია - საქართველოში ამ ფილმის ასლს დღეს ვერსად მიაგნებთ. სხვათა შორის, სწორედ "ორი ოჯახი" იყო, ეროვნული კინოს კლასიკოსს, დავით კანდელაკს, კინემატოგრაფისტთა წრეებში სახელი რომ გაუტეხა - პრესა ქილიკობდა მელოდრამაზე, რომელიც ძალიან ჰგავდა იმ პერიოდში პოპულარულ ინდურ, არაბულ ფილმებს და ძალიან არ ჰგავდა ყველაფერ იმას, რაც კეთდებოდა 50-იანი წლების საბჭოთა - მათ შორის, ქართულ-საბჭოთა - ფილმებში. არანაირი იდეოლოგია, არანაირი სოციალური ფონი - ამბავი ორი ოჯახისა, კეთილისა და ბოროტის დაპირისპირებისა, გულს უჩუყებდა მაყურებელს, რომელსაც ჯერ კიდევ წარმოდგენა არ ჰქონდა, რას ნიშნავს "საპნის ოპერა". სხვათა შორის, დავით კანდელაკის ბედი გაიზიარა ამავე პერიოდში მოღვაწე ამერიკელმა რეჟისორმა დუგლას სიორკმა, რომელიც აგრეთვე იღებდა სენტიმენტალურზე სენტიმენტალურ მელოდრამებს... მასაც დასცინოდნენ, მის ფილმებზე მსჯელობა "ცუდ ტონად"იყო მიჩნეული. მაგრამ გავიდა დრო - სწორედ დუგლას სიორკი გამოაცხადა თავის მასწავლებლად ჯერ რაინერ ვერნერ ფასბინდერმა, შემდეგ პედრო ალმოდოვარმა. დასავლეთმა აღიარა, რომ კულტურის იდეოლოგიზაცია ბუნებრივად ბადებს ასეთ ხელოვნებას და რომ "საპნის ოპერა" არის თავისებური რეაქცია პროპაგანდისტულ ან, უბრალოდ, პოლიტკორექტულ კინოოპუსებზე, ე.ი. სწორედ ისეთ ფილმებზე, რომელსაც 50-იანი წლების საქართველოშიც უხვად იღებდნენ.

დავით კანდელაკის აპოლიტიკურობა, პირველ რიგში, მისმა პროფესიამ განაპირობა - 1930 წელს, ლენინგრადის კინოინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, იგი საქართველოში ჩამოვიდა და კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ოპერატორად დაიწყო მუშაობა. მისი, როგორც ოპერატორის, ნამუშევრები ნოვატორული ხედვით ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ კანდელაკის სტილის აკადემიურობა დღეს, როცა სტალინის ეპოქაში გადაღებულ ფილმებს ვუყურებთ, შეიძლება მისი შემოქმედების ღირსებადაც კი მივიჩნიოთ - დავით კანდელაკს არ უყვარდა მკვეთრი აქცენტები კადრში, მაქსიმალურად გაურბოდა ფსევდოკლასიცისტური საბჭოთა კულტურისთვის დამახასიათებელ მონუმენტალიზმს და, რაც მთავარია, დავით კანდელაკი შესანიშნავი თეორეტიკოსი იყო: ფოტოგრაფიასა და საოპერატორო ტექნიკის შესახებ დაწერილი მისი წიგნები დღესაც არ დაძველებულა; ქართულ ენაზე გამოცემული კანდელაკის ნაშრომები არა მარტო ავტორის გამოცდილების გაზიარებაა, არამედ კინოხელოვნების სპეციფიკის ანალიზიც, ანუ სწორედ ის, რაც ყოველთვის უჭირდათ ჩვენს კინომცოდნეებს. ეს უკანასკნელნი დავით კანდელაკის უკანასკნელ ნამუშევარს, მხატვრულ ფილმს "ორი ოჯახი", დღესაც კიტჩის, ცუდი გემოვნების სიმბოლოდ მიიჩნევენ ქართულ კინოში. თუმცა თუ ვაღიარებთ, რომ ხელოვანის მისია კულტურის განვითარების წინათგრძნობა და მოდის დამკვიდრებაა, რატომ არ შეიძლება ვუწოდოთ დავით კანდელაკს "წინასწარმეტყველი"?

[პირველი ნაწილის დასასრული]

ასეთივე წინასწარმეტყველის როლში მოგვევლინა მწერალი კიტა ბუაჩიძეც - ოღონდ არა კინოში, არამედ ქართულ დრამატურგიაში. მისი პიესა "ეზოში ავი ძაღლია" 1953 წელს დაიწერა - მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ამავე ავტორის პროპაგანდისტული ნაწარმოები "ვარდი ასფურცლოვანი", რომელიც საკოლმეურნეო ცხოვრებას ასახავს, გამოქვეყნდა სწორედ იმ დროს, როცა გაზეთმა "პრავდამ" "უკონფლიქტო დრამატურგიის" წინააღმდეგ გაილაშქრა. "პრავდის" სარედაქციო წერილში "უკონფლიქტობის მავნებლობაზე" წერდნენ, თუმცა კრემლის მთავარი გაზეთის ავტორები არ აკონკრეტებდნენ, თუ რომელი კონფლიქტები უნდა აისახოს საბჭოთა პიესებში... 30-იანი წლებისგან განსხვავებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ იყო აქტუალური ტროცკისტებისა თუ "ხალხის მტრების" მხილება. სტალინის იდეოლოგები ჯერ კიდევ გამარჯვებას ზეიმობდნენ, ხალხს უხაროდა და მტრის "ძიებაზე" დროს არ კარგავდა, მწერლებმა კი იცოდნენ, რომ სოციალისტური
რეალიზმი - "რეალიზმს" არ ნიშნავს, ე.ი. ის, ფაქტობრივად, უკრძალავს მხატვარს ასახოს წინააღმდეგობრივი რეალობა, ე.ი. "კონფლიქტიც". არ არის გამორიცხული, რომ "პრავდის" სარედაქციო წერილის ავტორები გრძნობდნენ, რომ სტალინის ეპოქა დასასრულს უახლოვდებოდა და, გარკვეული თვალსაზრისით, თავსაც იზღვევდნენ მომავალი თაობების წინაშე... არც ისაა გამორიცხული, რომ ამ წერილით - უფრო სწორად, "განკარგულებით" - კრემლი მოითხოვდა მწერლებისგან 37 წლის კულტურის აღდგენას - კულტურისა, რომელიც შიშზე, დაბეზღებაზე, ტყუილზე აშენდებოდა.

კიტა ბუაჩიძემ, ეტყობა, ეს დადგენილება სულ სხვანაირად გაიგო. 1953 წელს, სტალინის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, იგი ამთავრებს მუშაობას პიესაზე "ეზოში ავი ძაღლია", რომელიც დავით კანდელაკის ფილმის, "ორი ოჯახის", არ იყოს, ქართული თეატრის "ჰიტად" იქცევა. ეს სატირული კომედია წლების განმავლობაში დაიდგმება საქართველოს თითქმის ყველა თეატრში. განსაკუთრებით წარმატებული იქნება დადგმა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორმა გოგი თოდაძემ განახორციელა. მოგვიანებით "ეზოში ავი ძაღლიას" დამდგმელი ასე მოიგონებს კიტა ბუაჩიძეს:

[გოგი თოდაძის ხმა] "მე ვცდილობდი რეპეტიციაზე არ შემომეშვა. ვღელავდი, მეშინოდა, თან ვიცოდი, რომ ბატონი კიტა ძალიან მტკივნეულად განიცდიდა თითოეული რეპლიკის ამოღებას სპექტაკლიდან... შევამცირეთ სპექტაკლი ერთი საათით, კიტა გამებუტა, მთელი წელიწადი ხმას არ მცემდა. მერე, როცა შემირიგდა, მითხრა: რა იყო, შე კაცო, კიდევ ერთი საათი ეცინა ხალხს, რა მოხდებოდაო."

კიტა ბუაჩიძეს სურდა, რომ "ხალხს მთელი ოთხი საათი ეცინა"... ეს სურვილი ქართველ დრამატურგს მაშინ გაუჩნდა, როცა ქვეყანა თავისი დიქტატორის გარდაცვალებას გლოვობდა და დაწერა პიესა ცოცხალ ადამიანებზე --მარიკა ბარათაშვილის მსგავსად, რომელმაც თავისი "ჭრიჭინა" 1950 წელს დაასრულა, ქართულ დრამატურგიაში დაამკვიდრა გაუგებრობაზე აგებული კომედია, სოციალისტური რეალიზმის მიერ "განდევნილი" ჟანრი, რომელზეც ჭკუას კარგავს მაყურებელი მთელ მსოფლიოში:

]ხმა. ნაწყვეტი სპექტაკლიდან "ეზოში ავი ძაღლია"]

ეს რეპლიკები, დიალოგები კიტა ბუაჩიძის პიესიდან "ეზოში ავი ძაღლია" ხალხმა ზეპირად დაისწავლა. ქართული კრიტიკა კი ისევ ქილიკობდა. ასე იყო ყოველთვის. ინტელექტუალები იშვიათად განიხილავდნენ ნაწარმოებს "ეპოქის კონტექსტში". მათი უმრავლესობა დღესაც ამტკიცებს, რომ ხელოვნებას "საათით" არ ზომავენ. ამიტომაცაა, ალბათ, რომ დღევანდელ საქართველოში არც დავით კანდელაკის "ორ ოჯახს" უჩვენებენ და არც "ეზოში ავი ძაღლია" იდგმება. თუმცა ის, რასაც უჩვენებენ და რაც იდგმება, ხშირ შემთხვევაში დავით კანდელაკისა და კიტა ბუაჩიძის ნაწარმოებების უბრალო ასლებია, გამოხატული "მოდერნისტული ფორმით". ასლი კი ხელოვნებაში, მოგეხსენებათ, ორიგინალზე ნაკლებად ღირებულია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG