Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის მონაწილეობა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჯერ კიდევ ცნობილი არ არის, გაიხსნება თუ არა საარჩევნო უბნები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

დროებითი ხელისუფლების ოპტიმისტური განცხადებები, რომ აჭარაში არჩევნები აუცილებლად გაიმართება, ჯერჯერობით უსაფუძვლოდ გამოიყურება - რამდენიმე დღის წინ აჭარის ტერიტორიაზე გაგრძელდა ნოემბრის მოვლენების შემდეგ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. აჭარის ავტონომიის ლიდერი კი კვლავ 4 იანვარს დანიშნული არჩევნების არაკონსტიტუციურობაზე საუბრობს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა - აჭარის ხელმძღვანელობა კვლავ არ გამორიცხავს ავტონომიის ტერიტორიაზე უკანონო შეიარაღებული ჯგუფების გადასვლისა და ტერორისტული აქტების განხორციელების შესაძლებლობას. ამის თაობაზე განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ გააკეთა:
[ ჯემალ გოგიტიძის ხმა] " ჩვენთვის ცნობილია, მაგალითად, რომ საკმაოდ კონცენტრაცია კეთდება მარყუჟიანი იარაღის. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან საიდუმლოება არსებობს და არ გვინდა, დავაფრთხოთ ისინი."(სტილი დაცულია)
შეგახსენებთ: ქართული კანონმდებლობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არჩევნების გადადების ერთადერთი ლეგალური საშუალებაა. მართალია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლებას ავტონომიის ხელმძღვანელს არ ანიჭებს, მაგრამ ასლან აბაშიძემ საგანგებო მდგომარეობა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა.
ასეა თუ ისე, კვლავ გაურკვეველია, გაიხსნება თუ არა 4 იანვარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები. 26 დეკემბერს ასლან აბაშიძემ განაცხადა: " არ არის ისეთი ძალა, გარდა ლოგიკისა, რომელიც შეცვლის ასლან აბაშიძის აზრს ამასთან დაკავშირებით და არავინ იტყვის, რომ მე უკან ნაბიჯი შიშთან პირისპირ აღმოჩენის გამო გადავდგი....ახლანდელი არჩევნები თავისი შინაარსით არ შეიძლება იყოს დემოკრატიული; ეს იქნება, უბრალოდ, დანიშვნა გაყალბებების გზით."(სტილი დაცულია)
ანუ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ეტაპზე ასლან აბაშიძე კვლავ არჩევნების ბოიკოტირებას გეგმავს. შეძლებს თუ არა სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია ლოგიკის დახმარებით ამ გადაწყვეტილების შეცვლას მიაღწიოს, მომავალი კვირის დასაწყისში გაირკვევა, როცა აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტების შემდეგ სახელმწიფო მინისტრი ბათუმში გაემგზავრება.
უკვე ამ ვიზიტის შედეგიანობაზე იქნება დამოკიდებული, ჩავა თუ არა აჭარაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი. იგი წინასწარ აკეთებს განცხადებას, რომ, თუ აჭარის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები გაიხსნება, აჭარის ამომრჩეველთა რაოდენობა არჩევნების დღეს მისული ელექტორატის ოდენობით განისაზღვრება, რადგან აჭარაში ვეღარ მოხერხდება ამომრჩეველთა რეგისტრაციის ჩატარება. შეგახსენებთ, ნოემბრის არჩევნების წინ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა რეგისტრაცია ჩატარდა. რეგისტრაციით, აჭარაში 286 ათასი ამომრჩეველია.
XS
SM
MD
LG