Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხავერდოვანი რევოლუციის" წინაისტორია


ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც 23 ნოემბერს "ვარდების რევოლუციით" დასრულდა, მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიტიკის ექსპერტები დიდხანს მსჯელობდნენ,

როგორ მოხდებოდა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა: კონსტიტუციური ვადების დაცვით თუ დარღვევით; არჩევნების გზით თუ რევოლუციით. ექსპერტები ორივე გაგრძელების დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავდნენ.

ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა შესაძლო ვერსიაზე საჯარო მსჯელობა 2001 წელს დაიწყო. სექტემბერში ჟურნალ "არილში" გამოქვეყნდა ფილოსოფოსისა და პოლიტოლოგის - ზურაბ ჭიაბერაშვილის - შემდეგი პროგნოზი: "ყველაზე შემაშფოთებელია სამომავლო ალტერნატივა: ან ბრეჟნევისდროინდელი "უძრაობის ხანა" (როცა პრეზიდენტი გადაწყვეტილებებს ვერ იღებს), ან მოვლენათა სწრაფი, რევოლუციური განვითარება".

სამოქალაქო სექტორის ყველაზე ავტორიტეტული წარმომადგენლები - ლევან ბერძენიშვილი და გია ნოდია - მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარს ერთმანეთისგან განსხვავებულად ხედავდნენ. ლევან ბერძენიშვილი საგაზეთო და სატელევიზიო ინტერვიუებში დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტის პოსტს 2005 წლამდე ვერ შეინარჩუნებდა; რომ მოვლენების მეტისმეტად სწრაფი განვითარება დღის წესრიგში დააყენებდა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს.

გია ნოდია კი სახელმწიფოს სტაბილური განვითარების გარანტად კონსტიტუციის დაცვას მიიჩნევდა და არა ხალხის ნების აღსრულებას. იგი ფიქრობდა, რომ თუ ქვეყნის მოსახლეობამ პრეზიდენტი 2005 წლამდე აირჩია, საკონსტიტუციო ვადის ამოწურვამდე სახელმწიფო სწორედ მას უნდა ემართა. ქვეყნისთვის არ ივარგებდა, თუ თავის მიერ არჩეულ პრეზიდენტს ხალხი მიადგებოდა და ეტყოდა: აღარ მოგვწონხარ და გადადექიო.

ედუარდ შევარდნაძეს და მის გარემოცვას, ცხადია, ყველაზე მეტად პროცესების რევოლუციური განვითარება აშინებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებას ხელს აძლევდა "უძრაობის ჭაობი", რადგან პრეზიდენტი თავის ძალაუფლებას მხოლოდ სტაბილურობის პირობებში შეინარჩუნებდა. მოსახლეობას სულ უფრო მეტი აგრესია უგროვდებოდა ხელისუფლების მიმართ და ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ფაქტი ან მოვლენა, რომელიც ბიძგს მისცემდა პროცესების სწრაფ და კონფლიქტურ განვითარებას, პირადად ედუარდ შევარდნაძისთვის მიუღებელი იყო.

მაგრამ, მეორე მხრივ, არსებული ვითარების შენარჩუნებაც მეტად და მეტად ძნელდებოდა. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, რომლებიც დაჟინებით ცდილობენ მოვლენების დაჩქარებას, საკმაოდ აგრესიულები იყვნენ პრეზიდენტის მიმართ. შესაბამისად, მათი ენერგიის დასათრგუნად, ედუარდ შევარდნაძე იძულებული ხდებოდა, დაეშვა ქვეყანაში არსებობა მათთან დაპირისპირებული, არანაკლებ ენერგიული ძალებისა, რომლებიც ხან იყვნენ და ხან არა იდენტიფიცირებულნი საქართველოს პრეზიდენტთან. ზუსტად ასეთ ძალას წარმოადგენდა ბასილი მკალავიშვილი, რომელიც, თავის მომხრეებთან ერთად, არასამთავრობო სექტორს ებრძოდა; და ასეთსავე ძალას წარმოადგენდა ჯორბენაძე-მამალაძის ირგვლივ თავმოყრილი პოლიტიკური ელიტა, რომელიც ოპოზიციის ლიდერებს უპირისპირდებოდა.

გამოდის, რომ, ერთი მხრივ, ედუარდ შევარდნაძეს ხელს არ აძლევდა ვითარების დაძაბვა, მაგრამ, მეორე მხრივ, იგი თავად უწყობდა ხელს აგრესიის ზრდას. ეს პროცესი ბოლო ორი წლის განმავლობაში "პოლიტიკური ხარაკირის" შინაარსს ატარებდა და "ვარდების რევოლუციად" წოდებული მოვლენა მის ყველაზე ბუნებრივ დასასრულად გამოიყურება.

თუ წინაისტორიას და პოლიტიკური პროცესის ლოგიკას არ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, გაუგებარი დარჩეს, რატომ მიიყვანა ედუარდ შევარდნაძემ საქმე რევოლუციამდე და რატომ ვერ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. ცხადია, კონფლიქტი მოსახლეობის, ხალხის ინტერესების იგნორირებით დაიწყო. ამას მოჰყვა საზოგადოების სხვადასხვა ფენაში უკმაყოფილების ზრდა ედუარდ შევარდნაძის მიმართ, რასაც ყოფილმა პრეზიდენტმა შემხვედრი ნაბიჯით უპასუხა. აი, ამ ეტაპზე გაჩნდა შევარდნაძის გვერდით ახალი გუნდის შექმნის აუცილებლობა, იმ გუნდის, რომელიც რადიკალურად იმოქმედებდა და შეეცდებოდა, აგრესია უფრო მეტი აგრესიით დაეთრგუნა. ამიტომ გახდა საჭირო არჩევნების შედეგების სრული იგნორირება, რაც ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირება იყო და რამაც ხალხის მხრიდან ძალის საპასუხო მობილიზაცია გამოიწვია. ამიტომაც არსებობდა საფრთხე, რომ თუ ედუარდ შევარდნაძეს საკმარისი პასუხისმგებლობა არ აღმოაჩნდებოდა, სახალხო გამოსვლები ლოგიკურად გამოიწვევდა ხელისუფლების შემდგომ ძალადობას და იარაღის გამოყენებით მიტინგის დაშლის მცდელობას.

ამ ხანგრძლივ პროცესს წერტილი ედუარდ შევარდნაძის გადადგომამ დაუსვა. საინტერესოა ექს-პრეზიდენტის მოსაზრება, იყო თუ არა შესაძლებელი ორმხრივი ძალადობისა და აგრესიის ნაკადის შეჩერება სხვა დროს და სხვა ეტაპზე. ჯერჯერობით ედუარდ შევარდნაძე გაცილებით უინტერესო თემებზე საუბრობს, მაგრამ ოდესმე პასუხი, ალბათ, ამ კითხვასაც გაეცემა.
XS
SM
MD
LG