Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანდებიან თუ არა მემარცხენე პოლიტიკური ძალები


ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციით" შექმნილი პოლიტიკური რეალობის შედეგად, თითებზე ჩამოსათვლელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინაშე გადარჩენის პრობლემა დგას.

ამას თითქმის ყველა აცნობიერებს, თუმცა გაერთიანებას ჯერჯერობით არავინ ჩქარობს, მათ შორის, ერთნაირი იდეოლოგიის ორგანიზაციებიც კი. თუმცა გამორიცხული არაფერია, რადგან თვითგადარჩენის ინსტინქტი სიჯიუტით ცნობილ ქართულ პოლიტიკურ პარტიებსაც აიძულებს კომპრომისებზე წასვლა ისწავლონ. ასე მაგალითად, ლეიბორისტულმა (შრომის) პარტიამ ადრე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.

საქართველოს ლეიბორისტულ (შრომის) პარტიას არჩევნებში ბედი არ სწყალობს. აგერ უკვე მეორე საპარლამენტო არჩევნებში 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვისა და მნიშვნელოვანი წარმატების მიუხედავად, იგი მაინც ვერ მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში. ორი არჩევნების უსამართლობით გამწარებულმა ქართველ მშრომელთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ისიც კი გამოაცხადა, 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებო. იგი 2003 წლის 2 ნოემბერს არჩეული პარლამენტის შეკრებას მოითხოვდა, თუმცა თვითგადარჩენის ინსტინქტმა ლეიბორისტების ემოციები გაანელა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიაღებინა.

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] "ასეთი განცხადება, რომ არ მივიღებდით მონაწილეობას, არ გაკეთებულა. უბრალოდ, კეთდებოდა განცხადებები და გარკვეულ პირობებს ვაყენებდით. და მთელი რიგი პირობები, რაც შეეხებოდა კომისიების პარიტეტულ დაკომპლექტებას და ასე შემდეგ, დაკმაყოფილდა და იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო."

ეს იყო ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჯონდი ბაღათურია, რომელსაც ისიც ვკითხე, მის პარტიას, არჩევნებში მონაწილეობასთან ერთად, წინასაარჩევნო ბლოკის შექმნაც ხომ არ გადაუწყვეტია. ყველაზე მეტად რეალურად გამოიყურება ლეიბორისტებისა და სოციალისტების წინასაარჩევნო დაწყვილება, თუმცა ლეიბორისტები ჯერჯერობით ამ საკითხში ძველ სიჯიუტეს ინარჩუნებენ.

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] "სოციალისტური პარტია არის ის პარტია, რომელიც იყო ნაწილი შევარდნაძის ხელისუფლების, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვებრძოდით და დაპირისპირებული ვიყავით, რომლის ხელისუფლებაში ყოფნა ძალიან ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს და ხალხს. ამიტომ ჩვენთვის, ვფიქრობ, რომ მოსალოდნელი არ უნდა იყოს მსგავს გაერთიანებებზე დათანხმება."

ლეიბორისტები ფიქრობენ, რომ 7 პროცენტიანი ბარიერის დაძლევა არ გაუჭირდებათ, თუმცა სოციოლოგიური მონაცემები სულ სხვაზე მეტყველებს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის გოჩა ცქიტიშვილის განცხადებით, როგორც ლეიბორისტებს, ასევე სოციალისტებს, დღევანდელი მდგომარეობით, ცალ-ცალკე 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ.
როგორც ჩანს, ამას აცნობიერებს სოციალისტური პარტია და, ლეიბორისტების მსგავსად, იდეური მოკავშირეების ლანძღვით არ გამოდის. სოციალისტების ერთ-ერთი ლიდერის, ზაქარია ქუცნაშვილის, განცხადებით, მის პარტიას სხვებთან თანამშრომლობის პრინციპები უკვე ჩამოყალიბებული აქვს და მიაჩნია, რომ ამ პრინციპებს ყველაზე მეტად ლეიბორისტული პარტია აკმაყოფილებს. სოციალისტები მოძმე პარტიასთან კონსულტაციების დაწყებას უახლოეს მომავალში აპირებენ.

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] " ჩვენ შევეცდებით ვაგრძნობინოთ და დავანახვოთ ყველას, რომ გადარჩენა და გამარჯვება სხვადასხვა ცნებებია და ამოცანა უნდა იყოს არა გადარჩენა, არამედ გამარჯვება და გამარჯვება მარტოკაცის ყოველთვის ძნელია."

თუ 28 მარტამდე ამ აზრზე შეთანხმება შეძლეს ქართველმა მემარცხენეებმა, სოციოლოგები მათ 10%-მდე ამომრჩეველთა ხმების მოპოვებას უწინასწარმეტყველებენ.
XS
SM
MD
LG