Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიკრიმინალური ბრძოლის ლეტალური შედეგები


ავტომატის ჯერისგან დაცხრილული მანქანები, დახოცილი ადამიანები და სისხლის გუბეები - ასე გამოიყურება ფართოდ რეკლამირებული

ანტიკრიმინალური ბრძოლის ყოველდღიური ქრონიკა საქართველოში. მას შემდეგ, რაც იანვრის ბოლოს ზუგდიდის რაიონში კრიმინალური დაჯგუფების თავდასხმას 3 პოლიციელი ემსხვერპლა, ქვეყნის ახალი ხელისუფლება იძულებული გახდა ებრძანებინა სამართალდამცველებისათვის, ადგილზე გაანადგურონ დამნაშავე პირი, თუკი იგი შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევას შეეცდება. თუმცა უფლებათდამცველები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან დამნაშავეთა ადგილზე ლიკვიდაციის შესახებ ხშირმა მოწოდებებმა პოლიციელებს, შესაძლოა, ძალის უკონტროლო გამოყენებისკენ უბიძგოს.


დამნაშავის მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის ან თავდასხმის დროს კანონი პოლიციის მუშაკს იარაღის გამოყენებისა და დამნაშავის ლიკვიდაციის უფლებას აძლევს. მაგრამ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა აცხადებს, წინა ხელისუფლების დროს კრიმინალურ სამყაროსა და პოლიციელებს ერთმანეთთან იმდენად ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ, რომ წესრიგის დამცველებსა და დამნაშავეებს შორის იშვიათად მიდიოდა საქმე შეიარაღებულ შეტაკებამდე. ამჯერად ვითარება შეიცვალა. საქართველოს ახალი ხელისუფლება პოლიციელებს კრიმინალების წინააღმდეგ კანონის მთელი სიმკაცრით ბრძოლას ავალებს და მოუწოდებს, არ დაინანონ ტყვიები დამნაშავეების გასანადგურებლად. ბრძოლა კი, მართლაც, დაუნდობელია. ორი კვირის წინ ზუგდიდის რაიონში ბოროტმოქმედებმა სამი პოლიციელი მოკლეს, მათ არც პოლიციელები ჩამორჩნენ და ოპერაციის მსვლელობისას ორი თავდამსხმელი გაანადგურეს. 8 თებერვალს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ერედვის საგუშაგოზე ქართველმა სამართალდამცველებმა ორმხრივი შეტაკების დროს მოკლეს მანქანების გატაცებაში ეჭვმიტანილი ვიქტორ მამიტოვი. ორშაბათს ქალაქ კასპში პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცღონისძიება ადრე პოლიციელების დაჭრისთვის ძებნილი ძმების, ლევან და გიორგი ბეგლარიშვილების, ლიკვიდაციით დასრულდა. შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის თქმით, პოლიციელების თვითმიზანი არ არის ბოროტმოქმედთა ლიკვიდაცია, მაგრამ პოლიცია აღარ აპირებს უკუქცევას დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლაში:

[გია ბარამიძის ხმა] "მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ იცოდეს ყველამ: ჩვენ უკან არ დავიხევთ, იმიტომ რომ პოლიციელებს იქით სდებდნენ ბრალს, პოლიციელები იყვნენ დაშინებულები და დაზაფრულები კრიმინალების მხრიდან... ყველამ უნდა იცოდეს, რომ, თუ გაუწევენ პოლიციელებს წინააღმდეგობას (ასეა შეერთებულ შტატებში, ასეა გერმანიასა და შვეიცარიაში და ასე იქნება საქართველოში), პოლიცია რ მოერიდება იარაღის გამოყენებას."

ხელისუფლების მხრიდან დამნაშავეობის წინააღმდეგ გამოცხადებულ კამპანიას მხარს საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერს. მაგრამ ეს არ არის უაპელაციო მხარდაჭერა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდეს და პოლიციამ არ დაუშვას ძალის უკონტროლო გამოყენება, როგორც ბოლო ხანებში რამდენჯერმე მოხდა. "თავისუფლების ინსიტიტუტის" წევრის სოზარ სუბელიანის თქმით, პოლიციელები ზემდგომთა ბრძანების შესასრულებლად კვლავ აკრძალულ მეთოდებს იყენებენ:
[სოზარ სუბელიანის ხმა] "ეს ადამიანები ამბობენ, რომ მათ სთხოვენ: თქვენ, კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, დატოვეთ ქალაქიო; თუ ქალაქს არ დატოვებთო, ჩვენ იძულებული ვიქნებითო, ჩაგიდოთ ნარკოტიკი, იარაღი და ასე შემდეგ. ასეთი ფაქტები ჩვენ გვაქვს თბილისსა და რუსთავში."

უფლებათდამცველი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ, თუ პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ყველა კონკრეტული შემთხვევა სერიოზული გამოკვლევის საგანი არ გახდა, მაშინ პოლიციელთა რიგებში, შესაძლოა, დაუსჯელობის სინდრომმა იჩინოს თავი:

[გელა ნიკოლაიშვილის ხმა] "წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება გადაიქცეს პოლიციელთა მხრიდან თავის მოქმედების გამართლებად ყველა შემთხვევაში."(სტილი დაცულია)

ასეთ კრიტიკაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა კონკრეტულ ფაქტს სააშკარაოზე გამოიტანს და საზოგადოების არც ერთ შენიშვნას რეაგირების გარეშე არ დატოვებს. ამასთან, პოლიციელებს თავიანთ არსენალში აქვთ ოპერატიული წყაროები, რომლის ეფექტური გამოყენება მინიმუმამდე ამცირებს ხელჩართულ შეტაკებებს პოლიციელებსა და ბოროტმოქმედთა შორის.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG