Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოს პარლამენტის რესტრუქტურიზაცია და რეფორმირება


საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასთან ერთად, რომელმაც აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურულ ცვლილებებს დაუდო სათავე, დღის წესრიგში დადგა საკანონმდებლო

ხელისუფლების რეორგანიზების აუცილებლობაც. პარლამენტის სტრუქტურული რეფორმირება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მხოლოდ ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო, არადა, იგი "ვარდების რევოლუციამდე" თითქმის 2 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა მოუქნელი სისტემის მქონე საქართველოს პარლამენტს. როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოს პარლამენტის რესტრუქტურიზაცია?

უბრალო ქართველი ამომრჩეველი წლების მანძილზე ადევნებს თვალს, თუ როგორ არ დადიან მისი რჩეული პარლამენტარები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და როგორ ვერ იკრიბება კვორუმი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად საჭირო კანონების მისაღებად. ეს, რაც გარეგნულად ტელეეკრანიდან ჩანს. საქართველოს პარლამენტის არაეფექტურობის მიზეზები გაცილებით უფრო სიღრმისეულია, ვიდრე დეპუტატების დისციპლინა. როგორც ჩანს, ნინო ბურჯანაძემ ამ სიღრმისეული პრობლემების გაანალიზებას 2 წელი მოანდომა და, მისივე ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი მომზადდა. რეგლამენტი ერთ-ერთი შემადგენელია იმ სტრუქტურული ცვლილების პროექტისა, რომლის პრეზენტაციაც 24 თებერვალს გაიმართა.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ევროპული ტიპის პარლამენტი, რომ საქართველოს პარლამენტი, მისი სტრუქტურები მაქსიმალურად ოპტიმიზირებულად მუშაობდეს, რომ მოხდეს პარლამენტის ხელახალი აღჭურვა, მოხდეს პარლამენტის აპარატის თანამშრომლების - და არა მხოლოდ აპარატის თანამშრომლების, არამედ პარლამენტის წევრების - წვრთნის ან განსწავლის პროქტების განხორციელება ისე, რომ თითოეული მათგანი თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებდეს პარლამენტში ქვეყნისა და ხალხის ინტერესების საკეთილდღეოდ."

რამდენადაც აღნიშნული პროექტის მიმართ დიდი დაინტერესება გამოხატეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მისი დიდი ნაწილის განხორციელება გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში წარიმართება.

საქართველოს პარლამენტს ადრეც არაერთხელ მიუღია მსგავსი ტექნიკური თუ ინფორმაციული დახმარება. სხვადასხვა ფონდების დახმარებით შეიქმნა ინტერნეტის ცენტრი, მოხდა პარლამენტის კომპიუტერებით აღჭურვა, შეიქმნა შიდა ქსელი, შეივსო ბიბლიოთეკა, ჩამოყალიბდა საბიუჯეტო ოფისი, მოეწყო უცხო ენების შემსწავლელი კურსები და სხვ. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტის ეფექტურობამ, აღმავლობის ნაცვლად, რეგრესი განიცადა.

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის როსტომ დოლიძის განცხადებით, მთავარ პრობლემას ძველი რეგლამენტი სულაც არ წარმოადგენდა და მისგან ახალი პროექტი მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მას კანონის სტატუსი ექნება:

[როსტომ დოლიძის ხმა] "პარლამენტის წევრებისათვის უნდა ტარდებოდეს სემინარები, ძველ რეგლამენტშიც ეწერა ეს და ახლა ახალ აღმოჩენას ნურავინ ნუ აკეთებს. ძველ რეგლამენტში იყო სასჯელები და ჯარიმები და ასე შემდეგ, რაც არ სრულდებოდა, მიუხედავად იმის, რომ ჩვენი კომიტეტი სისტემატურად მოითხოვდა ამას. მთავარია, რომ არ იყო ნება და არ სრულდებოდა და ხელმძღვანელობის ხედვა, პრინციპული ხედვა და არა პოლიტიკანობა."(სტილი დაცულია)

როსტომ დოლიძეს მიაჩნია, რომ ახალი რეგლამენტის ზოგიერთი პუნქტი, პირიქით, დეპუტატების უდისციპლინობას შეუწყობს ხელს - მაგალითად, ნორმა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატის დასწრება სავალდებულო აღარ იქნება.
XS
SM
MD
LG