Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების პრობლემა საქართველოში


24 თებერვალს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნაური სამხედრო შოუ გაიმართა. როგორც შემდეგ გაირკვა, ერთბაშად რამდენიმე გასამხედროებული ნაწილის წარმომადგენლები

"რადიოაქტიური ბინძური ბომბის" ტერორისტული მიზნებით გამოყენებაზე რეაგირებას სწავლობდნენ. წვრთნის შედეგები ვირტუალურია, როგორც თავად ტერორისტები და "ბინძური ბომბის"მულიაჟი. თუმცა თბილისთან ახლოს მდებარეობს რამდენიმე დასახლებული პუნქტი, სადაც ადამიანები ნამდვილი ნაღმების აფეთქებისაგან იღუპებიან. ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საქართველოს კომიტეტის სტატისტიკის თანახმად, ბოლო ორი წლის მანძილზე, ნაღმების აფეთქების შედეგად, საქართველოში 47 ადამიანი დაიღუპა და 76 მძიმედ დაიჭრა.


ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საქართველოს კომიტეტი რამდენიმე წელია იბრძვის იმისათვის, რომ საქართველო შესაბამის საერთაშორისო კონვენციას შეუერთდეს და ქვეყნის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული განაღმვის სამუშაოები დაიწყოს. ერთი კვირის წინ მათ დახმარებისათვის საქართველოს პრეზიდენტის მეუღლეს სანდრა რულოვსსაც მიმართეს თხოვნით, სათავეში ჩაუდგეს ანტინაღმურ მოძრაობას საქართველოში. პრობლემა, მართლაც, ძალზე სერიოზულია: ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კომიტეტის კოორდინატორის ალექსანდრ რუსეცკის ინფორმაციით, საბჭოთა არმიის გასვლის შემდეგ დაუცველ ტერიტორიაზე ათასობით აუფეთქებელი ნაღმი, საარტილერიო ჭურვი და მართვადი რაკეტა დარჩა. და ეს მაშინ, როცა რუსეცკის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ უარი თქვა, მიერთებოდა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კონვენციას:

[ალექსანდრ რუსეცკის ხმა] "ეს არის, ძირითადად, სამოქალაქო ომის დროს გაფანტული უკონტროლო იარაღი, ფეთქებადი მექანიზმები და ნივთიერებები, რომელიც მთელ საქართველოშია მიმოფანტული. აქ ჩვენ ვაწყდებით სერიოზულ სირთულეს, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ აღიარა და არ აღიარებს არსებულ პრობლემას."

მაგრამ საქართველოს ახალ ხელისუფლებას მოუწევს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების პრობლემას სერიოზული ყურადღება დაუთმოს. საქართველოში სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც უმეთვალყურეოდ დარჩენილ სამხედრო ობიექტებზე ფეთქდება. დაზარალებულთა უმრავლესობა ჭურვებს თვითნებურად შლის დენთისა და ძვირფასი მეტალის მოსაპოვებლად. თუმცა ამგვარი სარისკო ბიზნესის შედეგი სავალალოა. ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საქართველოს კომიტეტის სტატისტიკის თანახმად, ბოლო ორი წლის მანძილზე, ნაღმების აფეთქების შედეგად, საქართველოში 47 ადამიანი დაიღუპა და 76 მძიმედ დაიჭრა. საქართველოს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის უფროსის, პოლკოვნიკ არჩილ ბურჯანაძის თქმით, გადარჩენის შემთხვევაში, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქებული ადამიანი სამუდამოდ ხეიბარი რჩება:

[არჩილ ბურჯანაძის ხმა] "წელიწადი არ გავიდოდა, რომ ორი შემთხვევა არ ყოფილიყო. ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქების შემთხვევა ყოველთვის მთავრდება ამპუტაციით."

აღსანიშნავია, რომ ნაღმების აფეთქების დროს დაღუპული ან დასახიჩრებული მოქალაქის ოჯახი დახმარების სახით არაფერს იღებს სახელმწიფოსგან. ასეთი სახის სოციალურ დახმარებას არ ითვალისწინებს ბიუჯეტი მათთვის, ვინც ლუკმაპურის საშოვნელად იძულებული გახდა დასდგომოდა ასეთი სახიფათო ბიზნესის გზას. თუმცა უკეთეს დღეში არც ის სამხედროები არიან, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო ჭრილობა. აფხაზეთის ომის დროს ნაღმზე აფეთქებული სამხედრო მოსამსახურის ანატოლი ორობინსკის დედა ამბობს, რომ მისი შვილი მხოლოდ ინვალიდობის 45 ლარიან შემწეობას იღებს, მაშინ როცა საარსებო მინიმუმი საქართველოში უკვე სამჯერ მეტია.

[ლიუდა ორობინსკის ხმა] "არ ვიცი, ისინი შემოვლაზე იყვნენ თუ რა, მაგრამ ყველაფერი დანაღმული აღმოჩნდა. ერთი ბიჭი გადარჩა, ჩემი შვილი კი აფეთქდა. ცალი ფეხი დაკარგა, მეორე ფეხი და ხელი კი ძლივს გადაურჩინეს. ახლა ის მხოლოდ 45 ლარს ღებულობს. დიდი პენსია საქართველოში მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს აქვთ. ჩემი შვილი კი მხოლოდ 16 წლისა იყო, ომში მოხალისედ რომ წავიდა."

პირველი გამნაღმველები საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ აფხაზეთში გამოჩნდნენ. ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელოუ ტრასტი" უკვე მეხუთე წელია აწარმოებს განაღმვით სამუშაოებს გუმისთის ხიდთან და გალის ტერიტორიაზე. მათ ანგარიშზეა რამდენიმე ათასი გაუვნებელყოფილი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი. საქართველოში მოქმედი ანტინაღმური არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით, 1 აპრილიდან თბილისთან ახლოს, ვაზიანის ტერიტორიაზე, სადაც ყველაზე მეტი აუფეთქებელი ჭურვი უნდა იყოს კონცენტრირებული, განაღმვით სამუშაოებს უკვე ქართველი გამნაღმველები დაიწყებენ. თითოეული გაუვნებელყოფილი ნაღმი კი თითო გადარჩენილ სიცოცხლეს უდრის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG