Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორისტებმა ხომ არ განაპირობეს ესპანეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგი?


ანდრო ეული, პრაღა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინათ, ნაკლებად თუ ეპარებოდა ვინმეს ეჭვი,

რომ 14 მარტის საყოველთაო არჩევნებში ესპანეთის მმართველი, მემარჯვენე-ცენტრისტული სახალხო პარტია გაიმარჯვებდა.

შემდეგ, ესპანეთის დედაქალაქში მოხდა ტრაგედია: 11 მარტს მადრიდში მოძრავ საგარეუბნო მატარებლებში მომხდარმა ოთხმა აფეთქებამ 200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტი ისლამისტმა ექსტრემისტებმა მოაწყეს, და ამით ესპანეთის მთავრობა "დასაჯეს" შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის პოლიტიკის მხარდაჭერისთვის, უწინარესად, ერაყთან მიმართებით.

სამი დღის შემდეგ, ამომრჩევლებმა ზურგი შეაქციეს სახალო პარტიას და ნდობა გამოუცხადეს სოციალისტებს. ამ პარტიის ლიდერმა, ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ არ დააყოვნა თავისი წინასაარჩევნო დაპირების განმეორება, რომ სამშობლოში დააბრუნებს ერაყში მყოფ ესპანელ სამხედრო მოსამსახურეებს [ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს ხმა]: "თუ არაფერი შეიცვალა და გაერო გააკონტროლებს ერაყში ვითარებას, ხოლო დამპყრობლები დათმობენ პოლიტიკურ კონტროლს, ესპანეთის ჯარი შინ დაბრუნდება, და ერაყიდან წამოსვლის უკანასკნელი ვადა 30 ივნისი იქნება."

ზოგიერთი მიმოხილველის აზრით, საპატეროს ეს განცხადება ტერორიზმთან დაპირისპირებაში უკანდახევის ტოლფასია, რადგან გამოდის, რომ ტერორისტებს ბომბების გამოყენებით შეუძლიათ თავიანთი პოლიტიკური მიზნების მიღწევა. აი, რა განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში შოტლანდიის სენტ ენდრიუს უნივერსიტეტთან არსებული ტერორიზმისა და ძალადობის შემსწავლელი ცენტრის დირექტორმა პოლ უილკინსონმა [პოლ უილკინსონის ხმა]: "არ მგონია ამ ადამიანებს წინასწარ სცოდნოდათ რას მოიმოქმედებდა მადრიდში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ესპანეთის მთავრობა. თუმცა ისინი ნამდვილად შესძლებდნენ იმის გაანალიზებას, რომ საზოგადოებას დააფრთხობდა მომავალი თავდასხმების შესაძლებლობა, თუკი ესპანეთის მთავრობა არ შეცვლიდა თავის პოლიტიკას. და უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მხრივ მათ ნამდვილად შეძლეს მიზნის მიღწევა."

როგორც პოლ უილკინსონი შენიშნავს, ეს პირველი შემთხვევა როდია, როცა ტერორისტული თავდასხმა დასახულ მიზანს აღწევს. ბრიტანელი მკვლევარი იხსენებს 90-იანი წლების შუა პერიოდს, როცა პალესტინელმა თვითმკვლელმა ტერორისტებმა ისრაელში მოწყობილი აფეთქებებით ოსლოში დადებული სამშვიდობო შეთანხმება საბოლოოდ დაასამარეს. ხოლო 1983 წელს, როცა თვითმკვლელმა ფანატიკოსმა ლიბანში თავდასხმა განახორციელა ამერიკელ მედესანტეებზე, მრავალეროვანი სამშვიდობო კონტინგენტი რეგიონიდან გაყვანილ იქნა.

ჯერჯერობით ნაადრევია დაბეჯითებით იმის თქმა, რომ 11 მარტის ტერაქტი მადრიდში ალ-ყაიდამ, ან სხვა ისლამურმა დაჯგუფებამ განახორციელა. რაც შეეხება 14 მარტის არჩევნებს ესპანეთში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქ ჩვენ მოწმენი გავხდით იმისა, თუ როგორ მოქმედებს დემოკრატია: ელექტორატმა უნდობლობა გამოუცხადა პარტიას, რომლის პოზიციამ ერაყის ომთან მიმართებით, მოსახლეობის თითქმის 90 პროცენტის უკმაყოფილება გამოიწვია.
XS
SM
MD
LG