Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის საქართველოში ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტი


აჭარის კრიზისმა როგორც საზოგადოების, ასევე მთავრობის

ყურადღების მიღმა დატოვა ყოველდღიური პრობლემები. ყველაზე მეტად კი ბოლო დღეებში ენერგეტიკულმა კრიზისმა იჩინა თავი. რეგიონების მსგავსად, ფაქტობრივად, დენის გარეშეა დარჩენილი თბილისის ნაძალადევისა და გლდანის რაიონები, იმისდა მიუხედავად, რომ ამ რაიონების მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურის საუკეთესო გადამხდელად ითვლება. ბათუმის კრიზისში ჩაფლულ ხელისუფლებას კი ისღა დარჩენია, ყველაფერი მოულოდნელ აცივებას გადააბრალოს და ამინდის გამოსწორებასთან ერთად ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის პირობაც დადოს.

უბრალო მოქალაქეების უკმაყოფილებასა და გულისწყრომას ხშირად იწვევს ის ფაქტი, რომ ღამით დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებში ქუჩებიც კი განათებულია, მაშინ როდესაც გარეუბნებში მოსახლეობას ჩაბნელებულ ბინებში ცხოვრება უწევთ. მათ ვერაფრით აუხსნიათ, ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტის პირობებში, როგორ ხერხდება სახელმწიფო დაწესებულებების შენობათა ფასადის განათება და რატომ არის შეუძლებელი ამ ელექტროენერგიის მოსახლეობაზე გადანაწილება. ამ შეკითხვებით თელასის წარმომადგენელს ვალერი ფანცულაიას მივმართე.

[ვალერი ფანცულაიას ხმა] "აი, ზუსტად ეგ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იმიტომ რომ... მესმის, რომ ამის ახსნა მომხმარებლისთვის დიდი ვერაფერი შვებაა... სახელმწიფო ელექტროსისტემა აქრობს ზუსტად იმ ქვესადგურებს, რომელიც ემსახურება ვარკეთილს, ისანი-სამგორს, ნაძალადევს, თემქას, მუხიანს და გლდანს. ეს არის ორი დიდი ქვესადგური და, შესაბამისად, როდესაც დეფიციტია და სიმძლავრის ნაკლებობაა, ყოველთვის გვითიშავენ ამ ქვესადგურებს."

ფანცულაიას განცხადებით, თელასი საკუთარი რესურსებით თბილისისათვის საჭირო ელექტროენერგიის 80 - 90 პროცენტის მობილიზებას ახერხებს, თუმცა ხანდახან თელასამდე ამ ენერგიის მხოლოდ ნახევარი თუ აღწევს ხოლმე. საქართველოს ელექტროსისტემაში არსებული მწვავე დეფიციტის გამო, ცენტრალური სადისპეჩერო, დაწესებული ლიმიტების დაცვის გარეშე, საქართველოს ხან ერთ, ხან მეორე რეგიონს გაანათებს ან ჩააბნელებს. დისპეჩერიზაციის ესპანელი მენეჯერის ალბერტო სოლისის განცხადებით, მან 18 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც კი დენის გარეშე დატოვა, იმის მიუხედავად, რომ ბათუმს პრეზიდენტი სააკაშვილი სტუმრობდა. შეზღუდვის მიზეზად აჭარის მიერ დაწესებულ ლიმიტზე მეტი ელექტროენერგიის ხარჯვა დასახელდა. სოლისმა დასძინა: საერთოდ არ ვიცოდი, თუ რეგიონში პრეზიდენტი იმყოფებოდა და დენის გამორთვას პოლიტიკას ნუ დაუკავშირებთო.

ელექტროსისტემის ასეთი მენეჯმენტის პირობებში გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ენერგეტიკოსების მთელი იმედები კლიმატური პირობების შეცვლას უკავშირდებოდა. მაღალ მთაში თოვლის შეწყვეტასა და გამოდარებაზე იყო დამოკიდებული საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი კავკასიონის მაღალი ძაბვის ხაზის აღდგენა. 18 მარტს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ, კლიმატური პირობების შეცვლის წყალობით, ხაზზე არსებული დაზიანება აღმოვაჩინეთ და 1-2 დღეში რუსეთიდან დენის იმპორტი აღდგებაო.

19 მარტს კი ენერგეტიკის მინისტრი იძულებული გახდა საკუთარი სიტყვები უკან წაეღო, რადგან გაირკვა, რომ კავკასიონის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე საქართველოს მხრიდან დივერსიული აქტი განხორციელდა. თუ რამდენი დღე დასჭირდება დივერსიული აქტის შედეგების ლიკვიდაციას, ამის თქმა ჯერჯერობით ნაადრევია.

ამ პრობლემებს ისიც ემატება, რომ თითქმის დაცარიელებულია ენგურის ჰიდროელექტროსადგური, ამასთან, სადგურმა 1 აპრილიდან 25 დღით მუშაობა უნდა შეწყვიტოს მასზე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. შესაბამისად, კლიმატური პირობების გაუმჯობესებამდე, ანუ მთაში დათბობამდე, რასაც შედეგად თოვლის დნობა და მცირე ჰიდროელექტროსადგურებში წყლის დონის მომატება უნდა მოჰყვეს, საქართველოს კვლავ მწვავე ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ცხოვრება მოუწევს.
XS
SM
MD
LG