Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ დგას უზბეკეთის მოვლენების უკან


გასული სამი დღის განმავლობაში უზბეკეთის უშიშროების ძალებსა და ისლამისტურ გასამხედროებულებულ ჯგუფებს შორის წარმოებული

ბრძოლების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მომხდარში ოფიციალური წყაროები ისლამისტ რადიკალებს ადანაშაულებენ. მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გაურკვეველია, ვინ და რატომ დგას უზბეკეთში განვითარებული მოვლენების უკან. ამ საკითხში გარკვევას ნონა მჭედლიშვილი შეეცდება.

უზბეკეთის ოფიციალური წყაროები მომხდარში ისლამისტურ დაჯგუფებას "ჰეზ ბუთ თაჰრირს" ადანაშაულებენ. რადიკალების მიზანი, ამ წყაროების მიხედვით, ცენტრალურ აზიაში ხალიფატის შექმნაა. ოფიციალური ვერსიით, აღნიშნული მიზნის ხორცშესხმისათვის ისინი სარგებლობენ ისლამისტი ესტრემისტების მხარდაჭერით, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე უცხოეთიდან.

უზბეკეთის გენერალური პროკურორის განცხადებით, გასული დღეების ძალადობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 30 ადამიანია დაკავებული.

მაგრამ იმის გამო, რომ მომხდარისთვის პასუხისმგებლობა არავის აუღია და ოფიციალური წყაროებიც არასაკმარის ინფორმაციას ავრცელებენ, ექსპერტები დესტაბილიზაციის ორგანიზატორთა შესახებ ჯერაც ვარაუდებით საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანია სვანტე კორნელი, რომელიც შვედეთის უპსალას უნივერსიტეტში ცენტრალური აზიის საკითხებს სწავლობს.

[კორნელის ხმა] " ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, ძალადობის უკან დგას მთავრობის ყველაზე გავლენიანი შეიარაღებული ოპოზიცია, ანუ ისლამისტი ექსტრემისტები. ეს შეიძლება იყოს უზბეკეთის ისლამისტური მოძრაობა, რომელსაც შეიარაღებული წინააღმდეგობის გამოცდილება აქვს. მოვლენები შეიძლება იყოს დაკავშირებული "ალყაიდის" საერთაშორისო ტერორისტული ქსელთანაც, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავს უზბეკეთის ისლამისტურ მოძრაობას, რადგან ეს უკანასკნელი მჭიდრო კავშირში იყო "ალყაიდასთან". და ბოლოს მესამე ვერსიით, ეს შეიძლება იყოს "ჰეზ ბუთ თაჰრირის" ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს, მართალია, მშვიდობიანს უწოდებს, მაგრამ ცენტრალურ აზიაში ისეთი შეკავშირებული ვერ არის, როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილებში."

"ჰეზ ბუთ თაჰრირის" ძალადობრივი მოღვაწეობის შესახებ არაფერია ცნობილი. მიმომხილველები ამბობენ, რომ ჯგუფის ლიტერატურა არ აღიარებს შეიარაღებულ ძალადობას, გარდა ისეთი შემთხვევებისა, სადაც მაჰმადიანები მსხვერპლნი არიან. მაგალითად ომები ჩეჩნეთში, ქაშმირში. მაგრამ რაც შეეხება ხალიფატის შექმნის მთავარ მიზანს, ჯგუფის წევრები ამ მიზნის მიღწევას ძალადობის გზით კატეგორიულად გამორიცხავენ.

"ჰეზ ბუთ თაჰრირის" შტაბ-ბინა დასავლეთ ევროპაშია. ანტი-სემიტური და ანტი-ისრაელური პროპაგანდის გავრცელების გამო იგი გერმანიაში აკრძალულ იქნა. მიუხედავად იმისა, რომ " ჰეზ ბუთ თაჰრირი" უზბეკეთში არავის აუკრძალავს, ჯგუფი არარეგისტრირებულია და არალეგალურად, შესაბამისად საიდუმლოდ მოქმედებს.

როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ამ ჯგუფის შეიარაღებულ გამოსვლებში დადანაშაულება რელიგიური თავისუფლების შეზღუდვით ცნობილ პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვს აძლევს ხელს.

სწორედ ამასვე აღნიშნავდა "ჰიუმან რაიტს უოჩის" ახალი ანგარიშიც, რომელიც 30 მარტს გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ, განსხვავებული რწმენის გამო, ათასობით მაჰმადიანი დააპატიმრა და აწამა. მათ შორის "ჰეზ ბუთ თაჰრირის" წევრებიც.

ანალიტიკოსები "ჰეზ ბუთ თაჰრირის" ზოგიერთი წევრის რადიკალიზაციას არ გამორიცხავენ. მაგრამ ისინიც კი სკეპტიკურად უყურებენ მთავრობის ბრალდებებს, "ჰეზ ბუთ თაჰრირსა" და უზბეკეთის ისლამისტურ მოძრაობას შორის შესაძლო კავშირების შესახებ.

უზბეკეთის ისლამისტური მოძრაობა ქარიმოვის მთავრობის ჩამოგდების მიზნით შეიქმნა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მას ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს. ჯგუფმა, რომელსაც 1999 წელს ტაშკენტში განხორციელებილი აფეთქებების სერიას მიაწერენ, ავღანეთში საკუთარი საწვრთნელი ბანაკებიც კი შექმნა. ავღანეთში ამერიკული კოალიციის მიერ წარმოებულ ომში უზბეკმა ისლამისტებმა დიდი სამხედრო ძალა დაკარგეს. ამის მიუხედავად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უზბეკეთში ამ დღეებში განხორციელებული სისხლიანი შეტაკებები, შესაძლოა, სწორედ ამ ძალის მიერ ყოფილიყო პროვოცირებული.

უზბეკეთი ავღანეთში ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე იყო. აქედან მოდის ვარაუდი იმის თაობაზეც, რომ აფეთქებები შესაძლოა სწორედ აღნიშნულ თანამშრომლობაზე პასუხიც იყოს. მაგრამ ვინაიდან შეტევების სამიზნე უმეტესად პოლიცია იყო და არა არმია, პრეზიდენტის ოფისი ან სახელმწიფო ინსტიტუტები, ანალიტიკოსებისათვის ეს აქცენტი არააქტუალური ხდება. თუმცა აქვე თავს იჩენს მეორე ალბათობაც-პოლიციელებს იქნებ კორუფციისა და სისასტიკის გამო გაუსწორდნენ.

მოკლედ ვერსია ბევრია, პასუხი კი ცოტა. დაბნეულობას იწვევს ის ფაქტიც, რომ უზბეკეთის მთავრობა განმარტებების ნაცვლად, დუმს. გასულ ღამეს მაგალითად, სახელმწიფო ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების მთავარი თემა სამდღიანი სისხლიანი შეტაკებების ნაცვლად, ქარიმოვისა და ლიტვის ყოფილი პრეზიდენტის ვალდას ადამკუსის შეხვედრა იყო.
XS
SM
MD
LG