Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდულ პროგრამაში დღეს შეხვდებით თბილისის


წამყვანი: ეკა წამალაშვილი, დავით პაიჭაძე ახალგაზრდულ პროგრამაში დღეს შეხვდებით თბილისის

"მართვის ევროპული სკოლის" სტუდენტებს - მოგეხსენებათ, ეს არის ერთ-ერთი წარმატებული უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში. ეკა წამალაშვილი კი ამ სასწავლებლის სტუდენტთა წარმატებაზე მოგითხრობთ. შემდეგ კი ვისაუბრებთ პრობლემაზე, რომელმაც ახლახან იჩინა თავი - როგორ უნდა დადგინდეს ის სახელმძღვანელოები, რომლითაც საშუალო სკოლის მოსწავლეებს მოუწევთ სწავლა საქართველოში. შემოგთავაზებთ, გაარკვიოთ, უპირისპირდება თუ არა ერთმანეთს განათლების სამინისტროსა და გამომცემელთა თვალსაზრისები და რამდენად შეიძლება ამით დაზარალდნენ საშუალო სკოლის აღსაზრდელები. ჯერ სიტყვას ჩემს კოლეგას ეკა წამალაშვილს ვუთმობ. მისმა რესპონდენტებმა ამას წინათ გლობალურ ქსელურ მარკეტინგულ თამაშში გაიმარჯვეს.

ეკა წამალაშვილი:

ინტერნეტულ მარკეტინგულ თამაშში გამარჯვებულ გუნდს "მართვის ევროპული სკოლის" სტუდენტები - ირაკლი გოგია, ვიქტორ გალუსტიანი და კოტე მაჭავარიანი წარმოადგენენ. სამივე მათგანი ბიზნესის ადმინისტრირებას ეუფლება. ირაკლი, ვიქტორი და კოტე უკვე მეოთხე კურსის სტუდენტები არიან და სწავლას - "მართვის ევროპული სკოლის" მკაცრ მოთხოვნებს - სამსახურს უთავსებენ. სამივე წარმატებულ კომპანიაში მუშაობს. დასაქმებაში მათ საკუთარმა სასწავლებელმა შეუწყო ხელი, კერძოდ, სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლების მიერ იქ ჩატარებულ ტესტირებებსა და გასაუბრებებში მონაწილეობამ, რაც თანამშრომელთა შერჩევის მიზანს ატარებდა. მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარს - ინტერნეტულ მარკეტინგულ თამაშს. რა იყო ის და რატომ დაინტერესდნენ მისით სტუდენტები?

ჩვენს შეკითხვას, რატომ ჰქვია ინტერნეტულ მარკეტინგულ თამაშს მაინცდამაინც თამაში და არა კონკურსი, ვიქტორ გალუსტიანი უპასუხებს:

[ვიქტორ გალუსტიანის ხმა] "თამაში იმიტომ, რომ რეალური არაფერი არ არის. თამაშობ, შედეგი კი ის არის, რომ სახელს გაითქვამ, მეტი არაფერი არ იქნება. ლავირებ, თამაშობ, ერთი ნაბიჯი წინ წაგწევს, მეორე სახელს გაგიტეხს. "

ასეთი თამაშის შესახებ ინფორმაცია "მართვის ევროპული სკოლის" სტუდენტებს მათმა პედაგოგმა ზურაბ ლილუაშვილმა მიაწოდა. თამაშში ჩართვის სურვილი მრავალმა სტუდენტმა გამოთქვა, ისინი 10 გუნდად დაიყვნენ და დაიწყეს თამაში, რამაც რამდენიმე თვეს გასტანა. ერთ-ერთ გუნდს, როგორც უკვე ვთქვით, კოტე მაჭავარიანი, ირაკლი გოგია და ვიქტორ გალუსტიანი წარმოადგენდნენ. თამაშის პრინციპით, მათ შექმნეს ვირტუალური კომპანია. კოტე მისი წარმოების მენეჯერი იყო, ვიქტორი - გაყიდვების, ირაკლი კი - ფინანსური მენეჯერი. მარკეტინგული თამაშის გამოცდილება სტუდენტებს ჰქონდათ, რადგან "მართვის ევროპული სკოლის" შიგნით ასეთ თამაშები ეწყობოდა. ახლა წინ უფრო ფართო ასპარეზი გადაიშალა. როგორც ვიქტორ გალუსტიანი ამბობს, მათ პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს პირისპირ უნდა ეთამაშათ და ვირტუალური განსხვავებულად მოაზროვნისთვის დაემტკიცებინათ რამდენად წარმატებული იქნებოდა მათი ასევე ვირტუალური კომპანია. თამაშის პრინციპებზე საუბარს კოტე მაჭავარიანი დაიწყებს:

[კოტე მაჭავარიანის ხმა] "პრინციპი იყო ასეთი: აარსებდი კომპანიას; გადაწვეტილებები მიიღებოდა ფინანსური, მარკეტინგული კუთხით. რადგან მარკეტინგული თამაში იყო, მარკეტინგს მეტი ყურადღება ეთმობოდა. კომპანია აწარმოებდა პროცესორებს კომპიუტერებისთვის.

შეკითხვა: "რა ერქვა თქვენს კომპანიას?"

[ვიქტორ გალუსტიანის ხმა] " ერქვა "მიკრო-პრო". დიდი ხანი ვიფიქრეთ, რა დაგვერქვა, რადგან სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთად შევარჩიეთ ეს სახელი. მიკრო იყო მიკროპროცესორი, რაც გამოდგებოდა "ნოუთ ბუქში" . "პროს" ჰქონდა ორი დატვირთვა: პროფესიული და პროცესორი. "

შეკითხვა: "ირაკლი, შენ იყავი ამ ვირტუალური კომპანიის ფინანსური მენეჯერი. როგორ დაიწყო და რა მაქსიმალურ წარმატებას მიაღწია თქვენმა კომპანიამ? "

[ირაკლი გოგიას ხმა] "დაიწყო ნულიდან და ნელ-ნელა ვითარდებოდა. თუ თამაშის დასაწყისში გაყიდვები გვქონდა 15000, თამაშის ბოლოს 3 მილიონზე ავედით."(სტილი დაცულია)

როგორც ვხედავთ, ვირტუალური კომპანიის წარმატება სერიოზული აღმოჩნდა.
მისი მმართველები ვირტუალური ბაზრისა და ვირტუალური დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით მოქმედებდნენ. კომპანიის წარმატებისთვის მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას გლობალურ ქსელში კვირაში ერთხელ ათავსებდნენ და, ბოლოს, მოგებულებიც აღმოჩნდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი ვირტუალურ სამყაროში მოხდა. ბიზნესის ადმინისტრირების მომავალმა სპეციალისტებმა იციან, რომ რეალურ სამყაროში ბიზნესის დაწყება არ იქნება ისეთი იოლი, როგორც ვირტუალურ სამყაროში, თამაშში იყო. მით უმეტეს, საქართველოში, სადაც, ირაკლი გოგიას აზრით, ბიზნესის განვითარებას, პირველ რიგში, სახელმწიფო ფაქტორები აბრკოლებს:

[ირაკლი გოგიას ხმა] "პირველ რიგში, სახელმწიფო ფაქტორებია გასათვალისწინებელი. რეალურად შენ შეიძლება იმავე მდგომარეობაში არ აღმოჩნდე, როგორც სხვა კომპანიები იმავე ბიზნესში. მეორე ფაქტორია ის, რომ მოულოდნელობებით არის სავსე ბიზნესის სამყარო. ჩვენი მიზანია ამ პრობლემებს და ამ მოულოდნელობებს გავუმკლავდეთ, თუკი დავიწყებთ ჩვენს ბიზნესს." "

დავით პაიჭაძე:

ვაგრძელებთ ახალგაზრდულ პროგრამას. ახლა განათლების სისტემის ზოგიერთ პრობლემაზე ვისაუბრებთ.




სახელმწიფო პოლიტიკაში თამაშის წესები შეიცვალა და, ბუნებრივია, ეს ეხება განათლების სისტემასაც. წესების შეცვლას დღევანდელი ხელისუფლება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების ოპოზიციაში ყოფნის დროს ცდილობდა: მაგალითად, თბილისის საკრებულო შეეცადა, დედაქალაქის სკოლებში თვითმმართველობა განევითარებინა და მშობელთა და მასწავლებელთა ერთობლივი სამეურვეო საბჭოები აემოქმედებინა. დღეს ეს მცდელობა განათლების სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებად იქცა. მაგრამ დღეს ჩვენ სხვა საკითხებზე ვილაპარაკებთ - ესაა სასკოლო სახელმძღვანელოები. განათლების პოლიტიკის სიახლე ამ სფეროშიც იჩენს თავს.

ბოლო ხუთი-ექვსი წელია, სახელმძღვანელოთა შერჩევა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლისთვის ასე ხდებოდა: განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" აფინანსებდა ექსპერტთა საბჭოებს, რომლებიც სხვადასხვა საგანში კონკურსის წესით წარმოდგენილ რამდენიმე სახელმძღვანელოს იხილავდა. პირველ-მეორე ადგილზე გასული პროექტები გამარჯვებულად ცხადდებოდა და განათლების სამინისტროს გრიფიც ენიჭებოდა. დანარჩენი წიგნები დაწუნებულად ითვლებოდა და, წესით, საშუალო განათლების სისტემაში არ უნდა მოხვედრილიყო. თუმცა ამ წესს განუხრელად არ უმუშავია: მაგალითად, კარლო ხვითარიას დაწერილმა ფიზიკის სახელმძღვანელომ კონკურსში ბოლო, მეექვსე ადგილი დაიკავა, მაგრამ, განათლების ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილის ვლადიმერ სანაძის ძალისხმევით, მაინც შეიტანეს სკოლებში. ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ გაწეულ მუშაობას გამომცემლობა "ინტელექტის" ხელმძღვანელი კახა კუდავა დადებითად აფასებს:

[კუდავას ხმა] "პირველი ეტაპი, სოროსის ფონდის ხელშეწყობით, დამთავრდა ბრწყინვალედ. განდევნილია საბჭოთა სახელმძღვანელოები და ავტორები. შეიქმნა ალტერნატიული სახელმძღვანელოები. მაღალია გამოცემის ხარისხი. გაიზარდნენ ავტორებიცა და გამომცემლებიც. თამაზ კვაჭანტირაძე რომ იყო განათლების მინისტრი, სამინისტროსთან 3 გამომცემლობა თანამშრომლობდა. ახლა 29 თუ 30 გამომცემლობა თანამშრომლობს."

დღეს განათლების სამინისტრო აპირებს, სახელმძღვანელოების არჩევა მასწავლებლებს დააკისროს მას შემდეგ, რაც ესა თუ ის წიგნი სამინისტროს გრიფს მიიღებს. კაცმა რომ თქვას, აქამდეც ასე იყო - წიგნს, საბოლოო ჯამში, მასწავლებელი ირჩევდა. უბრალოდ, თუ აქამდე მასწავლებელს ჰქონდა ალტერნატივა, ანუ არჩევანი, ორ სახელმძღვანელოს შორის, ახლა არჩევანი საგრძნობლად გაფართოვდება.

[კუდავას ხმა] "ახლა მასწავლებელს შენ აძლევ, ვთქვათ, 10 სახელმძღვანელოს ასარჩევად. მასწავლებელს აქვს საშუალება, რომ ათივე დაამუშაოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი წიგნი სჯობს? არც დრო აქვს, არც საშუალება და არც ეკონომიკური მდგომარეობა უწყობს ხელს - ეს 10 სახელმძღვანელო რომ შეიძინოს ერთ საგანში, 50 ლარი მაინც სჭირდება."

გარდა ამისა, ამბობს კახა კუდავა, სახელმძღვანელოები განსხვავებული პრინციპებითა და მეთოდიკით არის დაწერილი და ამაში სრულფასოვნად ჩასაწვდომად მასწავლებელს, საეჭვოა, დრო დარჩეს. ესეც არ იყოს, კახა კუდავას თქმით, ხშირად სუსტი სახელმძღვანელოები, ამავე დროს, უხარისხოდაც გამოიცემა. შესაბამისად, უფრო იაფია და არის ალბათობა, რომ სწორედ სიიაფის გამო ის ამჯობინონ შედარებით ძვირ, მაგრამ კვალიფიციურად დაწერილ სახელმძღვანელოებს.

სხვა აზრისაა განათლების მინისტრის მრჩეველი გიგი თევზაძე. ის ირწმუნება, რომ მთავარია სასწავლო გეგმა, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს სახელმძღვანელო:

[თევზაძის ხმა] "სახელმძღვანელო პრინციპულად ძალიან უხარისხო ვეღარ იქნება ახალი სასწავლო გეგმის შემდეგ. შეიძლება იყოს კარგი და ამ კარგზე უარესი. ახალი სასწავლო გეგმის შემოღების შემდეგ ექსპერტები სახელმძღვანელოებს გადახედავენ, ფაქტობრივი შეცდომების მიხედვით შეამოწმებენ და ასევე შეამოწმებენ, რამდენად შეესაბამება ახალ სასწავლო გეგმას და სახელმძღვანელოს კრიტერიუმებს. ორივე მათგანი მალე იარსებებს. დანარჩენი არის გამომცემლობისა და სკოლის საქმე. გამომცემლობებმა უნდა იმუშაონ ძალიან აქტიურად, რათა თავიანთი სახელმძღვანელოები გაავრცელონ სკოლებში."

გიგი თევზაძის აზრით, მასწავლებელს მეტად უნდა ვენდოთ, სხვათა შორის, სახელმძღვანელოს შერჩევაშიც.უნდა ითქვას, რომ რასაც განათლების მინისტრის მრჩეველი ამბობს, ის უცხო არ არის ბევრი გამომცემლისათვის. იმავე გამომცემლობა "ინტელექტის" ხელმძღვანელები და მათი ავტორები საქართველოს სხვადასხვა მხარეში შეხვედრიან სკოლის მასწავლებლებს, ერთად განუხილავთ სახელმძღვანელოები და დაურწმუნებიათ პედაგოგები, რომ ახალი სახელმძღვანელოს გამოყენება უმჯობესი იქნებოდა. თუ გამომცემლობა "ინტელექტის" ხელმძღვანელს კახა კუდავას აეჭვებს არჩევანის გაფართოება და კონკურენციის გამწვავება, უწინარესად იმიტომ, რომ შესაძლოა, უპირატესობა მიენიჭოს უფრო იაფ და მდარე პოლიგრაფიული ხარისხის სახელმძღვანელოებს, რაც გააუარესებს განათლების ხარისხსაც:

[კუდავას ხმა] "ყველა კონკურსში დამარცხებულები სჭარბობენ გამარჯვებულებს. განათლების სამინისტრო ითვალისწინებს ამ დამარცხებული ავტორებისა და გამომცემლების აზრს. დამარცხებულები ცდილობენ, შემოვიდნენ ბაზარზე. როგორ შეიძლება 5 წარდგენილი წიგნიდან მეხუთე ადგილზე გასული და პირველ ადგილზე გასული წიგნები ერთ სიბრტყეში მოვაქციოთ?"

კახა კუდავა დასძენს, რომ მისი გამომცემლობა მხოლოდ გამარჯვებულ სახელმძღვანელოებს არ გამოსცემდა. ურთიერთობა მას დაწუნებული პროექტების ავტორებთანაც აქვს და ამ პროექტების რეალიზების შემთხვევაში, ასე ვთქვათ, დამარცხებული სახელმძღვანელოების ბეჭდვაც შეუძლია.

განათლების ხარისხს რაც შეეხება, გიგი თევზაძის აზრით, დღეს რომ არის, იმაზე დაბალი ხარისხის განათლება ძნელად წარმოსადგენია. მეორეც, ის არ იზიარებს აზრს, რომ

[თევზაძის ხმა] "სახელმძღვანელო არის ყველაფერი განათლების პროცესში. პრინციპში, სახელმძღვანელო განათლების პროცესში არის სადღაც 20%. ძირითადია მასწავლებელი. თუ საგნის მასწავლებელი ცუდია, იმას სამინისტრომ გადასარევი სახელმძღვანელოც რომ შეტენოს, შედეგი მაინც არ იქნება, იმიტომ რომ სახელმძღვანელოთი, საბოლოო ჯამში, არავინ არ სწავლობს. ყველანი სწავლობენ მასწავლებლით. სახელმძღვანელო არ არის ცენტრალური ელემენტი განათლებაში. ასეთი არის სასწავლო გეგმა."(სტილი დაცულია)

გიგი თევზაძე ამბობს, რომ სასწავლო გეგმები უახლოეს მომავალში იქნება მზად და მათ მიხედვით ჩატარდება სახელმძღვანელოების ხელახალი ექსპერტიზა. ჩვენი საუბრის დასასრულს კი მან აღნიშნა, რომ 5, 6 და 10 სახელმძღვანელო ბაზარზე ვერ გაძლებს.

[თევზაძის ხმა] "გამოცდილება გვეუბნება, რომ თითო საგანში ორი სახელმძღვანელო დარჩება. ინგლისში, ავსტრალიასა და ამერიკაში რჩება ორი სახელმძღვანელო. რაც უნდა ბევრს მისცე ბაზარზე გასვლის უფლება, როგორც წესი, 2, მაქსიმუმ, 3 სახელმძღვანელო დარჩება."

თუ ასეა, მაშინ გამომცემლებსა და ავტორებს ინტენსიური, გამიზნული და გონივრული მუშაობა მოუწევთ სახელმძღვანელოთა მომავალ მომხმარებლებთან, ანუ მასწავლებლებთან და მშობლებთან. ახალი პრობლემები, ალბათ, ამ ურთიერთობებშიც იჩენს თავს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG