Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტისაომარი მოძრაობა აშშ-ში - რატომ აღარავინ გამოდის ქუჩაში?


ამერიკელ სტუდენტთა 60-იანი წლებისა და 70 - იანის დასაწყისის თაობა ათეული და ასეული ათასობით გადიოდა ქუჩაში და ხმამაღალ პროტესტს უცხადებდა ომს,

ვიეტნამში ამერიკის მთავრობის მაშინდელ წარუმატებელ ლაშქრობას. ერაყის ომის თაობაზე კამათობენ შეერთებულ შტატებში, იშვიათად არის ხოლმე გამოსვლებიც, მაგრამ მათი მასშტაბიც მცირეა და ხალხიც ყურადღებას არ იმეტებს. რა მოხდა? შეიცვალა ხალხი, შეიცვალა ომის და ხოცვის მიმართ დამოკიდებულება თუ ვიეტნამის ომს რაიმე განსაკუთრებული ნიშანი ჰქონდა? ჩვენი კორესპონდენტი ვაშინგტონში შეერთებული შტატების საზოგადოების ორ მკვლევარს გაესაუბრა ამ თემაზე.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ლუიზიანის შტატში უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ასე მიმართა: [ბუშის ხმა]
"ჩვენი ქვეყანა ემყარება საქმიან ხალხს, ვინც პატიოსნად წარმართავს საფინანსო აღრიცხვას, მოხელეებს, რომლებიც ფიცის ერთგულნი არიან, ჯარისკაცებს, რომლებიც მოვალეობას კომფორტზე მაღლა აყენებენ"...
ბუშის ამ გამოსვლას ტაში მოჰყვა. ასეთივე სიტყვა 35 წლის წინ პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს რომ წარმოეთქვა, ვიეტნამში ომის მოწინააღმდეგე სტუდენტები მას სტვენით გაისტუმრებდნენ. დღეს აშშ-ში მოსახლეობა ერაყის ომის თაობაზე გახლეჩილია. გამოკითხვა ადასტურებს, რომ ომის მოწინააღმდეგეები საკმაოდ მძაფრად აკრიტიკებენ ამ პოლიტიკას, მაგრამ ქუჩაში მასობრივი გამოსვლა არ ხდება. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი - 10 წლის წინანდელი - წევრი ბილ ფრენცელი ამის რამდენიმე სრულიად მარტივ მიზეზს ასახელებს: მისი აზრით, ერაყის ომი არც ისე ხანგრძლივი და არც ისე სისხლიანია, როგორც ვიეტნამისა იყო; ამასთან, აღარ არსებობს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ფრენცელი შეგვახსენებს, რომ ვიეტნამში ომი 1954- დან 1975 წლამდე გრძელდებოდა და აშშ მასში 1960-დან იყო აქტიურად ჩაბმული. ვიეტნამში დაიხოცა 58 ათასი ამერიკელი სამხედრო, ტელევიზია გამუდმებით უჩვენებდა კუბოებით მათი ცხედრების ჩამოსვენების კადრებს. ამასთან, ამერიკის არმიაში სამსახური ნებაყოფლობითია, მაშინ როცა ვიეტნამში იხოცებოდნენ ახალგაზრდები, წვევამდელები, რომელთა მეგობრები სამშობლოში ანტისაომარ დემონსტრაციებს აწყობდნენ. დაბოლოს, ფრენცელის აზრით, ამერიკელებს ნაკლებად აღელვებთ ერაყის ომი იმიტომაც, რომ, სულ მცირე, ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი ჩამოგდებულ იქნა:[ფრენცელის ხმა]
"მე მგონია, რომ ხალხი დღეს ნაკლებად განიცდის, ვიდრე ვიეტნამის ომის დროს. დღეს ყველამ იცის, რომ ჰუსეინი არამზადაა. და მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენად მშვიდობისმოყვარული ხართ, უკვე ის გაკმაყოფილებთ, რომ ჰუსეინი წავიდა. და მე მგონია, ამანაც დააკნინა საპროტესტო მოძრაობა." ბილ ფრენცელმა ჩვენს კორესპონდენტს თავისი ის აზრიც გაუზიარა, რომ პაციფისტი ამერიკელები ვიეტნამის ომს მეტად ეწინააღმდეგებოდნენ, ვიდრე ერაყისას. მაგრამ ის არ გამორიცხავს, რომ თუკი ომი გაიჭიმა და ამერიკელთა შორის მსხვერპლი გაიზარდა, ვითარება შეიცვალოს. ფრენცელის ამ მოსაზრებებთან ერთად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერაყის ომს ახლდა, ასე ვთქვათ, წინასაომარი პროპაგანდა, რომელშიც ერაყიდან მომავალ საფრთხეზე იყო ლაპარაკი, იმაზე, რომ ამ ქვეყანას აქვს იარაღი, რომელიც ყველას ემუქრება. ცნობილია, რომ იარაღის არსებობა ვერ დადასტურდა, მაგრამ ბევრი ამერიკელი ამ წინასაომარი შიშის გამოც შეიძლება ვერ იღებდეს ხმას. სხვა ამერიკელი ექსპერტი, ლეო რიბაფო, რომელიც ამერიკის ისტორიას ასწავლის და იკვლევს ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ომის ხანმოკლეობას მიიჩნევს ასევე მიზეზად იმისა, რომ პროტესტი ჯერ ისე ხმამაღალი არ არის. ის იხსენებს ვიეტნამის ომის პერიოდს და ადასტურებს, რომ მხოლოდ 1967-ში, ანუ ომში ამერიკელების აქტიური ჩართვიდან მე-7 წელს, დაიწყო აქტიური პროტესტის ხანა. მაგრამ რიბაფო სხვა მოსაზრებასაც გვიზიარებს. მისი დაკვირვებით, უკმაყოფილება ომით დღესაც მზარდია, მაგრამ გამოხატვის ფორმაა სხვა: [რიბაფოს ხმა]
"ანტისაომარი გრძნობები საარჩევნო პოლიტიკის დინებას ერთვის. ისინი, ვინც მგონია, რომ ქუჩაში გავიდოდა და ადრე გადიოდა კიდეც, ახლა ფულს სწირავს კერის საარჩევნო კამპანიას". შეგახსენებთ, რომ სენატორი ჯონ კერი ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია, რომელმაც ადვილად მიაღწია პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატობას. ის ჯორჯ ბუშის კონკურენტი იქნება 2 ნოემბრის არჩევნებში. ლეო რიბაფოს თავისი მოსაზრება აქვს სტუდენტებზეც: ის ამბობს, რომ 60-იან და 70 - იან წლებში სტუდენტებს მეტი პოლიტიკური მოტივაცია ჰქონდათ, მეტი ინტერესები; ახლანდელი ახალგაზრდები, მისი დაკვირვებით, მეტად მატერიალისტები არიან და მსოფლიოს ამბები ნაკლებად აინტერესებთ. მაგრამ რიბაფოს მაინც მიაჩნია, რომ ვიეტნამის ომის მიმართ პროტესტი არ იყო ტიპიური შემთხვევა იმიტომაც, რომ ეს იყო პერიოდი, როცა მოსახლეობაში ერთობ იმატა ახალგაზრდობის - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შვილების ბუმის შედეგად გაჩენილების - რიცხვმა.
ორივე ექსპერტი ვერ უარყოფს მოლოდინს, რომ თუკი ერაყის ომი დროზე არ დასრულდა და ხოცვა გაგრძელდა, პროტესტის ტალღა დღესაც აგორდება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG