Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპორტირებულ მესხებს თავშესაფარს აშშ-ის მთავრობა აძლევს


მიმდინარე კვირას რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კრასნოდარის მხარეში

მცხოვრები დეპორტირებული მესხების პირველი ჯგუფი, 11 ადამიანის შემადგენლობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, თვის ბოლომდე ოკეანის გაღმა კიდევ 49 ადამიანის გამგზავრება იგეგმება. სულ, როგორც ირკვევა, კრასნოდარის მხარეში რეგისტრირებული 12 ათასი დეპორტირებული მესხიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურ ცხოვრებას 5 ათასი ადამიანი ითხოვს. რა პირობებში ცხოვრობენ დეპორტირებული მესხები კრასნოდარის მხარეში და რატომ მიემგზავრებიან ისინი, მშობლიური საქართველოს ნაცვლად, ამერიკის შეერთებულ შტატებში?

დეპორტირებული მესხები, რომლებიც კრასნოდარის მხარეში გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს ჩასახლდნენ, უზბეკეთში მათი მასიური დარბევების შემდეგ, ძირითადად, ყირიმის, აბინის, აფშერონის რაიონებსა და ქალაქ ბელორეჩინსკში ცხოვრობენ. 12 ათასი ლტოლვილიდან რუსეთის მოქალაქეობის მიღება მხოლოდ 5 ათასმა შეძლო. ნაწილმა არ ისურვა, ნაწილს კი მოქალაქეობაზე უარი უთხრეს. საერთაშორისო ორგანიზაციები დეპორტირებული მესხების უფლებების ხშირ და უხეშ დარღვევებზე ამახვილებენ ყურადღებას. თბილისში მცხოვრები რეპატრირებული მესხი მარატ ბარათაშვილი თანამემამულეთა მდგომარეობას ამგვარად აღწერს:

[მარატ ბარათაშვილის ხმა] “სკოლაში ჯერ დისკრიმინაციაა: რუსები ცალკე სწავლობენ, ჩვენები - ცალკე. ბავშვებს დაბადების მოწმობა არა აქვთ, იმიტომ რომ რეგისტრაციაში არ ატარებენ. მესხების მანქანებს სპეციალური კოდიფიკაცია აქვს, რომ ინსპექტორებმა იცოდნენ, ვინ ზის საჭესთან, - დამღასავით არის. ნებართვას არ აძლევენ, რომ ბაზრობაზე ივაჭრონ.”

ცხადია, დეპორტირებული მესხების უმეტესობას ამგვარ პირობებში ცხოვრებას სხვა ქვეყნებში გამგზავრება ურჩევნია. სხვა ქვეყნებში, ცხადია, საქართველოც იგულისხმება, თუმცა ისტორიულ სამშობლოში მათი დაბრუნება, ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა. საქმე ის არის, რომ რეპატრიაციის შესახებ კანონის მიღების ძველი ვადები დაირღვა, ახალ ვადებთან დაკავშირებით კი ევროსაბჭო და საქართველოს ხელისუფლება ჯერ არ შეთანხმებულან.

[ელენე თევდორაძის ხმა] “ჩვენთვის მისაღები იქნება, თუ ჩვენ კანონს მივიღებთ სადღაც 2006 წლის განმავლობაში, მაგრამ აღსრულება უნდა დაიწყოს 2009 წლიდან ათი წლის განმავლობაში, 2020 წლამდე.”

პარლამენტის წევრის ელენე თევდორაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტში სხდომა 17 სექტემბერს გაიმართება. თუმცა, გარდა საკანონმდებლო ვაკუუმისა, დეპორტირებული მესხების სამშობლოში დაბრუნებას საკითხისადმი საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულებაც აფერხებს.

[მამაკაცის ხმა] “ბევრი მართლა ქართული წარმოშობის არის,მაგრამ ბევრი თურქი არის. გულში რა აქვთ, რას გაიგებ. კომპაქტურად რომ დაასახლო, რა მოხდება მერე... - ცოტა ცხელი წერტილები გვაქვს?”

[ქალბატონის ხმა] “ნამდვილად არა მაქვს სურვილი, რომ ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ, როდესაც პრობლემები წარმიშვება, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები წამოყოფენ ხოლმე თავს. აფხაზეთი გავიხსენოთ, სამაჩაბლო... არაფერში ვარ დარწმუნებული.”

კიდევ უფრო რადიკალურად არიან განწყობილნი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მცხოვრები ადამიანები. არადა, ახალციხის რაიონში სულ რეპატრირებულთა ათამდე ოჯახი ცხოვრობს.

[თამარ სამსონიძის ხმა] “დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხერხდება, იმიტომ რომ ჩვენთან შვიდი თუ ათი ოჯახი რომ არის შემოსული... დუშმანები არ ვართ, ვიღაცეებს სახლები რომ გადავუწვათ და არც არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს - ცხოვრობენ და იცხოვრონ, მაგრამ მეტის შემოყვანა ხელისუფლებას ჩვენთან ძალიან გაუჭირდება.”




ეს იყო საზოგადეობა “მესხეთის” თავმჯდომარე თამარ სამსონიძე, რომლის თქმითაც, რეპატრიაციის პროცესის დაწყებას მესხეთის მოსახლეობა ეწინააღმდეგება. საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება კარგად არის ნაცნობი წლების წინ რეპატრირებული მამუკა ხუციშვილისთვის. საქართველოში ცხოვრების პირველ დღეებს იგი ასე იხსენებს:

[მამუკა ხუციშვილის ხმა] “ყველანაირ აგრესიას ჰქონდა ადგილი. სახლის დაწვასაც ცდილობდნენ, ქვებით სახურავიც კი დაამტვრიეს, მაგრამ მესმოდა, რაშიც იყო პრობლემა: მოთმინებით უნდა მიმეღწია კეთილგანწყობისათვის.”

მამუკა ხუციშვილმა სანუკვარი ოცნება აისრულა და შვილები წინაპართა მიწაზე დააბრუნა. მას დღეს მეზობლებთან ურთიერთობის პრობლემაც აღარა აქვს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაციის, “ტოლერანტობის”, თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ მამუკასნაირი ადამიანები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ, არ უნდა დაკარგოს:

[ცირა მესხიშვილის ხმა] “არც ერთი თურქი არ იტყვის, მე ვარ ქართველი და მინდა დაბრუნებაო, დამიჯერეთ. ნებისმიერი თურქი სახრჩობელაზე რომ მიიყვანოთ, არ იტყვის, მე ვარ ქართველიო. ეს ადამიანი რომ ამბობს, მე ვარ ქართველი და მინდა ჩემი ტრადიციებისა და ენის დაბრუნებაო, ის არის ქართველი და, მართალია, ასეთები არ არიან ბევრნი, მაგრამ ვინც არის, იმათი დაკარგვა ნამდვილად არ შეიძლება.”(სტილი დაცულია)
დაბოლოს: რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, დღეისათვის არავინ იცის, თუ რამდენი დეპორტირებული მესხი ითხოვს საქართველოში დაბრუნებას. ამასთან დაკავშირებით ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არც საქართველოს ხელისუფლებაში აქვთ და არც ევროსაბჭოში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG